in

პროექტი “ქედა ლიდერი” ხელს უწყობს ქედის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის განვითარებას

2017 წლიდან ქედის მუნიციპალიტეტში პროექტი „ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის (ქედა ლიდერი)“ მიმდინარეობს. ის ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD II) ფარგლებში ხორციელდება და მას CENN შემდეგ ორგანიზაციებთან პარტნიორობით ახორციელებს:

 

  • საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG),
  • დემოკრატიის ინსტიტუტი (IoD),
  • ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტი (ÖIR).

პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობების დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკურენტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით. პროექტის ამოცანაა ქედის მუნიციპალიტეტის განვითარების პოტენციალის გაძლიერება და ადგილობრივი შესაძლებლობებისა და რესურსების ოპტიმალური გამოყენება.

დაფინანსებული პროექტები

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის (ქედა ლიდერი)“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია CENN, ცნობილია სოფლის განვითარების მეორე საგრანტო კონკურსის შედეგები.

განაცხადების ფინანსურ-ადმინისტრაციული შემოწმება, შეფასება და შერჩევა განხორციელდა საგრანტო კომისიის მიერ, CENN-ის, დემოკრატიის ინსტიტუტის, ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მმართველი საბჭოს მიერ ერთობლივად. შედეგად საგრანტო კონკურსების ფარგლებში დაფინანსებულ იქნა 47 პროექტი, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაციის და ტურიზმის მიმართულებებით.

აღნიშნულ პროექტებს შორის ერთ-ერთია ღვინის სახლი “შატო ივერი”, რომელიც ივერი ბერიძის საოჯახო ვენახების ტერიტორიაზე აშენებულ სასტუმროს წარმოადგენს. ის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარჯანისში, ქალაქ ბათუმიდან 50 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. 

სასტუმროს შენების პროცესში, სწორედ მაშინ, როდესაც ისინი დაფინანსებას საჭიროებდნენ, ბერიძეების ოჯახმა “ქედა ლიდერის” პროექტის შესახებ შეიტყო. მათ მოიპოვეს გრანტი და ამჟამად სრული დატვირთვით მუშაობენ იმისთვის, რომ მაისამდე “შატო ივერი” დასრულდეს და სტუმრების მიღება სრულფასოვნად შეძლოს. 

ქედის მუნიციპალიტეტში ახლადაშენებული სასტუმროს შესახებ ბერიძეების ოჯახის ერთ-ერთ წარმომადგენელს, რომილ ბერიძეს გავესაუბრეთ:

M: რას წარმოადგენს დღესდღეობით “შატო ივერი”?

შატო ივერი არის სამსართულიანი ღვინის სახლი, რომელსაც გვერდზევე აქვს ორსართულიანი ღვინის მარანი. აქ ჩვენ იტალიური დანადგარების მეშვეობით ვაწარმოებთ ეკოლოგიურად სუფთა ღვინოს. ჩვენი ოჯახი დიდი ხანია, რაც მეღვინეობა-მევენახეობას ეწევა. 8 წლის წინ დავიწყეთ ვენახების გაშენება და დღეს ერთ ჰექტრამდე მიწის ნაკვეთზე გაშენებული გვაქვს ცოლიკოურის, ჩხავერისა და საწურის სანიმუშო ვენახები, ასევე, მცირე რაოდენობით 10-ზე მეტი დასახელების ვაზის ენდემური ჯიში. 

M: რა მომსახურებას სთავაზობს “შატო ივერი” ვიზიტორებს?

გასული წლის ივლისში ღვინის სახლის მშენებლობა დავამთავრეთ. პირველ სართულზე გვაქვს რესტორანი – აჭარული, ლაზური ტრადიციული არქიტექტურის შესაბამისი. იგი გათვლილია 100-150 კაცზე. ძირითად აქცენტს ვაკეთებთ უნიკალური ტურისტული პროდუქტების შეთავაზებაზე – როდესაც სტუმრები ჩვენთან მოდიან, ვენახს ვათვალიერებინებთ, შემდეგ უკვე მარანში უშუალოდ რეზერვუარიდან აგემოვნებენ ღვინოს, მერე კი ეცნობიან ღვინის დამზადების ტექნოლოგიას. ღვინის სახლში გამჭვირვალე სამზარეულო გვაქვს – გვინდა, სტუმარი თვითონ ხედავდეს, როგორ მზადდება ჩვენი კერძები. ეს კერძები უმეტესად აჭარულია, თუმცა – ცოტათი მოდიფიცირებულიც. 

