in

ხედავს თუ არა რვაფეხა სიზმარს? – მეცნიერების ახალი კვლევა

მას მშვიდი და აქტიური ძილის ფაზები აქვს

ორი წლის წინ აშშ-ს საზოგადოებრივ მაუწყებელზე აჩვენეს დოკუმენტური ვიდეო, რვაფეხას შესახებ, სახელწოდებით ჰეიდი. მისი ქმედებები გაფიქრებინებდათ, რომ ჰეიდი აქტიურ სიზმრის ფაზაში იმყოფებოდა. რვაფეხას სხეული და ფერები გამუდმებით იცვლებოდა, თითქოს სიზმრის წარმოდგენაც კი შესაძლებელი იყო…

მართალია, ბევრი მეცნიერი ეთანხმებოდა ჰეიდის სიზმრის ფაზაში ყოფნას. თუმცა ეს მაინც რთული სათქმელი იყო, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ცოტა რამ ვიცით ცეფალოპოდური ტვინისა და ინტელექტის შესახებ.

ახალი კვლევა კი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჭეშმარიტებისკენ, რვაფეხას ორი მონაცვლე ძილის მდგომარეობის გაანალიზებით. როგორც ჩანს, ამ უხერხემლო ცხოველს თვალის სწრაფი მოძრაობის (REM) და ე. წ. “non-REM” ძილის მდგომარეობა აქვს. აქედან პირველი, ძუძუმწოვრებისა და ფრინველების შემთხვევაში, სწორედ სიზმრებთან ასოცირდება. “ეს რვაფეხას ძილის ანალიზის მნიშვნელოვანი გაფართოებაა” – ამბობს ჩიკაგოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, დენ მარგოლიაში.

როგორც ჩანს, ჰეიდის ვიდეოს ნახვის შემდეგ მრავალი მეცნიერი შეუდგა რვაფეხას ძილის ფენომენის კვლევას, როგორც ფსიქოლოგიურ და ნეირობიოლოგიურ შედარებას, ხერხემლიან ცხოველებთან. ინტერესს ამწვავებს ის ფაქტიც, რომ ზოგიერთი ის მახასიათებელი, რომელიც ხერხემლიანთა რამდენიმე სახეობას აქვს, რვაფეხასაც გააჩნია, თუმცა განსხვავებული სახით.  მართლაც, ცეფალოპოდის შემეცნებითი ქსელი ე. წ. “წილის” ნერვული სტრუქტურისგან შედგება – მათ შორის ვერტიკალური წილი გრძელვადიან მეხსიერებასთან და რთულ სწავლებასთან ასოცირდება. რვაფეხას ნეირონების დაახლოებით ორი მესამედი მკლავებში აქვს, რის შედეგადაც ნერვული სისტემა ნაწილდება და კიდურების მოძრაობა ტვინისგან დამოუკიდებლად ხდება.

ამასთან ერთად, რვაფეხა სუპერ ჭკვიანი არსებაა, რომელიც დახვეწილ ქცევებსა და პრობლემების გადაჭრის გზებს გამოხატავს. რვაფეხას შეუძლია, მტაცებლისგან თავის დასაღწევად, შეიცვალოს ფერი და ტექსტურა, რასაც ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების გზით აკეთებენ. “ამ ცხოველების ნერვული სისტემის გასაგებად ძალიან ბევრი რამის სწავლაა საჭირო, რადგან იმის გასარკვევად, თუ როგორ მუშაობს ზოგადად ნერვული სისტემა, სხვადასხვა მაგალითების შედარებაა აუცილებელი” – ამბობს ახალი ნაშრომის ერთ-ერთი ავტორი, სილვია მედეიროსი.

 

ორი განსხვავებული ძილის მდგომარეობის აღმოჩენა საინტერესოა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ადასტურებს, რომ რვაფეხას რაიმე ესიზმრება. ეს ასე რომც იყოს, ნაკლებად სავარაუდოა, რთულ, სიმბოლურ სიზმრებს ხედავდნენ. რა თქმა უნდა, ეს კვლევა სრული სურათის დასანახად საკმარისი არაა და როგორც ავტორები იმედოვნებენ, ნაშრომი სხვა გამოკვლევებსაც წაახალისებს.

შემდეგი კვლევები სავარაუდოდ, იმ საკითხებს შეეხება, თუ რამდენად ემსახურება რვაფეხას ძილი ფიზიოლოგიურ ფუნქციებს, როგორიცაა მეტაბოლური დეტოქსიკაცია და კოგნიტური დამუშავება. და რაც მთავარია, გუნდს სურს, გამოღვიძების ფაზაში რვაფეხას ელექტროფიზიოლოგიური მონაცემები ჩაიწერონ.

ლონდონში დაწყებული ამბავი, რომელმაც საქართველოში „ბრიტანული ცენტრის“ დაფუძნება განსაზღვრა

Facebook ციხიდან გამოსული ადამიანებისთვის განკუთვნილ აპლიკაციას ტესტავს