ბოლო წლებში საქართველოში აქტიურად გამოიყენება ტერმინი „სამოქალაქო განათლება”, სკოლებში რამდენიმე წლის წინ საგანიც გაჩნდა „მე და საზოგადოება”, რომელიც ჯერ კიდევ დაწყებითი კლასის საფეხურზე მყოფ ბავშვებს ასწავლის, თუ როგორ იყვნენ უკეთესი მოქალაქე, რა არის მათი უფლებები, რისი გაკეთება შეიძლება და არ შეიძლება, როცა გინდა, რომ კარგი მოქალაქე იყო, რა არის დისკრიმინაცია, რა როლი აქვს ბიზნესს სახელმწიფო განვითარებისთვის და სხვა. ერთი სიტყვით, ესაა საგანი, რომელიც რაიმე კონკრეტულზე კი არაა კონცეტრირებული და სხვა საგნებივით ანატომიას, ფორმულებს ან თემების წერას ვერ ასწავლის, მაგრამ მასში თავმოყრილია მთელი ნაკრები იმ მნიშვნელოვანი საკითხებისა, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ადამიანი პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქედ.
იმის მიუხედავად, რომ როგორც ვთქვით, სკოლებში ეს საგანი არსებობს, ვერ ვიტყვით, რომ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ღონისძიება ტარდება, ყველა მოქალაქეს ყველაფერი უკვე კარგად აქვს გათვითცნობიერებული ან ამ საგნის ბევრი სპეციალისტი გვყავს. გამომდინარე იქიდან, რომ დიდი ხანი არცაა, რაც ამ მიმართულებით სახელმწიფომ ნაბიჯების გადადგმა დაიწყო, ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, სანამ ხმა ყველას მისწვდება, სანამ ყოველი ადამიანი კარგად გადაიაზრებს ბავშვობის ასაკიდანვე სამოქალაქო განათლების მნიშვნელობას, სანამ ყველა მშობელი, მასწავლებელი, ბიზნესის წარმომადგენელი, სხვადასხვა ორგანიზაცია არ მივა იქამდე, რომ განვითარებულ სახელმწიფოს სჭირდება ბევრი განათლებული მოქალაქე, რომელსაც პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა აქვს, რომელმაც იცის, როგორ იყოს სასარგებლო არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ სხვებისთვისაც.
ამ მიმართულებით სახელმწიფო უწყებების გარდა საერთაშორისო ორგანიზაციებიც მუშაობენ და ერთ-ერთი ასეთია ყველასთვის ცნობილი USAID. სწორედ მათი და დაფინანსებით დაიწყო ახალი პროგრამა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა, რომელსაც PH international ახორციელებს.
პროგრამის მიზანია, მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდა. პროგრამაში კერძო სექტორის ჩართულობის შესაძლებლობებზე, პროგრამის წარმომადგენელს ელენე ჩხეიძეს გავესაუბრეთ:
M: ელენე, უპირველეს ყოვლისა, თქვენით დავიწყოთ – მოგვიყევით PH internatinal-ის მიზანი და თქვენი როლის შესახებ…
PH International ამერიკული არამოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაციაა, რომელიც ოთხი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: განათლების განვითარების პროგრამები; პროფესიული განვითარების პროგრამები; თემის განვითარების პროგრამები და ინტერნეტ ტექნოლოგიური პროგრამები.
სულ ახლახანს, USAID-ის დაფინანსებით დაიწყო სამოქალაქო განათლების ხუთწლიანი პროგრამა, რომლის ფარგლებში განსაზღვრულია თანამშრომლობა 650 სკოლასთან, მთელი ქვეყნის მასშტაბით. პროგრამის მიზანია მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდა. პროგრამა ითვალისწინებს ტექნოლოგიების დანერგვას სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესში, სკოლაში დემოკრატიული კულტურის განვითარების ხელშეწყობას და კერძო სექტორის დაკავშირებას სკოლებთან.
ეს არის ძალიან საინტერესო პროგრამა, რომელიც ეხმიანება მსოფლიო გამოწვევებს – განათლება გახადოს ხელმისაწვდომი და განსაკუთრებით, სამოქალაქო განათლების როლი აქტიურად დაამკვიდროს. სამოქალაქო განათლება გულისხმობს იმის სწავლას, თუ „როგორ ვიყო კარგი მოქალაქე”, ეხება გარემოს დაცვას, ჯანდაცვას, კულტურას და სხვა.
