in

„ორი წლის წინ შექმნილი კერნელი, დღეს, ფინანსების მენეჯმენტის საერთაშორისო პლატფორმაა“

თიბისის ბიზნეს დაჯილდოების ფინალისტია ნომინაციაში – „საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის“

Startauperi
Startauperi

მეშვიდე წელია, ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებისა და ცნობადობის გაზრდისთვის, თიბისი ბიზნეს დაჯილდოების ყოველწლიურ მასშტაბურ ღონისძიებას ატარებს. კონკურსში 7 წლის განმავლობაში 3000-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, წელს პროექტში მონაწილეობის სურვილი რეკორდული რაოდენობის, 412 -მა კომპანიამ გამოთქვა. სულ ცოტა ხნის წინ, ბიზნეს დაჯილდოება 2022-ის ფინალისტების ვინაობა გახდა ცნობილი. 5 ნომინაციაში სულ 15 ფინალისტი მოხვდა და სტატიების ამ სერიაში თითოეულ მათგანს უფრო ახლოს გაგაცნობთ.

შეგახსენებთ, რომ ფინალისტები შემდეგ ნომინაციებში ასპარეზობენ: საუკეთესო პროდუქტი, საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი, გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა, გამორჩეული როლი რეგიონის განვითარებაში, გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება.

ამჯერად, „კერნელზე“ გიამბობთ. ბიზნეს დაჯილდოება 2022-ზე ის საუკეთესო ინოვაციური სტარტაპის ტიტულისთვის იბრძვის. ესაა ფინანსური მენეჯმენტის საერთაშორისო პლატფორმა, რომელმაც მსხვილ საერთაშორისო ბაზრებზე აიღო ორიენტირი და დაარსებიდან ორიოდე წელიწადში, მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია.

M: რა სერვისებს სთავაზობს ამ დროისთვის, საერთაშორისო ბაზარს?

კერნელის შექმნის იდეა პირადი საჭიროებებიდან და პრობლემებიდან გაჩნდა. ბექა დალაქიშვილი, სტარტაპის CEO და თანადამფუძნებელი, პროფესიით ფინანსისტია. კონსულტაცია გაუწევია ასობით მცირე ბიზნესისთვის და უმუშავია ათეულობით ბუღალტრულ გუნდთან. სტარტაპის დაარსების მომენტისთვის ის ერთ-ერთ ჰოლდინგურ კომპანიაში ხელმძღვანელობდა ფინანსურ დეპარტამენტს და აწყდებოდა პრობლემას ჰოლდინგში შემავალი კომპანიებისა და ბუღალტრებს შორის კომუნიკაციისა და  ინფორმაციის მიმოცვლაში. ვინაიდან ასეთი გამოწვევების წინაშე დგას ძალიან ბევრი მცირე ბიზნესი, საკუთარი პრობლემის გადასაჭრელად შექმნილი გადაწყვეტა ნელ-ნელა გარდაიქმნა სტარტაპ იდეად.

არაფინანსისტი მენეჯერებისა და მცირე მეწარმეებისთვის ფინანსური მენეჯმენტი ძალიან რთული საქმეა – ნებისმიერ დროის მონაკვეთში ბიზნესის ფინანსური მდგომარეობის შეფასება, კლიენტების დავალიანებების კონტროლი, სწორი გადაწყვეტილებების მიღებისათვის აუცილებელი წინაპირობაა, თუმცა, სამწუხაროდ, მცირე ბიზნესებს არ აქვთ იმის ფუფუნება, ჰქონდეთ ცალკე ფინანსური დეპარტამენტები. ამას გარდა, ბუღალტრებისათვის სანდო და სრულყოფილი  ინფორმაციისა თუ დოკუმენტაციის თავმოყრა ყოველთვის თავის ტკივილთანაა დაკავშირებული, არადა ეს აუცილებელია გადასახადების დეკლარირებისთვის და ანგარიშგების მოსამზადებლად. შესაბამისად, არასათანადო ბუღალტრული ინფორმაცია და ამ ინფორმაციის გაცვლის მექანიზმები წარმოადგენს პრობლემას როგორც ბიზნესის ისევე ბუღალტრებისათვის. სწორედ ამ პრობლემების გადასაჭრელად შეიქმნა კერნელი.

