21
Dec
2018

თბილისში 24 საათიანი საერთო სამუშაო სივრცე გაიხსნა, „სადაც იცხოვრებენ, იმუშავებენ და გაერთობიან“

21 Dec 2018

თბილისში ახალი საერთო სამუშაო სივრცე მრავალფუნქციურ კომპლექს King David-ში, 21 დეკემბერს გაიხსნა. კომპანიაში ამბობენ, რომ სხვადასხვა პროფესიისა და ინტერესის მქონე ადამიანის ერთ სივრცეში მოქცევა სასარგებლო მოვლენა იქნება სხვადასხვა მიმართულების განვითარებისთვის. საერთო სამუშაო სივრცის, ანუ ქოვორქინგ ტიპის სივრცეების პრაქტიკა გავრცელებულია მსოფლიოში და საქართველოშიც, რამდენიმე ასეთ ადგილს შეხვდებით. King David-ში არსებული სივრცე KD4US განკუთვნილია მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, ან უბრალოდ, ფრილანსერებისთვის, რომლებიც სამუშაო სივრცისგან გართობის, ურთიერთობისა და პროდუქტიული მუშაობის შეთავსებას ელიან.

„KD4US აძლიერებს ანტერპრენერების სულს, ზრდის საქმიანი ადამიანის მოტივაციასა და სურვილს, გაიღრმავოს ცოდნა. მხარს უჭერს სიახლეებს, აკავშირებს საინტერესო ადამიანებსა და კომპანიებს. სივრცე მოიცავს 110-მდე ინდივიდუალურ სამუშაო ადგილს, ბოქს ოფისებს, შეხვედრების ოთახებს, საკონფერენციო დარბაზებს, გასართობ-მოსასვენებელ ზონას თვითმომსახურების სამზარეულოთი“, – გვითხრეს King David-ში ვიზიტისას.

ქოვორქინგ სივრცე KD4US მცირე კომპანიებს 24 დეკემბრიდან დაეთმობა. მიუხედავად იმისა, რომ სივრცე ერთიანია, მას ოთხ განსხვავებულ ზონად ყოფს დიზაინი, უფრო კონკრეტულად კი, ოთხი ფერი ინტერიერში. რა სიახლეებსა და პირობებს სთავაზობს სივრცე დაინტერესებულ კომპანიაბსა თუ ადამიანებს – ამ საკითხზე King David-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორს, ქეთი ადეიშვილს ვესაუბრეთ:

M: როგორ გადაწყდა King David-ში მცირე ბიზნესისთვის მოსახერხებელი საერთო სამუშაო სივრცის მოწყობა?
დავიწყებ იმით, რომ King David მრავალფუნქციური კომპლექსია, რომელიც ბევრ მიმართულებას აერთიანებს. ეს არის საცხოვრებელი, A კლასის ბიზნეს ცენტრი, კვების ობიექტები, გასართობი ზონა და გამაჯანსარებელი ზონა, რომელსაც ერთ წელიწადში დავასრულებთ. გვაქვს საოფისე ფართები A კლასის ბიზნეს ცენტრში, რომელიც ყველანაირ საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს და განკუთვნილია დიდი კომპანიებისთვის, საერთაშორისო, მსხვილი ინვესტორებისთვის. ამ პირობებში, ყურადღების მიღმა დაგვრჩა მცირე ბიზნესები, კომპანიები, რომლებიც ახლა ვითარდებიან, ან თუნდაც, ფრილანსერები, რომლებიც არ არიან მსხვილ კომპანიებში წარმოდგენილი, თუმცა, მათ ყოველთვის სჭირდებათ კარგი საოფისე სივრცე, გარემო, სადაც კომფორტულად გააკეთებენ საქმეს, განავითარებენ უნარებს, დაამყარებენ ახალ კონტაქტებს. ეს არის ადგილი, სადაც იცხოვრებენ, იმუშავებენ და გაერთობიან. მსოფლიოში არის ქოვორქინგ სივრცეების ძალიან კარგი ტენდენცია, ქართულ ბაზარზეც უკვე არის რამდენიმე საინტერესო სივრცე თბილისში და გადავწყვიტეთ, რომ King David-ის მრავალფუნქციურობისთვის ეს მიმართულებაც მიგვემატებინა.

