in

კერძო სასტიპენდიო ფონდი სტუდენტებისთვის!

fondiქვეყნის განვითარების გზა ყოველთვის განათლებაზე გადის. დახვეწილი საგანმანათლებლო სისტემა სწავლის ყველა ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებისა თუ სტუდენტების წახალისება და მათთვის თანაბარ პირობებში სწავლის საშუალების მიცემა. სამწუხაროდ, დღესდღეობით ქვეყანაში არსებული საკმაოდ მძიმე სოციალური პირობების გამო, ძალიან ბევრი სტუდენტი ვერ ახერხებს საკუთარი სახსრებით სწავლის დაფინანსებას. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი რესურსი კი, როგორც წესი, საკმარისი არ არის. სწორედ ამ პრობლემის გარკვეულწილად მოსაგვარებლად შექმნეს არასამთავრობო ორგანიზაცია “რეგიონული განვითარების საზოგადოება, სასტიპენდიო ფონდი” ნათია ბუკიამ და ფისო კიღურაძემ. ფონდის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტი განათლების სფეროა. ახალგაზრდების სწავლის სურვილის, მოტივაციისა და შრომისმოყვარეობის წახალისება კი ფონდის მთავარი მიზანია. ფონდის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად მარკეტერი ნათია ბუკიას ესაუბრა.

pasha-statiebi
pasha-statiebi

M: გვიამბეთ თქვენს შესახებ

მე, ნათია ბუკია განათლებით ვარ ფინანსებისა და ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტი. სწავლა დავიწყე თბილისში, კავკასიის უნივერსიტეტში, ფინანსების ფაკულტეტზე. მესამე კურსიდან სწავლა ლონდონში, ვესტმინსტერის უნივერსიტეტში გავაგრძელე, ბუღალტერიისა და ბიზნესის მენეჯმენტის განხრით. ორი წლის სამუშაო გამოცდილების შემდეგ, ლონდონის ბიზნესის სკოლის MBA პროგრამა გავიარე. მაქვს გამოცდილება სხვადასხვა სფეროში ფინანსებსა და ბიზნესის მართვაში. ამჟამად ვუძღვები ჩემს გალერეას Project art beat-ს (www.projectartbeat.com).

ჩემი პარტნიორი ფისო კიღურაძე კი პროფესიით ჟურნალისტია. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, შემდეგ ჯიპას ინგლისურ ენოვანი  მაგისტრატურა – ჟურნალისტიკა და მედია მენეჯმენტი და ახლა სწავლობს  მასკომუნიკაციის პროგრამის დოქტურანტურაზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტში.

ამჯერად მუშაობს თავის სარეკლამო კომპანიაში „სიესტას სარეკლამო მომსახურება“. აქვს 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა სფეროში.

