თვითმოტივაცია რთული ამოცანაა. მით უმეტეს, სტრესულ სიტუაციაში, როდესაც საქმე ბოლომდე გაქვს მისაყვანი. ასეთ დროს, ზოგჯერ ყველაზე გემრიელი ყავა და შთამაგონებელი პოსტერებიც კი უძლურია ხოლმე. არადა, ეფექტური მოტივაცია ერთ-ერთი უმთავრესი განმასხვავებელი ნიშანია, რაც პროფესიონალებს სხვებისგან განასხვავებს. მაინც, როგორ შეგიძლიათ წაიწიოთ წინ იმ პროცესში, როდესაც დისკომფორტს განიცდით?
მოტივაცია ინდივიდუალურია. ის, რაც ერთს მოქმედებისკენ უბიძგებს, მეორესთვის არაფრის მთქმელია. ზოგი კი უფრო მოწოდებულია რაღაცის კეთებისკენ, ვიდრე სხვები. თუმცა, იმის მიუხედავად, რის მიღწევას ცდილობენ ადამიანები, მათ მოტივაციაზე მსგავსი სტრატეგია მოქმედებს.
იქონიეთ მიზნები
კვლევებით დასტურდება მიზნების დასახვის მნიშვნელოვნება. კვლევებმა გვიჩვენეს, როდესაც გამყიდველებს აქვთ მიზნები, ისინი უფრო მეტის გაყიდვას ახერხებენ და როდესაც ადამიანი ყოველდღიურად ვარჯიშობს, მას უკეთესი ფიზიკური მომზადება აქვს. აბსტრაქტული ამბიციები არაეფექტურია. აი, კონკრეტული მიზანი: 10 ახალი კლიენტის შოვნა ან 10,000 ნაბიჯი ყოველდღიურად, სულ სხვა საქმეა.
მიზანი თავისთავად უნდა იყოს ისეთი, რომ მან მოტივაცია გამოაღვიძოს. როცა მიზანს ადამიანი პირადულად იღებს, ის მისთვის ძვირფასი ხდება და უფრო მეტი აზარტით ეკიდება.
კონცენტრირდით იმაზე, რაც მოგწონთ. ყოველწლიურად შეაჯამეთ შედეგები. როგორ აღმოჩნდა, ადამიანები იანვრის ბოლოს ყველაზე ხშირად იღებდნენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელთა აღსრულებაც სიამოვნებდათ – მაგალითად, იოგაზე სიარული ან შაბათობით ტელეფონის გათიშვა. ამ გადაწყვეტილებებს კი, დიდი ენთუზიაზმით აღასრულებდნენ მარტის თვეშიც. აი, ისინი კი, ვინც უფრო მნიშვნელოვან, მაგრამ არასასიამოვნო მიზნებს ისახავდნენ, ნაკლებად ახერხებდნენ მათ მიყოლას. რასაკვირველია, თუკი გარეგანი ჯილდო საკმარისად დიდია, უსიამოვნო ამოცანებსაც მშვენივრად გავუმკლავდებით. ამის ყველაზე არასასიამოვნო მაგალითი ქიმიოთერაპიაა. მუშაობის კონტექსტში კი, ბევრი ადამიანი რჩება სამუშაოდ ისეთ სამსახურში, სადაც თავს მონად გრძნობს, მაგრამ იცის, რომ ეს აუცილებელი ეტაპია მიზნის მისაღწევად. ასე რომ, მხოლოდ გარეგანი მოტივაცია ნაკლებად გამოსადეგია.
