18
Sep
2018

თანამშრომლებს მეტი ინფორმაცია სჭირდებათ! ეს აუცილებელია კომპანიის წარმატებისთვის!

18 Sep 2018

„1996 წელს, ჩემი პირველი კომპანია რომ შევქმენი, მას შემდეგ ვფიქრობ, აუცილებელია, თითოეული თანამშრომელი, მაქსიმალურად, ინფორმირებული იყოს. ყველამ უნდა იცოდეს, რა ხდება ორგანიზაციაში. წარმატების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი ნამდვილად არის გამჭვირვალობა. მანამდე პირიქით ვთვლიდი. მქონდა „ხელმიუწვდომელი ინფორმაცია“ და მეგონა, რაც ნაკლებ ადამიანს ეცოდინება, კომპანიისთვის უკეთესი იქნება-მეთქი. დრო გავიდა. ბევრი რამ შეიცვალა და მათ შორის მეც“, – ამბობს Inc.-ის ერთ-ერთი ავტორი და უძრავი ქონების კომპანია LendingOne-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ბილ გრინი.

pasha-statiebi
pasha-statiebi

მისი თქმით, ყველაზე ხშირად, სხვა ორგანიზაციის თანამშრომლებისგან, მხოლოდ ერთი ფრაზა – „წარმოდგენა არ მაქვს, ჩემს კომპანიაში რა ხდება“ – ესმოდა:

„ისიც კი არ იცოდნენ, როგორ ვითარდებოდა კომპანია, ან მათ რა სარგებელი მოჰქონდათ ორგანიზაციისთვის. კიდევ უარესი, ვხვდებოდი ადამიანებს, ვისაც წარმოდგენა არ ჰქონდა კომპანიის გრძელვადიანი გეგმების შესახებ, ან თანამშრომლებს რა ელოდათ მომავალში. ცხადია, ეს გაურკვევლობა, მათი მუშაობის ხარისხზე აისახებოდა.

დღეს, ზუსტად ვიცი, რომ კომპანიის წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შიდა კომუნიკაცია. ამიტომ, ვცდილობ, ჩემმა თანამშრომლებმა ყოველთვის იცოდნენ, რა ხდება ორგანიზაციაში. პირადად მე, სამი გზა გამომიცდია, რაც ძალიან ეფექტურია, ასეთ დროს.

თუ ინფორმაცია კონფიდენციალური ან სახიფათო არ არის, გაუზიარეთ თანამშრომლებს!

არსებობს კომპანიები, მაგალითად, Apple და Google, რომლებსაც კონფიდენციალურობის ძალიან მკაცრი პროტოკოლი აქვთ. მათი თითოეული პროექტი იმდენად მასშტაბურია და ბაზარი იმდენად კონკურენტული, რომ არის გარკვეული ინფორმაცია, რომელიც არც ორგანიზაციის შიგნით და მით უმეტეს, არც გარეთ, არ უნდა გავრცელდეს.

ამ მიდგომას აბსოლუტურად ვეთანხმები, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ, ასეთი ინფორმაცია ძალიან ცოტაა. რეალურად, დიდი განსხვავებაა, თქვენი ყველაზე მასშტაბური ინიციატივების საიდუმლოდ შენახვასა და იმ სიტუაციას შორის, როცა თანამშრომლებს კომპანიის მისიაზე არ აქვთ ინფორმაცია. პირველი, როგორც უკვე აღვნიშნე, მეორე – არა.

ამიტომ, მგონია, რომ თუ ინფორმაცია არ არის კონფიდენციალური და რაიმე საფრთხის შემცველი, აუცილებლად უნდა იცოდნენ გუნდის წევრებმა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ აბსოლუტურად ყველამ ყველაფერი გაიგოს. თქვენ ვალდებული ხართ, იმ თანამშრომელს გააცნოთ ყველა დეტალი, ვინც კონკრეტულ პროექტზე მუშაობს და ვის საქმეშიც ამის ცოდნა, რაღაცას შეცვლის.

სხვადასხვა კომპანიას ინფორმაციის გაზიარების განსხვავებული მეთოდები აქვთ. ზოგგან თანამშრომლები ორშაბათს ან პარასკევს იკრიბებიან და უფროსი სხვადასხვა სახის ინფორმაციას აწვდის. ზოგ ორგანიზაციაში, თითოეულ დეპარტამენტს საკუთარი ხელმძღვანელი ჰყავს და მის უშუალო მოვალეობაში შედის ყველა საკითხზე, თითოეული თანამშრომლის ინფორმირება.

თუმცა, ეს მხოლოდ ჩემი გამოცდილებაა. რეალურად, როგორ უნდა დაარეგულიროთ ეს საკითხი, ყველაზე უკეთ საკუთარი თანამშრომლები გეტყვიან. სცადეთ მათთან პირისპირ საუბარი, ყველაზე ეფექტურია.

გუნდი ერთიანი უნდა იყოს. ეს ინფორმაციასაც ეხება! 

როცა კომპანიის მენეჯერი ან ხელმძღვანელი, თანამშრომლებს არ უხსნის, რა ხდება ორგანიზაციაში და მნიშვნელოვან დეტალებს არ აცნობს, ხალხი უბრალოდ დაბნეული და ერთამანეთისგან გათიშულია. ამის გამო, ძალიან უჭირთ კოლაბორაცია. შედეგად გუნდი არაეფექტური, არაპროდუქტიული და რაც ყველაზე უარესია, ნაკლებად მოტივირებულია.

ზოგჯერ, საშუალო რგოლის მენეჯერები იმდენად სუსტები არიან, თანამშრომლების ინფორმირებას ვერ ახერხებენ და ეს ხალხი, უბრალოდ, თამაშს გარეთაა. მაგალითად, შეხვედრაზე იმის მაგივრად, რომ განხილონ, როგორ გახდეს საოპერაციო დეპარტამენტი უფრო ეფექტური, გაყიდვების გუნდის წარმატებასა და მათ ბონუსებზე საუბრობენ.  ეს კი რეალურად, გუნდის მუშაობას ვერ გააუმჯობესებს.

თანამშრომლებს გაუზიარეთ ყველაფერი, რაც მათ გააძლიერებს. ნუ იქნებით ეგოისტი! 

ხელმძღვანელები და საშუალო რგოლის მენეჯერებიც კი, დიდ შეცდომას უშევებენ, როცა დუმილს ამჯობენებენ. თანამშრომლებმა უნდა იცოდნენ კომპანიის მთავარი მიზანი, გეგმები და თავიანთი როლი ამ ყველაფერში. ასე გაცილებით პროდუქტიულები არიან და ეფექტურად მუშაობენ. სამწუხაროდ, ასეთი მიდგომა, ორგანიზაციის კულტურად ყალიბდება – ზემდგომები, ჩვეულებრივ თანამშრომლებს მუდმივად აგრძნობინებენ, რომ არის რაღაც, ხელმიუწვდომელი, რომ მათი ფუნქცია ცალკეული დავალებების შესრულებაა და არა გუნდის ერთიანი სტრატეგიისა და საერთო საქმისთვის მნიშვნელოვანი საქმის კეთება.

ამიტომ, ძვირფასო მენეჯერებო, დირექტორებო და დამფუძნებლებო, გააცანით კომპანიის მისია, თქვენი ხედვა და გეგმები თანამშრომლებს. აგრძნობინეთ, რომ ერთი მთლიანობის მნიშვნელოვანი კომპონენტები არიან და მათ, რალურად, სერიოზული წვლილი შეაქვთ საერთო წარმატებაში“.

წყარო: Inc.



განხილვა