რაც შეეხება ჩემს როლს, მე ვარ კერძო სექტორის ჩართულობის მენეჯერი, რაც ნიშნავს იმას, რომ კერძო სექტორს ექნება შესაძლებლობა ითანამშრომლოს და ჩვენთან ერთად დაგეგმოს სამოქალაქო განათლების მიმართულებით CSR პროგრამები. პროგრამაში კერძო სექტორის ჩართულობა შეიძლება განისაზღვროს როგორც პრო-ბონო მხარდაჭერით, ასევე, ფინანსური ჩართულობითა და სხვადასხვა არამატერიალური რესურსების გამოყოფით. კერძო კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთონ როგორც პროგრამაში დაგეგმილი აქტივობების ფარგლებში, ასევე მათთან ერთად შეგვიძლია დავგეგმოთ ახალი ინიციატივები, რომელიც სამოქალაქო განათლების მხარდაჭერისკენ იქნება მიმართული.
M: რა ტიპის აქტივობებია დაგეგმილი?
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სასკოლო ბიზნეს ფორუმები, რომლებიც საქართველოს 11 რეგიონში ჩატარდება. ადგილობრივი სკოლის საინიციატივო ჯგუფებს ექნებათ შესაძლებლობა, წარუდგინონ მათ მიერ განხორციელებული პროექტები და გააცნონ საჭიროებები კერძო სექტორის წარმომადგენლებს. შემდეგ უკვე უშუალოდ ჩემი ჩართულობით მოხდება გამოვლენა იმ კომპანიებისა, რომლებიც გააგრძელებენ თანამშრომლობას და პარტნიორობას იმ სკოლებთან, რომლებიც მათთვის საინტერესო პროექტებს ახორციელებენ.
ასევე, პროგრამის ფარგლებში მედიასა და ბიზნესის წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა, ეწვიონ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სკოლას და ადგილზევე გაიცნონ მათი პრობლემები და საჭიროებები. პროგრამის წარმატებაში მედიას ძალიან დიდი როლი აქვს, რადგან მას შეუძლია სტიმული მისცეს კერძო კომპანიებს, დაგეგმონ CSR პროექტები. ეს კი, საბოლოოდ, საზოგადოების კეთილდღეობაზე აისახება.
2022 წელს იგეგმება ინოვაციების ფონდის შექმნა, რომელიც ბიზნესებზე გასცემს გრანტებს, რათა განახორციელონ საინტერესო პროექტები. პროექტის მიზანი უნდა იყოს სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა. პროექტის დაგეგმვის ყველა ეტაპზე ვიქნები ჩართული და დავეხმარები კომპანიებს, სწორად დაგეგმონ და განახორციელონ აღნიშნული პროექტები.
ეს არის მხოლოდ მცირედი ჩამონათვალი იმ აქტივობებისა, რაც იგეგმება, ასევე, გვექნება სტაჟირების პროგრამები, სხვადასხვა კონკურსები და დაჯილდოებები და ა.შ.
და რაც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია, პროგრამის ფარგლებში ვთანამშრომლობთ ამერიკულ კომპანია „რეზონანსთან“. ეს არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ეხმარება კერძო კომპანიებს სხვადასხვა სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრასა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში. მათ აქვთ უდიდესი გამოცდილება დაგეგმონ და განახორციელონ პარტნიორული პროექტები. უთანამშრომლიათ ისეთ კომპანიებთან როგორიც არის Pepsi, Unilever, Google და ა.შ.
სწორედ მათთან თანამშრომლობით, პირველ ეტაპზე გაკეთდება საქართველოს ბაზრის მოკვლევა და იმ კომპანიების გამოვლენა, რომლებიც დაინტერესებულები არიან ჩვენთან თანამშრომლობით. შემდეგ უკვე გაკეთდება კერძო სექტორის ჩართულობის სტრატეგია და სწორედ ამ სტრატეგიის მიხედვით გაგრძელდება შემდეგი საქმიანობა.
M: რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ კერძო სექტორი ჩაერთოს და რომელი სფეროები წარმოგიდგენიათ ამ მხრივ რელევანტურად?
პირველ რიგში, ყველას უნდა ესმოდეს, რომ მარტო სახელმწიფოს ჩართულობა არ იქნება საკმარისი, რომ ყველას და, პირველ რიგში, ბიზნესს უნდა ჰქონდეს გააზრებული თავისი ფუნქცია სამოქალაქო განათლების გაძლიერებაში.
