in

80-იანი წლების კომპიუტერში დახატული ილუსტრაციები $1.65 მილიონად იყიდება

1986 წელს ფსიქოლოგმა ტიმოთი ლირიმ მხატვარ კით ჰარინგს Amiga-ს პერსონალური კომპიუტერი გადასცა, რათა უილიამ გიბსონის ცნობილი რომანის, „ნეირომეცნიერის“ ვიდეოთამაშისთვის შესაბამისი ილუსტრაციები შეექმნა.

ვინაიდან ტექნოლოგიური სამყაროს სიახლეებში შედარებით კარგად ერკვეოდა, ჰარინგმა საკუთარ თავს უფლება მისცა, ძალისხმევა ციფრული შემოქმედებისკენ მიემართა. ასე შექმნა თამამი ნამუშევრები, გამსჭვალული ცოცხალი ვიზუალური ენით, სიმბოლური მოტივებითა და მკვეთრი ფერთა პალიტრით.

ამ დრომდე ეს „ციფრული ტილოები“ მყარ დისკზე საგულდაგულოდ ინახებოდა და მათი არსებობის შესახებ მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა თუ იცოდა… ახლა კი კრისტის აუქციონის სახლმა გადაწყვიტა, თანამედროვე ხელოვნების ნამდვილი განძი სააშკარაოზე გამოეტანა — კერძოდ, იმართება ონლაინ აუქციონი, სახელწოდებით Keith Haring: Pixel Pioneer.

მთელი ეს ღონისძიება კითს წარმოაჩენს, როგორც ციფრული ლანდშაფტის პიონერ ხელოვანს. თანაც, გილ ვასკესის, ჰარინგის ფონდის აღმასრულებელი დირექტორისა და პრეზიდენტის თქმით, ხელოვანი ჩვენს ცხოვრებაში კომპიუტერის როლს წინასწარმეტყველებდა. ის მოწყობილობას აღიქვამდა, როგორც გალერეების მიღმა იდეების გადმოცემისა და ხელოვნების დემოკრატიზაციის ინსტრუმენტს.

„ჰარინგი თავის დროს უსწრებდა, ისევე, როგორც ყველა დროის უდიდესი მხატვარი. და ახლა, როცა Web 3 ტექნოლოგია მის ხედვას ემთხვევა, სიამოვნებით ვაზიარებთ მის ნამუშევრებს“, — აღნიშნავენ აუქციონის ორგანიზატორები. ამრიგად, აუქციონზე წარმოდგენილი იქნება ხუთი NFT, თითოეული მათგანის ღირებულება კი $200 000-დან $500 000-მდე მერყეობს. მთლიანი კოლექციის ფასი კი $1.65 მილიონს მიაღწევს.

რა უნდა გააკეთოთ, თუ შვებულების დროს ვერ დაისვენეთ?

Zoooooooooooom — კომპანიის „ახალ სახელს“ ცნობილი კომენტატორი ახმოვანებს