in

“კერა” — ჯონ რიფენჰოფისა და მამუკა ჯაფარიძის კოლაბორაციული გამოფენა

თვითონ გარემომ შეიძლება გიკარნახოს სწორი ნაბიჯები და სამშვიდობოს გაგიყვანოს…


გალერეა ართბითი ამერიკელი ხელოვანის, ჯონ რიფენჰოფისა და მამუკა ჯაფარიძის კოლაბორაციულ გამოფენას წარმოგვიდგენს, სახელწოდებით “კერა”. გამოფენა 29 ოქტომბრიდან 12 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

“გარემოებების გამო, როცა უცნობ გზაჯვარედინზე მოხვდები, მერყეობა გეწყება. არ იცი საით წახვიდე და რა გზას დაადგე. ასეთ დროს, თუ შესაბამისი ინტუიცია და დაკვირვების უნარი გაქვს, თვითონ გარემომ შეიძლება გიკარნახოს სწორი ნაბიჯები და სამშვიდობოს გაგიყვანოს. თანამედროვე სამყაროს მდგომარეობაც რაღაცნაირად გზაჯვარედინზე დეზორიენტირებულად ყოფნას ჰგავს — ხვდები, რომ უკან ჩვეულ ცხოვრებას ვეღარასოდეს დაუბრუნდები და წინ კიდევ სტაბილური და მყარი პერსპექტივა არანაირად აღარ მოჩანს” — ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში.

მხატვარ მამუკა ჯაფარიძეს შინდისში რეზიდენცია აქვს მოწყობილი და შემოქმედებითი კოლაბორაციისთვის, სხვადასხვა ქვეყნიდან ხშირად იწვევს ხელოვანებს. მამუკა ჯაფარიძის ხელოვნება მჭიდროდ არის მორგებული ადგილის სპეციფიკის ფენომენთან, რაც სრულიად ბუნებრივი ფაქტორია ხელოვანისა და გარემოს სინთეზის პროცესში.

სწორედ მოწვევის შედეგად მოხვდა მილუოკელი არტისტი, ჯონ რიფენჰოფი მამუკა ჯაფარიძის რეზიდენციაში. ჯონის მიერ შინდისის რეზიდენციაში მუშაობის დაწყებისთანავე, მისი ყურადღება უმცირესი დეტალებისათვის დამახასიათებელმა შინაარსებმა მიიქცია. მისი შემოქმედების ყურადღების ცენტრში მოექცა ყველაფერი ირგვლივ არსებული და მათი ტილოებზე გადმოტანა მინიმალისტური ხედვით დაიწყო. საბოლოოდ, ჯონმა პატარა ფორმატის ექვსი ფერწერული ნამუშევარი შექმნა — მათ შორის, მამუკა ჯაფარიძის პორტრეტი და ცის თემატიკით გაჟღენთილი სურათები.

რაც შეეხება მამუკა ჯაფარიძეს, როგორც ღონისძიების აღწერაში ედიშერ ბერიძე წერს, “თონესთან მაგიდაზე გაშლილი, ჩარჩოზე გადაკრული და ციანო საღებავებით მკრთალად დაგრუნტულ ტილოზე ყოველდღიურად ჩნდებოდა ბუნების მიერ გაკეთებული უხილავი ჩარევის კვალი. ქარის, წვიმის და მზის “მონასმები” აქა-იქ გაბნეულ ყურძნის წიპწებთან ერთად საინტერესო გრადაციებად იშლებოდა სიბრტყეზე და ცასავით უსასრულო შრეებს აჩენდა”. 

თბილისის ძველ უბანში, გალერეა “ართბითის” სივრცეში ჯონ რიფენჰოფისა და მამუკა ჯაფარიძის კოლაბორაცია გალერეის ისტორიული შენობის გრანიტის ბუხრის ირგვლივ კონცენტრირდება. თავის მხრივ, ეს ნამუშევრების შექმნის ადგილის ხასიათსა და სპეციფიკას უსვამს ხაზს. ურბანულ სივრცეში გადმოსული სურათები საკუთარ იდენტობას სრულად ინარჩუნებს…

გამოფენის შესახებ დამატებითი ინფორმაცია, შეგიძლიათ იხილოთ გალერეის ვებგვერდზე: www.galleryartbeat.com


კომბუჩას ქართული ბრენდი „ჰენკა“ Kombucha Summit 2021-ზე წარდგა

შეიტანე წვლილი. #იყავი კიბერფრთხილი – კიბერუსაფრთხოების ცნობიერების თვე ოქტომბერში აღინიშნა