კერძო კომპანიებს აქვთ უდიდესი ზეგავლენა როგორც გარემოზე, ასევე, სოციალურ საკითხებზე. სწორედ ამ ზეგავლენების მართვა არის კომპანიის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიზანი. ყველა კომპანიას განსხვავებული ზეგავლენები აქვს, ზოგს უდიდესი უარყოფითი ზეგავლენა აქვს გარემოზე, ზოგი მათგანი ხელს უნდა უწყობს სექტორში ქალების გაძლიერებას და ა.შ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო განათლება არის ისეთი საკითხი, რომელზეც ნებისმიერ კომპანიას შეუძლია ჰქონდეს უდიდესი დადებითი ზეგავლენა.
მნიშვნელოვანია, კომპანიებმა გაიაზრონ, რომ ნებისმიერი პარტნიორობის დროს აუცილებელია ეს იყოს სტრატეგიული გადაწყვეტილება და მათ აიღონ პრობლემის გადაჭრაზე სრული პასუხისმგებლობა. პრობლემის მოსაგვარებლად და დადებითი ზეგავლენის გასაზრდელად, არ არის საკმარისი ერთჯერადი დახმარებები და ერთჯერადი აქტივობები. სწორედ აქ ვერთვები მე და კომპანიებს ვეხმარები, ისე დაგეგმონ და მართონ თავიანთი პროექტები, რომლის შედეგებიც იქნება თვლადი და თვალსაჩინო დადებითი შედეგების მომტანი.
ადრე თუ ბრენდის კომუნიკაცია იყო დაფუძნებული იმაზე, რომ ის ხაზს უსვამდა პროდუქტის ხარისხსა და ფასს, საკომუნიკაციო მესიჯები ჟღერდა ასე „მე ვარ ნომერ პირველი პროდუქტი“, „შეიძინეთ მსოფლიოში საუკეთესო პროდუქტი“ და ა.შ. დღეს თუ დააკვირდებით, წამყვანი ბრენდების უმეტესობა გველაპარაკება არა მხოლოდ მის პროდუქტებზე, არამედ იმ დადებით ზეგავლენებზე, რაც მათ აქვთ სოციალური და გარემოსდაცვითი მიმართულებით. მაგალითად, პასუხისმგებლიანი ბრენდები გვეუბნებიან, რომ მათი კოსმეტიკის წარმოების დროს არ ირღვევა ცხოველთა უფლებები, რომ გარემოზე ზეგავლენის შესამცირებლად ნარჩენების მართვის კრეატიული მიდგომა მოიფიქრეს და ა.შ.
რაც შეეხება სამოქალაქო განათლებას, როგორც უკვე ავღნიშნე, ის მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა გარემოს დაცვა, ჯანსაღი ცხოვრება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, დემოკრატიის პრინციპები, ადამიანის უფლებები, მდგრადი განვითარება და ა.შ. შესაბამისად, არ არსებობს კომპანია, რომელიც ვერ იპოვნის თავის თავს და ვერ დაინახავს კავშირს იმ თემებთან, რომელსაც სამოქალაქო განათლება მოიცავს.
M: და ბოლოს, როგორია თქვენი მოლოდინი, რა შედეგი იქნება პროექტის დასრულების შემდეგ?
უპირველეს ყოვლისა, იმას ვიტყვი, რომ მე ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და ვთვლი, რომ უმნიშვნელოვანეს საქმეს ვემსახურებით ამ პროგრამით. მაქვს მოლოდინი, რომ რეალურად რაც დაგეგმილი გვაქვს, იმაზე მეტის გაკეთებას შევძლებთ.
ძალიან ბევრი მოტივირებული და თვალებანთებული ადამიანია ჩვენ გარშემო და უნდათ, რომ რაღაც მნიშნელოვანი, სასიკეთო შექმნან, უბრალოდ არ ჰყავთ ის ადამიანები, რომლებიც დააკვალიანებენ და სწორ მიმართულებას მისცემენ. ეს პროექტი კი სწორედ ამის საშუალებას გვაძლევს, რომ როგორც სკოლებს, ასევე, კომპანიებს მივცეთ შესაძლებლობა, ერთმანეთი უკეთ გაიცნონ, ერთმანეთის საჭიროებები გაიგონ და დაიწყონ თანამშრომლობა. საბოლოო ჯამში კი საჭირო ადამიანები ერთმანეთს იპოვნიან, ჩვენი ჩართულობით საინტერესო პროექტები განხორციელდება, რაც, საბოლოო ჯამში, ერთ დიდ community-ს შექმნის და ეს ისევ თითოეულ ჩვენგანს და ქვეყანას წაადგება.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი