29
Jan
2020

პროექტის “ქედა ლიდერი” ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტში ბეტონის ბოძების დამამზადებელი საწარმო შეიქმნა

29 Jan 2020

უკვე მესამე წელია, რაც ქედის მუნიციპალიტეტში პროექტი “ქედა-ლიდერი” მიმდინარეობს. ის ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD II) ფარგლებში ხორციელდება. პროექტს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს CENN.

 

აღნიშნული პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობების დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკურენტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

ინიციატივა 3 ძირითად მიმართულებას მოიცავს:

ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ჩამოყალიბება და მისი ინსტიტუციური გაძლიერება;

ქედის მუნიციპალიტეტისთვის გენდერული და ახალგაზრდული ასპექტების შემცველი სოფლის განვითარების სტრატეგიის შემუშავება თანამონაწილეობრივი მეთოდით;

ინოვაციური პროექტების განხორციელება (ქვეგრანტების საშუალებით, მუნიციპალიტეტის სტრატეგიის პრიორიტეტების შესაბამისად).

სწორედ ამგვარ ინოვაციურ პროექტს წარმოადგენს ავთანდილ ცინცაძის ,,ბეტონის ბოძების დამზადება და ვენახის, ღობის მოწყობის სერვისი ”, რომელიც ცოტა ხნის წინ პროექტის ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსის საფუძველზე შეირჩა.

როგორც პროექტის ბენეფიციარი და აღნიშნული იდეის ავტორი ავთანდილ ცინცაძე ამბობს, ქედის მუნიციპალიტეტში ვენახის გაშენება სულ უფრო აქტუალური ხდება აქ არსებული ხელშემწყობი პირობების გამო. ვენახების მასშტაბები სულ უფრო ფართოვდება, თუმცა, ამავდროულად, მის გასაშენებლად უფრო მეტი რესურსი ხდება საჭირო. სწორედ აქედან გამომდინარე გადაწყვიტა პროექტის ავტორმა, ქედის მოსახლეობისთვის რკინა-ბეტონის ბოძები შეეთავაზებინა, რასაც სამომავლოდ, მისი აზრით, ორგვარი დადებითი ეფექტი ექნება: თუკი აქამდე ხის ბოძებზე შენდებოდა ვენახი, ამიერიდან ნაკლებ ხის რესურსს გამოიყენებენ, გარდა ამისა, ბეტონის ბოძები ბევრად უფრო გამძლეა და გრძელვადიან პერსპექტივაში ვენახის მფლობელს აღარ მოუწევს, ახალ ბოძებზე ზრუნვა და სხვადასხვა რესურსის ხელახლა მოძიება.

თუ რა კრიტერიუმებით შეირჩა აღნიშნული პროექტი და რით არის განსაკუთრებული ის, ამის შესახებ ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის თავმჯდომარე, გიორგი აბულაძე გაგვესაუბრა:

M: პირველ რიგში, მოგვიყევით, კონკურსი გრანტის მოპოვებაზე როდის გამოაცხადეთ, რამდენი იდეა/პროექტი შემოვიდა?

პროექტის დაწყებიდან დღემდე, საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამოცხადებული იქნა კონკურსის სამი ფაზა. პირველი ფაზის განმავლობაში (20 სექტემბერი 2018 წელი, 14 მარტი, 2019) სულ შემოსული იქნა 306 საგრანტო განაცხადი, რომელმაც გაიარა რამდენიმე ეტაპიანი გადარჩევა (ინტერესეს გამოხატვა – იდეების კონკურსი, სრული განაცხადის შეფასება და მონიტორინგი);

M: რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ ვენახის გაშენების სერვისის პროექტი? რით იყო სხვა პროექტებისგან გამორჩეული და რა სტანდარტებს აკმაყოფილებდა ის?

ბენეფიციარები შეირჩევიან პროექტის ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსების საფუძველზე.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის დეტალური წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ბენეფიციარები, გაწერილია პროექტის საგრანტო სახელმძღვანელოში.

საგრანტო კონკურსი იყოფა 3 ეტაპად:

საგრანტო განაცხადის წარდგენა, რომელიც გულისხმობს პირველ ეტაპზე იდეის წარმოდგენას, იდეის მოწონების შემთხვევაში ბენეფიციარი წარმოადგენს პროექტის სრულ განაცხადს დეტალური ბიუჯეტით.