natia bukia 1M: საიდან გაჩნდა ფონდის შექმნის იდეა

ფონდის შექმნის იდეა გაჩნდა 2014 წლის დეკემბერში, როდესაც გადაცემა “პოსტ სკრიპტუმში” გავიდა სიუჟეტი თინა მახათაძის შესახებ. გოგონა, რომელიც მეეზოვედ მუშაობდა იმისთვის, რომ სწავლა დაეფინანსებინა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აღვფრთოვანდი თინას მოტივაციით და დავუკავშირდი. მინდოდა ჩემი წვლილი შემეტანა მის განათლების მიღებაში. აღმოჩნდა, რომ გადაცემის მერე თინას უკვე დაეხმარნენ, მაგრამ თინა ერთადერთი არ იყო, ვისაც სწავლის დაფინანსება უჭირდა. ასე დამაკავშირა მარიამ არხოშაშვილს, გორის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტს, რომელსაც დავეხმარე. ამ ორი ისტორიის გაგების შემდეგ დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ საქართველოში თურმე არსებობს პრობლემა, რომ უსახსრობის გამო მოტივირებულ ახალგაზრდებს უჭირთ სახელმწიფო უნივერსიტეტშიც კი განათლების მიღება. მარიამმა თავის ‘სამოტივაციო წერილში’ მომწერა, რომ ერთადერთი მიზეზი რატომაც ეროვნული გამოცდები ჩააბარა იყო ის, რომ საკუთარი თავისთვის დაემტკიცებინა ამის შესაძლებლობა, თორემ სწავლის გაგრძელებაზე თავიდან არც კი ოცნებობდა. მერე გავაცნობიერე ის, რომ ქვეყანაში არ არსებობს კერძო სასტიპენდიო ფონდი, რომელიც სტუდენტებს აფინანსებს. ერთადერთი არჩევანი, რომელიც სტუდენტებს აქვთ რეალურად სახელმწიფო გრანტია. სტუდენტური სესხებიც ძალიან ნაკლებად არის განვითარებული. მეორე მხარე არის ის, რომ ჩემნაირ, კერძო პირებს, რომელთათვისაც განათლება ძალიან მნიშვენლოვანია და აქვთ სურვილი საქართველოს ახალგაზრდების განათლების მიღებაში თავისი წვლილი შეიტანონ, ამის საშუალება არ აქვთ. იგივე შეიძლება ითქვას კერძო კომპანიებზე. რა თქმა უნდა, არიან კერძო კომპანიები, რომლებიც ქველმოქმედების სახით სტუდენტებს აფინანსებენ, თუმცა ამას ორგანიზებული ხასიათი არ აქვს. თან მათ მთავარ საქმიანობას არ წარმოადგენს სტუდენტების მოძიება, დაფინანსება და შემდეგ მათი მონიტორინგი. ამაზე რესურსს არც უნდა ხარჯავდნენ იმ შემთხვევაში, რომ არსებობდეს ამაზე ორიენტირებული, სანდო და გამჭვირვალე სასტიპენდიო ფონდი, რომლის მეშვეობითაც უკვე შეძლებდნენ სტუდენტების დაფინანსებაში თავიანთი წვლილის შეტანას. აქედან დაიბადა აზრი, რომ რეალურად არსებობდა კერძო სასტიპენდიო ფონდის არსებობის საჭიროება და მოთხოვნილებაც. მე და ფისომ ეს ფონდი ჩვენი უკვე არსებული რეგიონული განვითარების საზოგადოების არასამთავრობო ორგანიზაციის ქვეშ გადავწყვიტეთ რომ გაგვეკეთებინა, რადგან ეს პრობლემა ძირითადად რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს აქვთ. რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს იდეა გავუზიარეთ განათლების სფეროში ექსპერტს, ქალბატონ თამარ მოსიაშვილს, რომელმაც იდეა ძალიან მოგვიწონა და დაგვიდასტურა ასეთი ფონდის აუცილებლობა და მნიშვნელობა. ქალბატონმა თამარმა შემდეგ კვლევა ჩაატარა, ‘საქართველოში სიღარიბის გავლენა განათლებაზე’. ამ კვლევამ დაადასტურა ჩვენი ყველა ვარაუდი. დიდი მადლობა მინდა აქვე გადავუხადო ქალბატონ თამარს, რომელიც აქტიურად არის ჩართული ჩვენი ფონდის საქმიანობაში და ყველანაირად გვერდში გვიდგას.

natia bukia 3M: კონკრეტულად რას მოიცავს ფონდის საქმიანობა ?

ფონდი არის კლასიკური კერძო სასტიპენდიო ფონდი, რომელიც სტუდენტების დაფინანსებას ისახავს მიზნად. ეროვნული გამოცდები ვერ ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორებიც ვთქვათ საქართველოს სხვადასხვა სკოლებში არათანაბარი სწავლის დონეა. ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად ყველა აბიტურიენტი თანაბარ პირობებში არ არის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აბიტურიენტის მოტივაცია და მისი მოსწრების თანმიმდევრობა და არა მხოლოდ ერთჯერადი ნიშნები. გასაგებია, რომ სახელმწიფოსთვის შეუძლებელია ამდენი აბიტურიენტის შემთხვევის ინდივიდუალურად განხილვა. სწორედ ამისთვის არსებობს კერძო სასტიპენდიო ფონდი, რომელმაც ყველა აპლიკაცია ინდივიდუალურად უნდა განიხილოს. მთავარი კრიტერიუმები, რის მიხედვითაც ხდება სტუდენტების შერჩევა მათი აკადემიური მოსწრება და მოსწრების თანმიმდევრობა (რამდენად წლების განმავლობაში კარგად სწავლობს სტუდენტი), სოციალური მდგომარეობა და სტუდენტის მოტივაციაა. რეალურად ამ ახალგაზრდებისთვის განათლების მიღება ერთადერთი გზაა, რომ იმ რეალობიდან გამოვიდნენ, რაშიც ახლა ცხოვრობენ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დონორები დარწმუნებული იყვნენ იმაში, რომ მათ მიერ მოცემული სახსრები ნამდვილად იმ ახალგაზრდებზე იქნება მიმართული, ვისაც ეს ყველაზე ძალიან ესაჭიროებათ. აქტიურად ვთანამშრომლობთ უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან და დეკანების და ლექტორების მეშვეობით ვამოწმებთ ჩვენი აპლიკანტების ისტორიების ნამდვილობას.