იდეალურ შემთხვევაში, ჩვენ ყოველთვის ვეძებთ ისეთ სამუშაოსა და პირობებს, როგორიც მოგვწონს და ამგვარად ვინარჩუნებთ მაღალ პროდუქტიულობას. სამწუხაროდ, ადამიანებს ეს ხშირად არ ძალუძთ. უამრავი ადამიანი აღნიშნავს, რომ მისი ურთიერთობა კოლეგებთან და მენეჯერებთან კრიტიკულია. თუმცა, ისინი იმასაც ამბობენ, რომ მორალური მდგომარეობა წინა სამსახურებშიც არ ყოფილა წარმატების გასაღები, ამდენად, ამაზე დაყრდნობის საჭიროებასაც ნაკლებად ხედავენ. ამიტომაც, ეს სამომავლოდ, სამსახურეობრივი არჩევანის გაკეთებაში დიდ როლს თამაშობს
იმ შემთხვევებში, როდესაც ადამიანები მაინც ახერხებენ სასურველი სამსახურის პოვნას, მთავარი არსი ისაა, რომ კონცენტრდნენ სამუშაოს იმ ნაწილზე, რომელიც მოსწონთ. დაფიქრდით, რამდენად კმაყოფილი იქნებოდით საქმის შედეგებით, თუკი თქვენი მუშაობით უფრო მეტ უნარს გამოავლენთ და მომხმარებლებისთვისაც ღირებულებას შექმნით? ამასთან, ეცადეთ მძიმე სამუშაოს კონპენსირება მარტივი და სასარგებლო საქმეებით მოახერხოთ – მუსიკის მოსმენით, მეგობრებთან და ოჯახთან ურთიერთობით და სხვა.
ეძიეთ ეფექტური ჯილდო
ზოგიერთი ამოცანის გადასაჭრელად, მოტივაციისთვის ჯილდო გამოგადგებათ. ეს იგივეა, დიეტის დროს რომ საკუთარი თავი გაამხნევოთ და საჩუქარს დაპირდეთ. რატომაც არა? მძიმე სამუშაოს ჯილდოზე ფიქრი ამსუბუქებს. ჯილდო უნდა იყოს შესაბამისი. მაგალითად, თუკი ხარისხზე ხართ ორიენტირებული, თავს სისწრაფისა და რაოდენობისთვის ნუ დაიჯილდოვებთ. ამან შეიძლება საქმე გაგიფუჭოთ, მაგალითად, სისწრაფეში შეცდომა გამოგრჩეთ.
არანაკლები ხაფანგია ისეთი სტიმულის შერჩევა, რომელიც მიღწეულ მიზანს შეეფერება. თუკი დიეტის ბოლოს პიცას შეპირდებით თავს, ე.ი. მთელ ნამუშევარს წყალში ჩაყრით.
ამას გარდა, ზოგიერთი გარეგანი სტიმული უფრო ეფექტურია. მაგალითად, ფულადი ჯილდო ადამიანისთვის მოტივაციაა, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუკი ის სათუოა. ანუ, უფრო ნაკლები გაეკიდება 100 დოლარის მიღების 100%-იან შანსს, ვიდრე 50%-იანი შანსი 150 დოლარის დამსახურებას.
მოტივაციად გამოდგება დაკარგვის შიშიც. ადამიანი მიდრეკილია გაუფრთხილდეს დანაკარგს, ვიდრე ახალი შეიძინოს. მაგალითად, დიეტის დაცვა შესაძლოა გაგიადვილოთ იმან, რომ დარღვევის შემთხვევაში იძულებული იყოთ ფული საქველმოქმედო ფონდს გადაურიცხოთ.
შეინარჩუნეთ პროგრესი
როდესაც ადამიანები მიზნისთვის იბრძვიან, თავიდან აქვთ მოტივაცია, შემდეგ კი, მოულოდნელად, განწყობა უქრებათ და სიჩქარეც იკლებს. ამიტომ, შეეგუეთ, რომ შესაძლოა მოტივაციამ რაღაც მომენტში იკლოს, მაგალითად, საქმის შუაში, მაგრამ ამასთან ბრძოლა შესაძლებელია. დაყავით მიზანი მცირე მიზნებად, რომლებსაც ყოველკვირეულად მიაღწევთ და ყოველი შესრულებული ეტაპის მერე იგრძნობთ პროგრესს, რაც სტაბილურ მუშაობაში დაგეხმარებათ.
რჩევის კითხვა მოტივაციის მიღების ერთ-ერთი ხერხია. ასევე, ძალიან სასარგებლოა, როგორია თქვენი შეხედულება იმ პროგრესზე, რასაც მიაღწიეთ. როდესაც უკვე გზას ადგახართ, მიზანი მიღწევადი ჩანს და მეტი ძალაც გვაქვს პროდუქტიულობის გასაზრდელად. მთლიანად კონცენტრირდით ახლანდელ პროცესზე. არ იფიქროთ იმაზე, რა იყო აქამდე ან მერე რა იქნება.
კიდევ ერთი ხერხია, მოატყუოთ გონება, თითქოს სამუშაოს შუაში უკვე იმყოფებით და სულ უფრო ნაკლები რჩება გასაკეთებელი. ეს გიმსუბუქებთ გონებას, რომელიც აღარ ეჭიდება გასაკეთებელი სამუშაოს მოცულობაზე ფიქრს.
გამოიყენეთ სხვათა ზეგავლენა
ადამიანები სოციალური არსებები ვართ. ჩვენ მუდმივად ვეძებთ, რას აკეთებენ სხვები და მათი ქმედებები შთაგონებაა ჩვენთვის. უბრალოდ, პროდუქტიული ადამიანის გვერდით ჯდომასაც კი შეუძლია ჩვენი შედეგის გაზრდა. თუმცა, როცა საქმე მოტივაციას ეხება, საქმე რთულდება. წარმატებული ადამიანის ყურებაზე ჩვენ ორგვარად ვრეაგირებთ: შთაგვაგონებს და ვცდილობთ თავადაც მივაღწიოთ რამეს ან ვკარგავთ მოტივაციას და საქმის ჩამოშორებას ვფიქრობთ.
პრობლემა ისაა, რომ საქმის დელეგირება ყოველთვის არ შეგვიძლია. მაგრამ სოციალური ინტერესების საჩვენოდ გამოყენება, ჯერ კიდევ, ძალგვიძს. ერთი წესია, არასოდეს ვადევნოთ თვალი ეფექტურ წარმატებულ თანამშრომლებს პასიურად. ზედმეტი რისკია დემოტივაციისთვის. ამის ნაცვლად, ესაუბრეთ მათ, ჰკითხეთ რას და როგორ უმკლავდებიან და რას გირჩევენ. მოუსმინეთ, რას ამბობენ თავიანთ მიზნებზე.
მიეცით რჩევები. რჩევის მიცემა მათ მოსმენაზე არანაკლებ ეფექტური ყოფილა. თითქოს ამ დროს საკუთარ თავსაც რაღაცას ურჩევთ და სულაც არაა გამორიცხული, ამ დროს თავად გაგინათდეთ გონება.
საინტერესოა, რომ ადამიანები, რომლებსაც კარგი რჩევის მოცემა შეუძლიათ, ყოველთვის არ არიან კარგი შემსრულებლები. როგორც წესი, მთლიანი სურათის კარგად დანახვაში გვეხმარებიან მეგობრები, ოჯახის წევრები და მენტორები. მათაც შეუძლიათ ჩვენი სტიმულის გაღვიძება, საკუთარი თავის მიმართ რწმენის განმტკიცება და განწყობაზე მოყვანა.
დასკვნა
პოზიტიურ ფსიქოლოგიაში, ნაკადის მდგომარეობა განისაზღვრება როგორ მენტალური მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანი მთლიანად ჩართულია კონცენტრირებულად და სიამოვნებით აკეთებს საქმეს. სამწუხაროდ, ყოველთვის ამ მდგომარეობაში არ ვართ, თუმცა, შინაგანი ძალა და მოტივატორი შეიძლება ძალიან დაგვეხმაროს. ამიტომ, უნდა ვეცადოთ განვსაზღვროთ, რა არის ჩვენი სტიმულატორი და დავაკვირდეთ ჩვენს სურვილებსა და მოთხოვნილებებს.
წყარო: HBR