ნებისმიერ ქართველს რომ ვკითხოთ, დაასახელოს ქართველი პოეტი და მწერალი, რომელიც ყველაზე მეტად ჩასწვდა ბუნების საიდუმლოებას, ყველა ერთხმად გეტვით, რომ ეს არის ვაჟა-ფშაველა. თავის შემოქმედებაში მან სრულად გაარღვია არა მხოლოდ იმდროინდელი, არამედ ზოგადად, მთელი ქართული ლიტერატურის საზღვრები და ისეთი სამწერლობო ენა შემოიტანა, რომელიც აბსოლუტურად უცხო და ახალი ხილი იყო მე-19 საუკუნისთვის. ბუნების შთაგონებით გაცოცხლებული მისი პერსონაჟები ადამიანებს ხშირად ესაუბრებოდნენ მაღალ მორალურ ფასეულობებზე, პარტიოტიზმზე, ისტორიასა და ადამიანობაზე. მის შემოქმედებაში თითქოს ყველაფერია: მისტიკაც, ანთროპომორფიზმიც, მითოლოგიაც, ფოლკლორიც, თანამედროვე ფილოსოფიაც კი.
ვაჟას მასშტაბები ისეთივე უსაზღვროა, როგორც მისი შემოქმედება. ამიტომ მისი სახელის უკვდავყოფა დღეს, 21-ე საუკუნის საქართველოში მრავალი ფორმით არის საჭირო. ერთი ასეთი ფორმა ქუჩის ხელოვნების მოძრაობამ, „ნიკომ” მოძებნა. კერძოდ, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თბილისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩის ერთ-ერთ კედელზე ახალი ნახატი გაჩნდა, რომელზეც „შვლის ნუკრის სევდა, არწივის ტკივილი და ხმელი ფესვების ძახილია” ასახული. მასზე მხატვარმა, დავით სამხარაძემ იმუშავა, რომლისთვისაც ვაჟა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ურთიერთობენ ადამიანი და ბუნება, როგორ შეიძლება ყველაფერი გაცოცხლდეს სამყაროში.
M: დავიწყოთ თქვენი დამოკიდებულებით ვაჟა-ფშაველასადმი: რით არის ის თქვენთვის გამორჩეული მწერალი და მოახდინა თუ არა გავლენა თქვენს შემოქმედებით განვითარებაზე?
ვაჟა-ფშაველა სრულიად განსხვავდება სხვა ქართველი მწერლებისგან. მისი აზრის გადმოცემის მანერა, ფშავური დიალექტი და მრავალმხრივი შემოქმედება განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ქართულ მწერლობაში. პირველად ვაჟა-ფშაველას მურალი დავხატეთ ვაკის პარკში, სადაც სხვადასხვა თაობის არტისტები ვიყავით ჩართული, ეს ჩემთვის პირველი კედლის მხატვრობა იყო. ამის შემდეგ ვაჟას თემაზე კიდევ ერთხელ მომიწია მუშაობა და ამჯერადაც განსაკუთრებული ემოციებით და განწყობით იყო დატვირთული სამუშაო პროცესი.
M: რის მიხედვით აარჩიეთ დასახატი თემატიკა და რამდენი დრო დასჭირდა პროექტზე მუშაობას?
ნახატის თემა იყო ვაჟა-ფშაველა. შესაბამისად, თემატიკაც ვაჟას შემოქმედებიდან შევარჩიე. მოგეხსენებათ, ვაჟას შემოქმედება ძალიან მრავალფეროვანია, აქედან გამომდინარე, რომელიმე კონკრეტული თემა უნდა ამერჩია. ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ ეს უნდა ყოფილიყო ვაჟას ბუნებასთან კავშირის თემა. პროექტზე მუშაობა კი ჯამში 12 დღე გაგრძელდა.
M: იგრძნობა თუ არა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, როცა ასეთ პროექტში იღებთ მონაწილეობას და პირადად თქვენთვის რით იყო ეს პროექტი მიმზიდველი?
ზოგადად, პასუხისმგებლობა ნებისმიერ საქმეში აუცილებელია. ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, ეს იგრძნობოდა. ვაჟა-ფშაველას თემა საინტერესო იყო დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, როდესაც საზოგადოების აზრი ხშირად გაყოფილია ისეთი საკითხების მიმართ, როგორიც არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, რაზეც, ჩემი აზრით, ერთიანობა უნდა გვქონდეს. გარდა ამისა, სასურველია, რომ შეიცვალოს ადამიანების დამოკიდებულება ბუნების მიმართ. ხშირად ვხედავთ დაბინძურებულ ტყეებს, მდინარეებს და აშ. სწორედ ამიტომ ვიფიქრე, რომ ვაჟას ნახატი ძალიან თემატური იქნებოდა.
M: როგორ შეაფასა საზოგადოებამ თქვენი ნამუშევარი, რა უკუკავშირები იყო?
ხატვის პროცესში უამრავი დადებითი ემოცია მივიღე უცნობი ადამიანებისგან. ბევრი მათგანი მოდიოდა, მიზიარებდნენ თავიანთ ემოციებს, განწყობებს, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ.
ჩემი მთავარი შთაგონება ამ პროექტში თავად ვაჟა-ფშაველა იყო, მისი შემოქმედება, აზრები, დამოკიდებულებები, ამიტომ, ვფიქრობ, საზოგადოებამაც კარგად გაიგო ამ ნახატის აზრი და დადებითი უკუკავშირი ჰქონდა.
M: თქვენი აზრით, რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქალაქისთვის კედელზე გაცოცხლებულ ამ ტიპის ნახატებს?
ზოგადად, ბოლო წლებში street art საქართველოში საკმაოდ პოპულარულია, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. ამით მხატვრებს შეუძლიათ გამოხატონ თავიანთი აზრები, ემოცია და დამოკიდებულება ამ თუ იმ თემის მიმართ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მხატვრისთვის, ასევე მისი დამთვალიერებლისთვისაც. გარდა ამისა, ამ ყველაფერს ესთეტიკური დატვირთვაც აქვს, რადგან ლამაზდება უსახური კედლები, რომლებიც მრავლად არის ჩვენს ქალაქში.
პროექტი ვაჟა-ფშაველას დაბადების დღესთან, 14 ივლისთან დაკავშირებით შეიქმნა. „ნიკოს” ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში უკვე არაერთი კედელია მოხატული, რომლის დატვირთვაც ქართული კულტურისა თუ ისტორიის ხაზგასმა და მათი მნიშვნელობის წინ წამოწევაა.
[R]