ჩვენი მთავარი მიზანია, მცირე ბიზნესებისათვის განვითარებად ქვეყნებში შევქმნათ საოპერაციო სისტემა, რომელიც მათ ურთიერთობას გაუმარტივებს არა მხოლოდ ბუღალტრებთან, ასევე კლიენტებთან, მომწოდებლებთან, სახელმწიფოსთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან. ამისთვის კი – პირველ რიგში, მათი ბიზნეს პროცესებისა და კომერციული დოკუმენტაციის გაციფრულება და ინფორმაციის მიმოცვლის ავტომატიზაციაა აუცილებელი.

კერნელის სამიზნე სეგმენტს წარმოადგენს განვითარებადი ქვეყნების მცირე ბიზნესები, სადაც გაციფრულების პროცესი ახალი დაწყებულია, აქვთ ახალი საგადასახადო კანონმდებლობა და გადასახადების ერთიანი პლატფორმები (მაგალითად, როგორიც არის rs.ge). ასეთ ბაზრებზე მცირე ბიზნესებს არ აქვთ, საკმარისი ტექნოლოგიური და ფინანსური ცოდნა იმისთვის, რომ ახალ რეგულაციებს მოერგონ. ასევე, ამ ქვეყნებში არ არსებობს მარტივი ციფრული ხელსაწყოები, რომლებიც მათ ამ პროცესების გამარტივებაში დაეხმარებათ. განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა სახელმწიფო მცირე ბიზნესებს ავალდებულებს, რაც შეიძლება მალე გააციფრულონ კომპანია და მასში არსებული ოპერაციები.

მიუხედავად იმისა, რომ კერნელის წამყვანი პროდუქტი არის ციფრული ინვოისირება, ინდოელ მომხმარებლებს, მათი მოთხოვნიდან გამომდინარე, ვთავაზობთ სავაჭრო დოკუმენტების უფრო ფართო სპექტრს, როგორებიცაა: delivery challan, purchase orders, quotations, estimates, pro-forma invoices და ა.შ.

საინტერესოა, რომ ინტეგრაცია მოვახერხეთ საქართველოში rs.ge-სთან, ხოლო ინდოეთში მის ანალოგთან, GST Portal-თან. უახლოეს მომავალში, მსგავსი საგადასახადო პლატფორმის ჩაშვებას ფილიპინებშიც ვაპირებთ. 

ამას გარდა, ფილიპინებსა და ინდოეთში დავიწყეთ მომხმარებლებისათვის ფინანსური სერვისების შეთავაზებაც, რაც ამ ეტაპზე მხოლოდ გადარიცხვებს მოიცავს, თუმცა მომდევნო თვეების განმავლობაში პარტნიორების მეშვეობით დამატებითი სერვისების შექმნასაც ვგეგმავთ. 

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ინდოეთში ცოტა ხნის წინ დავასრულეთ ინტეგრაცია ქვეყნის ყველაზე დიდ საბუღალტრო პროგრამა Tally-ისთან, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია იმისთვის, რომ გავხდეთ ერთგვარი მაკავშირებელი ბიზნესებსა და მათ ბუღალტრებს შორის.

M: როგორ გაიზარდა ამ დროისთვის კერნელი?

ორი წლის წინ შექმნილი კერნელი, დღეს, ფინანსების მენეჯმენტის საერთაშორისო პლატფორმაა. სტარტაპი სწრაფად იზრდება ქართულ, ფილიპინურ და ინდურ ბაზრებზე, ჯამში, 60 000 ათასზე მეტი მომხმარებლითა და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის 19 წევრით. 1 წლის წინ შევქმენით მობილური აპლიკაცია საერთაშორისო და ლოკალური მომხმარებლისათვის. ვთანამშრომლობთ როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო მსხვილ საბუღალტრო კომპანიებთან და ციფრულ პლატფორმებთან, მათთან ინტეგრაციის მიზნით.

M: რა აქცევს კერნელს ინოვაციურ სტარტაპად?

კერნელში ყველაფერი ინოვაციურია: გუნდი, ორგანიზაციული კულტურა, მეთოდოლოგიები და პროცესები. თუმცა ერთი რამ, რაც განსაკუთრებით ინოვაციურს ხდის კომპანიას, არის თავად ბაზრები, რომლებზეც კომპანია ოპერირებს. ის პრობლემები, რომელთა გადაჭრის გზებსაც ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს სამიზნე სეგმენტს, ახლახანს გაჩნდა ამ ბაზრებზე და წლიდან წლამდე უფრო და უფრო მძაფრდება. შესაბამისად, ეს არის საუკეთესო დრო და ადგილი ჩვენი პროდუქტის შექმნისთვის და განვითარებისთვის.

