“უნივერსიტეტი იმიტომ მივატოვე, რომ ოცნებები ამეხდინა” – მხატვარი ხატია ჯავახაძე 22 წლის იყო, როდესაც საკუთარი საქმე წამოიწყო. ბავშვობიდან უნდოდა შეექმნა “რაღაც განსაკუთრებული, ისეთი, რაც ყველას აღაფრთოვანებდა”. ხელსაქმის ოსტატობა ფეისბუკ ონლაინ მაღაზიას დაუკავშირა და კარიკატურული თოჯინების დამზადება და გაყიდვა სახლიდან დაიწყო. “K’Dolls – კარიკატურული თოჯინების” გახსნიდან 2 წლის თავზე, პროდუქტის საერთაშორისო ონლაინ პლატფორმებით რეალიზებასაც ეუფლება და ამაყობს, რომ ამ საქმით საკუთარ ფინანსურ უზრუნველყოფასაც ახერხებს.
M: სანამ კარიკატურულ თოჯინებზე ვისაუბრებთ, გვიამბე მეტი შენ შესახებ… სად დაეუფლე სახვით ხელოვნებას?
ბაღის ასაკიდან ვხატავ, ბავშვობის ყველა ფოტოსურათში ფანქარი და ფურცელი მაქვს ხელში. ქუთაისში გავიზარდე. ბებოსთან ერთად, ხშირად ვიყავი თეკლას მონასტერში. მონასტერს ირგვლივ დიდი და ლამაზი ტყე ამშვენებდა და გარემო სავსე იყო ბუნების ფერებით, შინაური ცხოველებით, ცხენებით, ფუტკრის სკებით, ის სუნი ახლაც მახსოვს. ყოველთვის სხვა თვალით აღვიქვამდი ბუნებას, მის ფერებს. სწორედ ეს იყო პირველი შთაბეჭდილება 4-5 წლის ბავშვისთვის, რომელსაც გონებაში ჰქონდა ფირებად ჩატვირთული ბუნების პეიზაჟები, ეკლესიის გუმბათი, ცხოველები და ფრანივით ცაში გამოკიდებული აზრები. ტაძარში, უკან სკამზე ვჯდებოდი და ეკლესიას ვიხატავდი ფურცელზე.
დედაჩემმა რომ შენიშნა ჩემი განსაკუთრებული სიყვარული ხატვის მიმართ, გადაწყვიტა, რომ ხატვა უკეთ უნდა შემესწავლა. 7-8 წლის განმავლობაში ვსწავლობდი რეპეტიტორთან, ბევრი რამ მასწავლა, პროპორციის შეგრძნება, ფერთა გამა, დეტალებზე ორიენტირება, გონებაში წარმოდგენილის ფურცელზე გადმოტანა და სხვა. ახლა უკვე ჩემით ვახერხებ განვითარებას და დამოუკიდებლად შევისწავლი ხატვის სხვადასხვა ტექნიკას, ზეთით ფერწერას თუ მასტეხინით მუშაობას.
M: რატომ გადაწყვიტე უნივერსიტეტის მიტოვება?
უნივერსიტეტში ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩავაბარე. თექვსმეტი წლის ვიყავი. ვფიქრობ, ამ ასაკში რთულია გადაწყვიტო, ვინ უნდა იყო მთელი ცხოვრების მანძილზე და რას უნდა მიუძღვნა შენი თავი. ყოველთვის მაწუხებდა აზრი, რომ არ შემეძლო ოთხ კედელში გამეტარებინა სამუშაო დრო და ვყოფილიყავი ჩაკეტილი, სამყაროსგან მოწყვეტილი ადამიანი, ვინც ვერ ახერხებს იმ იდეების და პროექტების განხორციელებას, რაზეც ოცნებობს. ბავშვობიდან მინდოდა შემექმნა რაღაც განსაკუთრებული, ღირებული და ისეთი, რაც ყველას აღაფრთოვანებდა. ამიტომ დავტოვე უნივერსიტეტი და სახლიდან დავიწყე იდეების განხორციელება. დღესდღეობით, ბევრი პროფესია მაქვს, ისეთი, დიპლომით შეძენილი რომ არაა: ვხატავ, ვქსოვ, ვქარგავ, ვკერავ, ვძერწავ და ყველა ეს პროფესია მეხმარება ვიყო ის, ვინც ვარ. რაც მთავარია, ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იდეა წარმატებულია.
M: რას საქმიანობდი, სანამ თოჯინების შექმნას დაიწყებდი?
სანამ ჩემს ინტერნეტ მაღაზიას განვავითრებდი, ვცდილობდი პროექტებში მიმეღო მონაწილეობა მათ შორის, ერთ-ერთი დასამახსოვრებელი წითელქუდას კომედიური “რიმეიქის” თეატრალური წარმოდგენა იყო, რომელშიც კოსტუმების მხატვარ-დიზაინერი ვიყავი. ძალიან საინტერესო კოსტუმები დავამზადე. გამორჩეულ სახალისო ფერებსა და კომბინაციაში წარმოდგენილი. ღონისძიებამაც წარმატებულად ჩაიარა და დიდი აღფრთოვანებაც გამოიწვია მაყურებლისგან.
M: რატომ აირჩიე შენს პროდუქტად კარიკატურული თოჯინები?
