in

ფოტოგრაფია და პოლიგრაფიული სერვისები ქედაში – პროექტი, რომელსაც შშმ პირები ახორციელებენ

შიდა ტურიზმის მნიშვნელობასა და მის დადებით მხარეებს წლევანდელ ზაფხულზე ალბათ ყველაზე კარგად გავიგებთ. ვინ იცის, იქნებ იმდენადაც კი ავითვისოთ ჩვენი ქვეყნის მთა-ბარი, რომ მომავალში, როცა ყველაფერი ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდება, კვლავაც აქ მოგზაურობას მივანიჭოთ უპირატესობა?! აი, საზღვრების გახსნის შემდეგ რომ ტურისტები მოგვიმრავლდებიან, ეს კი ნამდვილად კარგად ვიცით.. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ საქართველოში ტურიზმის განვითარებასთან ერთად, ნელ-ნელა რეგიონებიც შესაბამისად ვითარდებიან და ჩასულ სტუმრებს (იქნება ეს ქართვეული თუ უცხოელი) იქ მრავალფეროვანი სერვისები ხვდებათ. ერთ-ერთი ასეთია ქედის მუნიციპალიტეტი – აქ განხორციელებულ პროექტებზე უკვე არაერთხელ გიამბეთ. 

დღეს კიდევ ერთი, საკმაოდ საინტერესო პროექტი უნდა გაგაცნოთ – “ფოტოგრაფია და პოლიგრაფიული სერვისები ქედაში”, რომელსაც საინიციატივო ჯგუფი “ჩვენ შეგვიძლია” ახორციელებს. ამ ამბავში ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ჯგუფის წევრები სხვადასხვა პროფესიული უნარების მქონე შშმ პირები არიან. ისინი ვიზიტორებს ფოტოების გადაღებას, თერმოპრესით სხვადასხვა ნივთებზე ბეჭდვას, პოლიგრაფიულ სერვისებსა და ხელნაკეთ სუვენირებს სთავაზობენ. ეს ნივთები კი მათივე სავაჭრო ობიექტში იყიდება. ჯგუფის წევრები მობილური ლაბორატორიის მეშვეობით მსურველებს სხვადასხვა ადგილზე გაუწევენ მომსახურებას. 

პროექტის შესახებ საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთ წარმომადგენელს, მერაბ ფარტენაძეს გავესაუბრეთ:

M: მოგვიყევით თქვენს პროექტზე – რას სთავაზობთ ადგილობრივ და არამხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას?

ჩვენი პროექტი ითვალისწინებს პოლიგრაფიული პროდუქციის დამზადებას. ადგილობრივ მოსახლეობას ვთავაზობთ: საინფორმაციო და სარეკლამო თვალსაჩინოებებს, მოსაწვევებს, მისალოც ღია ბარათებს და სხვა; უცხოელ ვიზიტორებს კი -მუნიციპალიტეტის მიმზიდველი ბუნებისა და ტურისტული ღირსშესანიშნაობების ილუსტრაციებს ვაწვდით სუვენირების , ტანსაცმლის, საყოფაცხოვრებო ნივთების სახით.

M: როდის დაიწყეთ ეს საქმიანობა და საიდან გაგიჩნდათ ამ პროექტის იდეა?

საინიციატივო ჯგუფის წევრები კარგა ხანია, ვიცნობთ ერთმანეთს, წლების განმავლობაში აქტიურად გვქონდა ერთამენთთან კონტაქტი და მიმოსვლა. შესაბამისად, ვიცოდით ისიც, თუ რა შეეძლო თითოეულ მათგანს. მაგალითად, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრი მარო ბავშვობიდანაა ხელსაქმით გატაცებული და თავის ხელნაკეთ ნივთებს მუდმივად ასაჩუქრებს ხოლმე. ამ პროექტის საშუალებით კი, მას შანსი აქვს, უფრო ბევრმა შეიტყოს მისი საქმიანობის და ნივთების შესახებ. ჩვენი მეორე გუნდის წევრი ბათუ კი პროფესიონალი ფოტოგრაფია და სამომავლოდ ტურისტებს და ადგილობრივებს ფოტომომსახურებას შესთავაზებს. სწორედ ასე შევიკრიბეთ და ჩამოვყალიბდით ერთ ჯგუფად. შემდეგ მოხდა ისე, რომ “ქედა ლიდერის” შესახებ შევიტყვეთ, გადავწყვიტეთ, ჩვენი პროექტი წარგვედგინა მისთვის, რის შემდეგაც დაფინანსება მოვიპოვეთ.

მერაბ ფარტენაძის პროექტი გახდა ევროკავშირის მიმდინარე პროექტ “ქედა ლიდერის” საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული. აღნიშნული პროექტის საქმიანობები ხორციელდება ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ორგანიზებით. დაფინანსების მოპოვების შემდეგ, LAG-ის წევრები აქტიურად ეხმარებიან ბენეფიციარებს პროექტის მიზნების მიღწევაში.

M: როგორ ფიქრობთ, თქვენი პროექტი რამდენად სარგებლიანი იქნება ქედის მუნიციპალიტეტისთვის? რას შემატებს მას?

ვინაიდან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ არსებობდა მსგავსი დაწესებულება, ხოლო პოლიგრაფიულ ნაწარმზე ყოველთვის დიდი მოთხოვნილება იყო, ჩვენი აზრით, ეს საქმიანობა საკმაოდ წარმატებული იქნება. ჩვენ ხომ ტურისტებს იმ პროდუქტს ვთავაზობთ, რომელზეც ასახული იქნება ქედის ღირსშესანიშნაობები – შეიძლება მან ვერ მოახერხოს ყველაფრის ნახვა, სამაგიეროდ ტურისტს ჩვენგან ილუსტრაციები დარჩება. გარდა ამისა, დასაქმდებიან შშმ პირები, რაც მათი შესაძლებლობების რეალიზებას შეუწყობს ხელს. 

M: ამ პროექტის ფარგლებში რა წარმოადგენს თქვენს მთავარ მიზანს?

პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს: პირველ რიგში, შშმ პირების დასაქმება, მათ მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების რეალიზაცია და როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ვიზიტორებისათვის კარგი სერვისის შეთავაზება. მოვუწოდებთ სხვა შშმ პირებსაც, შემოგვიერთდნენ, გამოცადონ თავიანთი შესაძლებლობები – ვფიქრობთ, ეს პროექტი ყველასთვის საკმაო სტიმულის მიმცემი იქნება. ამ შემთხვევაში მათ სახლიდან გასვლის და საზოგადოებაში ჩართულობის მეტი შანსი და სურვილი ექნებათ.

ზოგადად კი, ვფიქრობთ, ყველა შშმ პირმა თავისი შესაძლებლობებისა და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით უნდა გამონახოს რაიმე საქმიანობა, რითიც სტიმული მიეცემა მას. უსაქმოდ ყოფნა ცუდია – ეს მოდუნებას და გამოფიტვას იწვევს ადამიანში, მომავალზე ორიენტირებულობა და მიზნის დასახვა კი პირიქით, დიდ მოტივაციას გვაძლევს.

M: რა ეტაპზეა ამჟამად პროექტი და რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

რომ არა პანდემიით გამოწვეული შეფერხება, პროექტი უკვე იქნებოდა მომხმარებელთა სამსახურში, ამჟამად კი ის დასრულების ფაზაშია. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, დიდი სურვილი გვაქვს, მსგავსი სერვისი დამსვენებლებს ზამთრის კურორტებზეც შევთავაზოთ.

 

[R]

„ტობი კართან ზის ისევ?“ – თიბისი დაზღვევის მადლობა ექიმებს, რომლებსაც სახლში, დიდი ხანია, ელოდებიან

თანამშრომლებზე ზრუნვიდან მომხმარებლების კმაყოფილებამდე – „ირაოს“ დისტანციური მუშაობის 3 თვე