2
May
2019

თბილისში Kempinski-ის სასტუმრო შენდება

2 May 2019

დეველოპერულმა კომპანიამ „m² უძრავი ქონება“ “Kempinski Hotels”-თან ხელშეკრულება გააფორმა – მთაწმინდაზე ამ ბრენდის სასტუმრო აშენდება, რომელიც სულ მცირე, 95 ნომერს გააერთიანებს და სავარაუდოდ, 2020 წლის შემოდგომაზე გაიხსნება. პროექტი სასტუმროების ქსელის განვითარების ფარგლებში ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ 1897 წელს დაარსებული, “Kempinski Hotels” ევროპის მაღალი კლასის სასტუმროების მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ჯგუფია.

 

„ფართო სივრცული გეგმარება სასტუმროს დიზაინის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს. “Kempinski” დამსვენებლებს ქალაქში ყველაზე დიდი ფართის სტანდარტულ ნომრებს (40 კვ.მ) და კიდევ უფრო ფართო ლუქსებს შესთავაზებს. სასტუმროს გამოარჩევს შთამბეჭდავი ხედები, როგორც დამსვენებლების ნომრების ტერასებიდან, ისე ყველა სტუმრისთვის ხელმისაწვდომი, სასტუმროს ბოლო სართულზე განთავსებული ტერასიდან.

m²-ის წარმომადგენლების თქმით, “Kempinski” პოზიციონირდება, როგორც კულინარიული ჰაბი და არის წარმოდგენილი ექსკლუზიური, გასტრონომიული შეთავაზებებით ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრისთვის.

„მთაწმინდაზე, “Kempinski”-ს მიმდებარედ კლდეში არსებულ გვირაბში ღვინის ბარი მოეწყობა, სადაც ვიზიტორები საუკეთესო ქართული და ევროპული ღვინის დაგემოვნებას შეძლებენ. სასტუმროს ბოლო სართულზე მდებარე რესტორნისა და ბარის კონცეფცია განსაკუთრებულია: მას გამოარჩევს კერძების სტუმრების თვალწინ მომზადების პროცესი. ამასთან, გარემოს განსაკუთრებულს ხდის ძველი თბილისის შეუდარებელი ხედებიც. ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ VIP ზონით და კერძო სავახშმო ტერასით. ლაუნჯი, სიგარ ლაუნჯი და კლუბი კი სრული რელაქსაციისა და გართობისთვის განსაკუთრებულ გარემოს შემოგვთავაზებს. 500 კვ.მ ფართობზე მდებარე სრულად აღჭურვილი სპა დამატებით დასასვენებელ სივრცეებს მოიცავს: დამსვენებლებს აქ შეეძლებათ აუზით, სოლარიუმითა და თანამედროვე ფიტნეს – ცენტრით ისარგებლონ“.

m²-ის გენერალური დირექტორი ირაკლი ბურდილაძე ამბობს, რომ ახალ სასტუმროში ტურისტებს როგორც მეზობელი ქვეყნებიდან, ისე გლობალური მასშტაბით მოიზიდავენ.

„მოხარულები ვართ “Kempinski Hotels”-თან პარტნიორობით. “Kempinski” სასტუმროებისა და საცხოვრებელი კომპლექსების მართვაში მთელ მსოფლიოში ცნობილია თავისი გამოცდილებითა და მაღალი ხარისხით. ჩვენ ერთად ავიყვანთ პრემიუმ კლასის გამოცდილებას ახალ საფეხურზე თბილისში. ამ სასტუმროში მოვიზიდავთ ტურისტებს, როგორც მეზობელი ქვეყნებიდან, ისე გლობალური მასშტაბით, სადაც “Kempinski Hotels”-ის ბრენდს უკვე აქვს ძლიერი რეპუტაცია. ვამაყობთ, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს თბილისისა და საქართველოს აუცილებლად სანახავ ტურისტულ ლოკაციად ჩამოყალიბებაში, რომლის მთავარ კომპონენტებს წარმოადგენს ხანგრძლივი ისტორია, გასტრონომია და კულტურა“.

“Kempinski Hotels”-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ბერნოლდ შრიოდერის თქმით, კომპანია ზრდის ტენდენციას 2019 წელშიც აგრძელებს, ამის ერთ-ერთი მაგალითი კი თბილისში განხორციელებული პროექტი იქნება:

„გასულ წელს ჩვენი გეგმის 18%-იანი ზრდის შემდეგ მოხარული ვარ განვაცხადო, რომ 2019 წელსაც  ვაგრძელებთ ამ პოზიტიურ ტენდენციას და ჩვენს ინოვაციურ სულისკვეთებას ვაჩვენებთ იმით, რომ საქართველოს ულამაზეს დედაქალაქში, თბილისში, პრემიუმ კლასის პირველ სასტუმროს ვთავაზობთ დამსვენებლებს“.

 

განხილვა