M: რამდენი ხანია რაც ფონდი არსებობს და ამ დროის განმავლობაში რამდენი სტუდენტის დაფინანსება მოახერხეთ?

ფონდის რეალურად 2015 წლის ზაფხულში დავაფუძნეთ. პირველ ეტაპზე გადავწყვიტეთ, რადგან საპილოტე წელი იყო და ჩვენც გამოცდილება გვჭირდებოდა, ერთი კონკრეტული უნივერსიტეტი აგვერჩია. რეგიონის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავირჩიეთ. ჩვენს საქმიანობაში აქტიურად ჩავრთეთ თინა მახათაძეც, რომელიც უკვე გორის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტია და ძალიან აქტიური ადამიანია. პირველ წელს მოვახერხეთ გორის უნივერსიტეტის 5 სტუდენტის დაფინანსება.

fondi 1M: ახლა მუშაობის რა ეტაპზე ხართ?

ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი პრიორიტეტია მაქსიმალურად მეტი დონორის მოძიება, უფრო მეტად, კერძო კომპანიების სახით. უკვე არის დაინტერესება რამდენიმე კომპანიისგან. ვაპირებთ რომ სხვებთან პირადად მივიდეთ და გავაცნოთ ჩვენი ფონდის საქმიანობის შესახებ, იმ პრობლემებზე, რომლებსაც საქართველოში არსებული მძიმე ეკონომიკური ფონი ქმნის განათლების მიღებაზე და დავარწმუნოთ ისინი ჩვენი ფონდის არსებობის მნიშვნელობაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალ წელს გვქონდეს ფიქრისებული ბიუჯეტი, რომ ზუსტად განვსაზღვროთ რამდენი სტუდენტის დაფინანსება შეგვიძლია და ამის მიხედვით ვიმოქმედოთ.

M: როგორ ხდება ფონდისთვის სახსრების მოძიება?

პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ჩვენს ოჯახის წევრებს და მეგობრებს მივაკითხეთ. ფეისბუქზე ჩვენი აქტივობების შესახებ ინფორმაციის გაზიარებამ გამოიწვია ის, რომ არა მარტო ჩვენი მეგობრები, არამედ ჩვენი უბრალო ნაცნობებიც თავისი ინიციატივით დაგვიკავშირდნენ და გამოთქვეს სურვილი ფონდის საქმიანობაში თავისი წვლილის შეტანის. ორმა კომპანიამ,  “Appidea”-მ და “ასკანელმა ძმებმა” უკვე მთლიანად დააფინანსეს ორი სტუდენტის ერთი წლის სწავლა. ძალიან დიდი მადლობა მათ. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ადამიანები მხოლოდ მატერიალურად კი არა, არამედ თავისი ცოდნით და გამოცდილებითაც გვეხმარებიან. თავიანთი კონტაქტებით გვაკავშირებენ კომპანიებს. რეკომენდაციებს გვიწევენ. სასტუმრო “რუმსის” და “ასკანელი ძმების” მეშვეობით მოვახერხეთ 25 დეკემბერს სასტუმრო “თბილისი რუმსში” ფონდის პრეზენტაციის მოწყობა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ანა კვანჭილაშვილს, ილიას უნივერსიტეტის პიარის სამსახურის ხელმძღვანელს, რომელიც ასევე ძალიან ბევრ რამეში გვეხმარება, გვაძლევს რჩევებს და რაც მთავარია, დაგვეხმარა ჩვენი სტიპენდიანტების მონაწილებით პატარა ვიდეოების გაკეთებაში, სადაც საზოგადოებას ისინი თავიანთ ისტორიებს უზიარებენ.

natia bukia 2M: რა ეტაპზე შეუძლია კერძო ბიზნესს ფონდის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება

კერძო ბიზნესს უკვე შეუძლია ჩვენი ფონდის საქმიანობაში ჩართვა. ჩვენ ღია ვართ ყველანაირი შემოთავაზებისთვის. ზოგ კომპანიას პრიორიტეტული სფეროები აქვს. მზად ვართ მათთვის სპეციალური სტიპენდიები შევქმნათ, რომლებიც მათი ინტერესის სფეროში განათლებას შეეხება. ასევე მზად ვართ, რომ სახელობითი სტიპენდიები შევქმნათ და კონკრეტულ სტიპენდიას კონკრეტული კომპანიის ან კერძო პირის სახელი დავარქვათ. მათ ასევე შეუძლიათ კერძოდ აარჩიონ, კონკრეტულად რომელი სტუდენტის დაფინანსება უნდათ. რადგან თითო სტუდენტის ერთი წლის სწავლის საფასური მხოლოდ 2250 ლარია, მგონია, რომ ძალიან ბევრ კომპანიას შეუძლია ჩვენს ფონდში ჩართვა და თუნდაც პატარა წვლილის შეტანა. ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილური დონაციები, ვთქვათ რომ ვიცოდეთ, რომ კომპანია ყოველ წელს 1 სტუდენტს აფინანსებს. ეს ჩვენ დაგვეხმარება, რომ წელი დავგეგმოთ და მაქსიმალურად პროდუქტიულად მივმართოთ შეგროვილი ბიუჯეტი.

M: ამ ეტაპზე რა არის თქვენი ფონდის პროგრამა მაქსიმუმი ?

რეალურად პროგრამა მაქსიმუმი არ გვაქვს. დიდი ამბიციებით არ დაგვიწყია ამ საქმის კეთება. მეც და ფისოსაც სხვა ძირითადი საქმე გვაქვს და ამას ჩვენი ინიციატივით ქველმოქმედების სახით ვაკეთებთ. ასეა ყველა, ვინც ჩვენს ფონდს ეხმარება. ხელფასიანი თანამშრომელი არ გვყავს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული სტუდენტი, ვის დახმარებასაც შევძლებთ, თუმცა გვიფიქრია იმაზე, რომ თუ სწორი გზით წავალთ და მართლა ღირებული აღმოჩნდება ეს ფონდი ბევრი ადამიანისთვის, შეიძლება ფონდი გაიზარდოს. ამას ბევრი შრომა დასჭირდება და გამოცდილებაც, რომელსაც ნელ-ნელა ვაგროვებთ და იმ ხალხისგან ვიღებთ, რომლებიც უანგაროდ გვეხმარებიან.

M: ფონდის სამომავლო გეგმებზეც მოგვიყევით

ფონდის სამომავლო გეგმები არის პირველ რიგში ის, რომ შევქმნათ რაღაც რაოდენობის ბიუჯეტი მომავალი წლისთვის, რომ ვიცოდეთ რისი გაკეთება შეგვიძლია. მომავალ წელს აუცილებლად ჩავრთავთ სხვა უნივერსიტეტებსაც. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მეორე სახის პრობლემა განათლების სფეროში, რომელზეც თავის კვლევაში დოქტორი მაია ჩანქსელიანი საუბრობს. სამწუხაროდ, თურმე ახალგაზრდები მაღალმთიანი სოფლებიდან 12-ჯერ უფრო ნაკლებად ირჩევენ პრესტიჟულ უნივერსიტეტებს, ვიდრე არაპრესტიჟულ უნივერსიტეტებს (უნივერსიტეტის არჩევა ხდება ეროვნულ გამოცდებამდე). იქიდან გამომდინარე, რომ გეოგრაფია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია უნივერსიტეტის არჩევისას ანუ რამდენად ახლოს არის უნივერსიტეტი სტუდენტის საცხოვრებელ სახლთან, სამწუხაროდ ის ბავშვებიც კი, ვინც იმდენად ნიჭიერია, რომ ყველა პირობის მიუხედავად შეუძლია ეროვნული გრანტის მოპოვება, მაინც ნაკლებად პრესტიჟულ უნივერსიტეტს ირჩევენ იმის გამო, რომ თბილისში გადასვლის შესაძლებლობა არ აქვთ. ძალიან გვინდა, რომ საცხოვრებელი სტიპენდიები შევქმნათ და განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვებს დავეხმაროთ უკეთესი განათლების მიღებაში. თუნდაც ჩვენი ბენეფიციარის მაგალითი რომ ავიღოთ, ილიას უნივერსიტეტში მან სახელმწიფო გრანტის მოპოვება შეძლო, ხოლო გორის უნივერსიტეტში ვერ. ოჯახმა მაინც გადაწყვიტა, რომ გორის უნივერსიტეტში სწავლის ღირებულების გადახდა ნაკლები დაუჯდებოდა, ვიდრე შვილის თბილისში საცხოვრებლად გაგზავნა.



ნუ წააგებ ვალენტინობას – Adress-ი ვალენტინობისთვის ემზადება

“Volkswagen”-ი სკანდალის შემდეგ დაბრუნდა