M: როგორც ამბობთ, ეს არის სივრცე ნებისმიერი მიმართულებისა და ინტერესის კომპანიისთვისა თუ ადამიანისთვის… თუმცა, ვისგან ელით თქვენი სივრცის გამოყენებით დაინტერესებას და ამასთან, გარდა საერთო სამუშაო სივრცისა, რა შესაძლებლობას სთავაზობს მათ თქვენი ინტერიერი?
ეს არის კარგი სივრცე ფრილანსერებისთვის, სტარტაპერებისთვის, ანტრეპრენერებისთვის, მცირე ჯგუფებისთვის, პატარა კომპანიებისთვის, რომლებიც შედგება 4-5 კაცისგან. ძირითადად, ვფიქრობ ეს არის სერვისული, კონსალტინგური კომპანიებისთვის საინტერესო ადგილი. „ქოვორქინგ სფეისი“ უნდა იყოს არაფორმალური ადგილი, ადგილი, სადაც განტვირთვაც შეგიძლია. ეს არის სივრცე, სადაც 24 საათი მუშაობენ, დღის ნებისმიერ მონაკვეთში. გვაქვს 110-მდე ინდივიდუალური სამუშაო ადგილი, გვაქვს ე.წ. ბოქს ოფისები, 4-5-6 კაციანი ჯგუფებისთვის, რომლებსაც გამოყოფილი სივრცე უნდათ სამუშაოდ. რაც შეეხება სხვა ზონებს, გვაქვს შეხვედრების ოთახი, სხვადასხვა ფორმატის შეხვედრებისთვის, გვაქვს მსხვილი შეხვედრებისთვის განკუთვნილი სივრცე „სქაი ჰოლში“, ეს არის საკონფერენციო დარბაზი, რომელიც 140 დელეგატს იტევს და ა.შ.

M: ბოლო დროს, თბილისში არაერთი საერთო სამუშაო სივრცე გაიხსნა. რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა მათთან შედარებით? 
შეგვიძლია ვისაუბროთ როგორც თვისებრივ, ასევე, რაოდენობრივ მახასიათებლებზე, მაგრამ მე ყოველთვის ვიწყებ ინფრასტრუქტურით. King David-ს იმდენად განვითარებული და მსხვილი ინფრასტრუქტურული ობიექტები აქვს, რომ არ გამოდის, ეს ბენეფიტად არ ჩავთვალოთ. გარდა იმისა, რომ გაქვთ თვითმომსახურების სამზარეულო, რომელიც განთავსებულია გასართობის ზონის გვერდით, გვაქვს იტალიური ტიპის რესტორანი, ბუფეტის ტიპის კაფეტერიაზე წვდომა და რა თქმა უნდა, საინტერესოა A კლასის ბიზნეს ცენტრთან ურთიერთობის შესაძლებლობა. იქ არიან მსხვილი ბიზნესები, რომლებიც შეიძლება გახდნენ თქვენი დამკვეთები, შემსრულებლები, პარტნიორები და ა.შ.

 

ყველა ვეძებთ ურთიერთობებს, ყველას გვინდა სამსახურის მიღმა გვქონდეს მეგობრული გარემო. ეს სივრცე იძლევა ამის საშუალებას. შეგვიძლია გავერთიანდეთ, გავერთოთ და ამავდროულად, ვიმუშაოთ. რადგან ყველა ბრენდის უკან დგას მთავარი ღირებულება – ადამიანი, ანუ თანამშრომელი, რომელიც კომპანიისთვის მუშაობს“.

განხილვა