გასაუბრება/მონიტორინგი, რომელსაც ახორციელებს ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საგრანტო კომისია, პროექტების დეტალური შესწავლის მიზნით.

საგრანტო განაცხადის დამტკიცება/კონტრაქტის გაფორმება, ანუ პროექტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ზემოაღნიშნულ ორ ეტაპს ჩაითვლებიან დამტკიცებულად.

საგრანტო კონკურსის პირველი ფაზის ეტაპზე შემოტანილი იქნა განაცხადი ავთანდილ ცინცაძის მიერ, რომელიც ეხებოდა ვენახის რკინა-ბეტონის ბოძების დამამზადებელ საწარმოს, რაც საგრანტო სახელმძღვანელოს შესაბამისად მოწონებული იქნა შემფასებელი კომისიის მიერ.

ქედის მუნიციპალიტეტში, ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს ვენახის გაშენება, რაც განაპირობებს ვენახის ბოძების დამზადების საჭიროებას და ბაზარზე არსებულ მოთხოვნაზე მიწოდების აუცილებლობას. აღსანიშნავია რომ, პროექტის დაფინანსებამდე, ქედის მუნიციპალიტეტში მსგავსი სერვისი არ არსებობდა, რის გამოც ადგილობრივ მეწარმეებს უწევდა ტყის რესურსებით სარგებლობა ან და სხვა რეგიონში არსებული საწარმოთი სარგებლობა, რაც, ერთი მხრივ, გარემოზე უარყოფითად მოქმედებდა და, მეორე მხრივ, ხარჯებს ზრდიდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროექტის ფარგლებში წარმოებული რკინა-ბეტონის ბოძები მოთხოვნადია ქედის მუნიციპალიტეტში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აპლიკანტი არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი და მისი ჩართულობა მსგავს აქტივობებში ხელს შეუწყობს საზოგადოებაში მის ინტეგრაციას.

M: როგორ ხედავთ ამ პროექტის მომავალს და, როგორ ფიქრობთ, რა სარგებელი მოჰყვება მის განხორციელებას?

ქედის მუნიციპალიტეტისთვის მევენახეობა-მეღვინეობა ტრადიციული დარგია. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, აქტიურად მიმდინარეობს ვენახის გაშენება/გაფართოება. დარგის განვითარებასთან  ერთად იზრდება მოთხოვნა ვენახის ბოძებზე, რაც უზრუნველყოფს ავთანდილ ცინცაძის პროექტის ,,ბეტონის ბოძების დამზადება და ვენახის, ღობის მოწყობის სერვისი ”    მდგრადობას. სერვისზე მზარდი მოთხოვნის გამო საწარმოს არსებობა ასევე, ხელს უწყობს ქედის პროექტის ფარგლებში დაფინანსებული სხვა ბენეფიციარების ეფექტიანად მუშაობასაც, ადგილობრივ ბაზარზე არსებული მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ეკონომიკური პოტენციალის განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნას. აღსანიშნავია, რომ საწარმოს წარმატებით განვითარებისთვის, სამომავლოდ იგეგმება წარმოების გაფართოვება.

M: პროექტ ქედა-ლიდერის სამომავლო გეგმებზეც მოგვიყევით..

რაც შეეხება პროექტ ქედა-ლიდერს, ამჟამად, მიმდინარეობს მესამე საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი საგრანტო განაცხადების შეფასება დაფინანსების მიზნით. ასევე, დაგეგმილია სხვადასხვა ადგილობრივი ინიციატივის ხელშეწყობა და განვითარება, ფესტივალების, კამპანიების, ტრენინგების ორგანიზება პროექტის ბენეფიციარების და ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებისთვის მათი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით. გარდა ამისა, იგეგმება ღონისძიებების გატარება დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, რაც მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს. პროექტის მიზნებიდან გამომდინარე, გაგრძელდება ახალგაზრდების გაძლიერებისა და ჩართულობის გაზრდის მიზნით სხვადასხვა აქტივობების განხორციელება და ინიციატივებს ხელშეწყობა.

პროექტი აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) და UNDP-ისთან მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინიციატივების დაფინანსების მიზნით.

[R]

განხილვა