ზოგჯერ ენობრივი ბარიერი კომუნიკაციას ართულებს და მოგზაურობის თანმდევ გამოწვევასაც წარმოადგენს. სწორედ ეს იქცა კე რენის შთაგონებად — ვინაიდან ხშირად მოგზაურობს შემოქმედებითი ჰორიზონტის გასაფართოებლად, ასევე ხშირად აწყდება ენობრივი ბარიერის პრობლემას. ეს გაუგებრობა კი ამჯერად მოკლემეტრაჟიან ანიმაციად აქცია.
„ხშირად დაბნეულობის განცდა მეუფლებოდა და განსხვავებულ ენობრივ გარემოში საკუთარი თავის გამოხატვისაც მეშინოდა. მივხვდი, რომ ეს მხოლოდ ენას არ ეხებოდა, არამედ ჩემსა და გარემოცვას შორის გაწყვეტილ კავშირს, რაც მაიძულებდა, თავი გარიყულად მეგრძნო“, — ამბობს კე რენი. მსგავსმა კულტურულმა კონტექსტმა ანიმატორის ინტერესი მეტად გააღრმავა ენის, ტექსტისა და სიმბოლოების მიმართ. ამის ნაწილია ანიმაციაც Symbols, რომელშიც ტრადიციული ნარატივის გადმოცემის ნაცვლად, ყველაფერი ცალკეულ ინტერპრეტაციებზეა აგებული.
გარდა საინტერესო თემების გაშლისა, Symbols ვიზუალურადაც კარგადაა აგებული. ანიმაციის ორიგინალური კონცეფციის ესკიზები ჯერ ქაღალდზე დაიხატა ფუნჯით და მელნით; ამიტომაცაა, რომ ერთგვარი სინთეზური ესთეტიკა მივიღეთ — აერთიანებს ტრადიციულ და ციფრულ მედიუმებს.