კარიკატურული თოჯინების შექმნის იდეა ერთ-ერთმა მომხმარებელმა მომაწოდა, როდესაც მთხოვა, ფოტოსურათიდან იდენტური სამოსით შემეკერა ტექსტილის თოჯინა. როდესაც K’Dolls-ის ინტერნეტ გვერდზე განვათავსე, კარიკატურულმა თოჯინამ დიდი ყურადღება და მოწონება მოიპოვა, ამის შემდეგ ბევრმა ადამიანმა შემიკვეთა. შეკერვას ვერ ვასწრებდი, ისეთი სიჩქარით იზრდებოდა მოთხოვნა, ვინც თოჯინას უკვე მიიღებდა, გახარებული მწერდა, რომ მე შევძელი მისი ახლობელი ადამიანის დაბადების დღისთვის განსაკუთრებული საჩუქრის დამზადება. ასეთი მოწონება კი მაძლიერებდა და კიდევ უფრო დიდი სურვილით და მონდომებით ვამზადებდი თოჯინებს.
ყველა ადამიანი, ვინც შეკვეთას მაძლევს, ელოდება, რომ საუკეთესო თოჯინას მიიღებს, ამიტომ ყოველი თოჯინა არის ხანგრძლივი შრომის შედეგი. მიზანი იმისა, თუ რატომ ვამზადებ კარიკატურულ თოჯინებს, არის ის, რომ შემიძლია სხვა ადამიანებს დავეხმარო ორიგინალური საჩუქრის დამზადებაში, ხელი შევუწყო რომ მისი საყვარელი ადამიანები გაახაროს. კარიკატურული თოჯინა არამარტო ფოტოს ასლია, ის არის ერთადერთი თოჯინა, რომელიც მხოლოდ იმ ერთი ადამიანისთვის იქმნება. ყველაზე დამამახსოვრებელია თოჯინის პირველი ნახვის შთაბეჭდილება, როდესაც ადამიანი თოჯინაში საკუთარ თავს ამოიცნობს და ეს ბევრ ემოციას უყრის ერთად თავს: სიცილს, ღიმილს სიხარულს. ჩვენი თოჯინა არის განსაკუთრებულად ემოციური ყველა ადამიანისთვის.
M: ვინაა K’Dolls-ის სამიზნე სეგმენტი?
კარიკატურულ თოჯინას ძირითადად სასაჩუქრედ მიკვეთავენ საყვარელი ადამიანებისთვის, მეუღლისთვის, ან მეგობრისთვის. მყიდველი არის ყველა, ვისაც სურვილი აქვს გაახაროს მისთვის ძვირფასი ადამიანი. გვიკვეთავს მეჯვარე, რომელსაც სურს სიძე-პატარძალს ბედნიერების დღის დასამახსოვრებელი საჩუქარი აჩუქოს, სკოლის ბანკეტის აღსაღნიშნავი წვეულებისთვის, მეგობარ გოგონას ან ბიჭს.
M: როგორია თოჯინების შექმნის პროცესი?
მე თავად ვკერავ თოჯინებს, ხელით ვამზადებ ყველა დეტალს, ფეხსაცმელს კაბას, შარვალს, მინიატურულ აქსესუარებს: ჩანთას, ქუდს… ყველაფერი ხელნაკეთია. ვცდილობ, გავიმარტივო სამუშაო და ვიგონებ ახალ ტექნიკას სწრაფი და ხარისხიანი დეტალების დასამზადებლად. მაგალითად, როგორიცაა თოჯინის ფეხსაცმელი. თავიდან დიდი დრო მჭირდებოდა, მაგრამ ბოლოს მივაგენი მარტივ გზას და ვახერხებ მოკლე დროში დავამზადო. ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის თოჯინის დამზადების დრო. ვინც სასწრაფოდ მიკვეთავს თოჯინას სასაჩუქრედ, ვცდილობ მალევე დავუმზადო და გული არ დავწყვიტო.
M: როგორ შეიძლება “კარიკატურული თოჯინების” შეძენა?
კარიკატურული თოჯინების ონლაინ მაღაზია მაქვს ფეუსბუკ გვერდზე, რომელიც ძალიან მორგებულია დღევანდელ გრაფიკზე მყიდველისთვის, ყველა ვერ ახერხებს სამსახურიდან გამოსვლას და საჩუქრის შესარჩევად საათების დაკარგვას. ამიტომ მოვერგე და შევისწავლე ონლაინ გაყიდვების სისტემა. შეკვეთა ხდება მიმოწერით, საჭიროა მხოლოდ ფოტოსურათი. ყველა მომხმარებელს სახლში ვუგზავნი თოჯინას, ეს ყველასთვის ძალიან მისაღები და მარტივი მეთოდია საჩუქრის შესაძენად. ახლა საერთაშორისო პლატფორმებზეც ვიწყებ გაყიდვას.
M: სტარტაპის სამომავლო გეგმები…
კარიკატურული თოჯინები ერთ-ერთი იდეაა რომელიც განვახორციელე. კიდევ ბევრი სიანტერესო ჩანაფიქრი მაქვს, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავ და მალე შევთავაზებ ჩემს საყვარელ მომხმარებლებს ახალ სასაჩუქრო პროდუქტს, რომელიც იქნება განსაკუთრებული და განსხვავებული, ისევე, როგორც კარიკატურული თოჯინები.