ამას გარდა, უნიკალურია ის გამოცდილება და ცოდნა, რომელსაც საქმიანობის პროცესში ვიძენთ. ეს განსაკუთრებით ეხება ინდეოთის ბაზარს. დაახლოებით 10 წლის შემდეგ, სწორედ ინდოეთი იქნება ის ქვეყანა, რომელსაც ექნება წამყვანი ეკონომიკა მსოფლიოში, მშპ-ის მიხედვით. მომდევნო 5 წლის განმავლობაში კი – მხოლოდ ინდოეთში, 700 მილიონზე მეტი ახალი ადამიანი დაუკავშირდება ინტერნეტს, 600 მილიონზე მეტი ადამიანი დაიწყებს სმარტფონის გამოყენებას და 1 მილიარდზე მეტი ადამიანი ფინანსურ სერვისებს გამოიყენებს. ეს ნიშნავს, რომ სწორედ ინდოეთია ყველაზე მზარდი და დიდი ბაზარი მსოფლიოში, სადაც ამ ეტაპზე, უამრავი პრობლემა არსებობს, ამ პრობლემების გადაჭრის გზებს კი სახელმწიფოს სტარტაპები შესთავაზებენ. 

გვჯერა, რომ ინდოეთის ბაზარზე ჩვენ მიერ მიღწეული წარმატება მომავალში ხელს შეუწყობს, ქართულ სტარტაპებს, ინდოელ მომხმარებლებს მათთვის დამახასიათებელი პრობლემატური საკითხების მოგვარება შესთავაზონ.

M: გამარჯვების შემთხვევაში, როგორ ხედავთ – რა შეიცვლება კერნელის განვითარებაში?

ბიზნეს დაჯილდოებაში გამარჯვება კიდევ ერთი ვალიდაცია და აღიარება იქნება, რაც დაგვეხმარება, როგორც დამატებითი ფინანსური რესურსის მოზიდვაში, ასევე, მეტი სანდოობის მოპოვებაში, მათ შორის, საერთაშორისო ბაზარზე.

ამას გარდა, ბიზნეს დაჯილდოებაში მონაწილეობის მიღება გადავწყვიტეთ, რადგან გვინდოდა, გამოგვეყენებინა შესაძლებლობა, უფრო ფართო საზოგადოებისთვის გაგვეცნო კერნელის საქმიანობა.

იმ ბაზრებზე, რომლებზეც ჩვენ ვოპერირებთ, ჯერ არც ერთი სხვა ქართული სტარტაპი არ გასულა. გვინდა, ქართველ სტარტაპერებს ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ ზუსტად ამ ქვეყნებში იმალება დიდი პოტენციალი და შესაძლებლობები, რადგან სწორედ ამ ბაზრებზე ხდება ჩვენთვის უკვე ჩვეული ტექნოლოგიების სწრაფი გავრცელება და ათვისება მოსახლეობისა და ბიზნესების მიერ. მათ კი ამ პროცესში ძალიან, ძალიან ბევრი პრობლემა შეექმნებათ, რომლის მოგვარებაც სტარტაპების საქმეა. დარწმუნებულები ვართ, რომ სწორედ ინდოეთის და სხვა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიური ბაზრები იქნება ინოვაციებისა და უამრავი უნიქორნის ადგილი მომდევნო 10 წლის განმავლობაში.

ამასთან, კერნელი იქნება კარგი მაგალითი სტარტაპ ეკოსისტემისთვის. გვჯერა, რომ სხვა სტარტაპერები, რომლებიც ამ ეტაპზე,v მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე საქმიანობენ, უფრო მასშტაბურად დაიწყებენ ფიქრს და მეტი მონდომებით ეცდებიან გლობალურ ბაზარზე გასვლას.

 

პროექტის პარტნიორები არიან VISA (მთავარი სპონსორი) და „აწარმოე საქართველოში“.

წელს ბიზნეს დაჯილდოების მონაწილეებს 2 სპეციალური ჯილდოს მოგების შესაძლებლობა ექნებათ – გენდერული თანასწორობისთვის და მწვანე ინიციატივებისთვის. UN Women-მა დააწესა სპეციალური ჯილდო, გენდერული თანასწორობისთვის, ხოლო GCPF-მა (Global climate partnership fund) – მწვანე ინიციატივებისთვის.

გამარჯვებულები დეკემბერში გამოვლინდებიან.

ჩვენ ვიბრძვით მსოფლიოსთვის! — ქართული რაგბისა და თიბისის პარტნიორობა 2027 წლამდე გახანგრძლივდა

„ლოგიკმეტრის” სახალისო მათემატიკა, სწავლისადმი ინოვაციური მიდგომა და გეგმები