M: მოგვიყევით, როგორ აღმოჩნდით “ქედა ლიდერის” ბენეფიციარი?

როგორც აღმოჩნდა, ჩვენთან ღამე დარჩენის სურვილი ტურისტების მხრიდან დიდი იყო და ამიტომაც მეორე და მესამე სართულზე 9 ოთახი გამოვყავით საამისოდ. დავიწყეთ მათი გარემონტება, თუმცა, ამისთვის ფინანსური სახსრები გვჭირდებოდა. სწორედ ამ დროს შევიტყვეთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც “ქედა ლიდერის” საგრანტო კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა და მოვიპოვეთ დაფინანსება. 

მინდა აღვნიშნო, რომ პროექტის “ქედა ლიდერი” განხორციელებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სექტორების განვითარებაზე, მათ შორის ტურიზმის პოპულარიზაციასა და ხელშეწყობაზე. “ქედა ლიდერი”-ს ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი აქტიურად მუშაობს მუნიციპალიტეტის საჭიროებების იდენტიფიცირებაზე. სწორედ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის და ადგილობრივი გუნდის ხელშეწყობით, ბევრმა ადგილობრივმა და მათ შორის ჩვენც მოვახერხეთ ჩვენი იდეების რეალობად ქცევა და განხორციელება, რამაც დიდი გავლენა მოახდინა მუნიციპალიტეტის კულტურული და ეკონომიკური პოტენციალის განვითარებაზე. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქედის LAG აქტიურად მუშაობს დაფინანსებული პროექტების განვითარებასა და პოპულარიზაციაზე და ორგანიზებას უწევს სხვადასხვა სასწავლო ტრენინგებს, რაც ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას კონკრეტული მიმართულებებით.

ჩემი პროექტის დაფინანსების შემდეგ, ქედის LAG აქტიურადაა ჩართული პროექტის განხორციელებაში და მუდმივად გვეხმარება დაგეგმილი საქმიანობების ეფექტურად შესრულებაში.

მათი დამოკიდებულება და სულისკვეთება იმისთვის, რომ პროექტი იყოს წარმატებული ძალიან დიდია და ჩვენც ჩვენი მხრიდან ვცდილობთ, რომ ისე გავაგრძელოთ საქმიანობა, როგორც დავგეგმეთ და დროულად მივიღოთ წარმატებული შედეგი. 

M: როგორ ფიქრობთ, რა სარგებლის მომტანია “შატო ივერი” როგორც ქედისთვის, ისე ტურისტებისთვის?

დღესდღეობით ბათუმიდან გოდერძის უღელტეხილამდე ტურისტისთვის დასარჩენი ადგილი თითქმის არ არსებობს. ჩვენი სასტუმრო კი ზუსტად ამ ორ ადგილს შორის მდებარეობს და, ვფიქრობთ, რომ ამიტომაა ყველაზე კომფორტული სტუმრებისთვის “შატო ივერი”. გვინდა, რომ აქაურ ბაზარზე არსებული სიცარიელე შევავსოთ და ჩვენი ნიშა დავიკავოთ და, რასაკვირველია, ხელი შევუწყოთ ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას. 

ჩვენი მიზანია მაქსიმალურად ეფექტურად და კარგად მოვახერხოთ მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის განვითარება და ინოვაციური ხერხების გამოყენებით უფრო მიმზიდველი გავხადოთ ქედის მუნიციპალიტეტი პოტენციური ვიზიტორებისთვის.

[R]

Protected: „ყველაზე რთულ დროს უნდა მოიკრიბო ძალა, რომ რაღაც შეცვალო. თუ არა – უკან წახვალ. ჩვენ წინსვლა ავირჩიეთ“

რა აინტერესებს ქართველ მომხმარებელს? [კვლევის შედეგები]