in

„ფოკუსირებული ვართ ოთხ ქვეყანაზე, 1,9 მილიარდიანი მოსახლეობით“ – კერნელი

საინტერესოა, რომ როგორც ბიზნესების, ასევე ბუღალტრების ეფექტური საქმიანობისთვის საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენს ბუღალტრული დოკუმენტაციისა და პროცესების მართვა, გადასახადების გამოთვლა, პროგნოზი და საკუთარი ფინანსური მდგომარეობის შეფასება. ამიტომ, გადავწყვიტეთ შეგვექმნა მარტივი ხელსაწყოები, რომლითაც მცირე მეწარმეებს და მათ ბუღალტრებს შორის კოლაბორაციას გავამარტივებდით. თანამედროვე სამყაროში მცირე მეწარმეები ბუღალტერიაზე და დოკუმენტაციის შედგენაზე დიდ დროს არ უნდა ხარჯავდნენ. უმჯობესია, ეს დრო და ძალისხმევა უფრო მნიშვნელოვან საქმეებს, განვითარების გეგმას და მის განხორციელებას დაუთმონ.

კერნელის იდეა დაახლოებით 2 წლის წინ, საკუთარი საჭიროებებიდან გაჩნდა. მე ბექა დალაქიშვილი ვარ, სტარტაპის CEO და თანადამფუძნებელი, პროფესიით ფინანსისტი. კონსულტაცია გამიწევია ასობით მცირე ბიზნესისთვის და ათობით ბუღალტრულ გუნდთან მიმუშავია. სტარტაპის დაფუძნების მომენტისთვის ერთ-ერთ ჰოლდინგურ კომპანიაში ფინანსურ დეპარტამენტს ვხელმძღვანელობდი და ჰოლდინგში შემავალ კომპანიებსა და ბუღალტრებს შორის კომუნიკაციისა და ინფორმაციის მიმოცვლის პრობლემას ვაწყდებოდი. ვინაიდან ასეთი გამოწვევების წინაშე ძალიან ბევრი მცირე ბიზნესი დგას, საკუთარი პრობლემის გადასაჭრელად შექმნილი ხელსაწყო ნელ-ნელა გარდაიქმნა სტარტაპის იდეად. როგორც აღმოჩნდა, საქართველო არ არის ერთადერთი განვითარებადი ქვეყანა, რომელსაც მსგავსი პრობლემები აქვს. ჩვენ დავიწყეთ კვლევა და გავარკვიეთ, რომ პრობლემა ბევრად უფრო მძიმედ არის გამოხატული დიდ, განვითარებად ქვეყნებში: ფილიპინებსა და ინდოეთში, სადაც მთავრობა ახალი საგადასახადო რეგულაციების გათვალისწინებით, ბიზნესს გაციფრულებისკენ მოუწოდებს. თუმცა, საინტერესოა ისიც, რომ ამ ბაზრებისთვის მარტივი ინვოისირების პლატფორმა არ მოიძებნებოდა.

დღეს, კერნელის გუნდს სამი თანადამფუძნებელი ვმართავთ: მიშო ზღულაძე, გიორგი ტუხაშვილი და ბექა დალაქიშვილი. ჩვენ ვაშენებთ ოპერაციულ სისტემას მცირე და საშუალო ბიზნესისთვის განვითარებად ქვეყნებში, ფინანსური მართვის ხელსაწყოებით, რაც მათ რუტინული ოპერაციების გაციფრულებისა და ავტომატიზაციის შესაძლებლობას აძლევს. კერნელი ეხმარება მათ, მართონ საკუთარი ფინანსები და შეძლონ საბუღალტრო დოკუმენტაციისა და საგადასახადო შევსების ავტომატიზაცია, შეაგროვონ გადახდები თავისი მომხმარებლებისგან, გადაუხადონ თავიანთ გამყიდველებს და ჰქონდეთ წვდომა საბანკო მომსახურებასა და არასაბანკო ფინანსებზე.

ამჟამად, საერთაშორისო დონეზე კერნელის მთავარი პროდუქტი ციფრული ინვოისირების პლატფორმაა, რომლის დახმარებითაც მომხმარებელს შეუძლია წამებში შექმნას ინვოისი, გადაგზავნოს კლიენტთან ან ჩამოტვირთოს დოკუმენტი PDF ფორმატში. ჩვენი ციფრული პროდუქტი ინტეგრირებულია RS.ge-სთან, რაც ნიშნავს, რომ საიტზე ინვოისების ატვირთვა ღილაკზე ერთი დაჭერით არის შესაძლებელი. კერნელის დახმარებით, მომხმარებელს საშუალება აქვს, უფრო ეფექტურად აკონტროლოს შემოსავლების მიმოქცევა. ამასთან, მომხმარებლებს შეუძლიათ, გადმოწერონ რეპორტები, რომელიც ბუღალტრებისათვის საჭირო სრულ ინფორმაციას მოიცავს ან დაამატონ სხვადასხვა წევრი საკუთარი კომპანიის ანგარიშზე, რაც მათ რეალურ დროში კოლაბორაციის საშუალებას აძლევს.

ამჟამად, ფოკუსირებული ვართ ოთხ ქვეყანაზე, 1,9 მილიარდიანი მოსახლეობით. მომხმარებლებს ვთავაზობთ პრობლემის მოგვარების გზას, გადავიტანოთ მილიონობით მცირე ბიზნესი ბეჭდური ინვოისებიდან ეფექტურ ციფრულ ხელსაწყოებზე, რომლებიც აბსოლუტურად შეესაბამება მათ ახალ ეროვნულ საგადასახადო რეგულაციებს.

იქიდან გამომდინარე, რომ კერნელის მიზანი ფინანსების მენეჯმენტის გაციფრულება და გამარტივებაა, ჩვენი ხელსაწყოების გამოყენება შეუძლია ისეთ მომხმარებელსაც კი, რომელსაც არ აქვს რაიმე ტიპის ფინანსური ბექგრაუნდი. კონკურენტებისგან განსხვავებით, კერნელის პლატფორმა ინტუიციურია და ეს არის მთავარი ხიბლიც. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი მახასიათებელი, რაც კერნელს კონკურენტებისგან გამოარჩევს, არა მხოლოდ სიმარტივე, არამედ ადაპტირებულობის მაღალი ხარისხია. ჩვენი სისტემა მორგებულია ყველა იმ ქვეყნის ფინანსურ რეგულაციებზე, რომელშიც შევდივართ და შესაბამისად, გამზადებულ რეცეპტს ვაწვდით მომხმარებელს, ეს ბუნებრივად გვიცავს საერთაშორისო კონკურენტებისაგან, რადგან ისინი ე.წ. “one size fits all” პრინციპით ხელმძღვანელობენ, ხოლო ადგილობრივი კონკურენტებს ძირითადად მოძველებული ტექნოლოგიური გადაწყვეტები და ზედმეტად რთული ინტერფეისი აქვთ.

Shark Tank-ში მონაწილეობა იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ გვინდოდა გამოგვეყენებინა შესაძლებლობა და უფრო ფართო საზოგადოებისთვის გაგვეცნო, ვინ ვართ და რას ვაკეთებთ. ამის გარდა, შარკებისგან გვინდოდა უკუკავშირის მოსმენა და არსებული ინვესტიციებისთვის მცირე თანხის შემატება. ეს გამარჯვება არის კიდევ ერთხელ იმის ვალიდაცია, რომ რასაც ვაკეთებთ ძალიან ღირებულია არამარტო ქართული ბაზრისთვის, არამედ გლობალური ბაზრებისთვის. გარდა ამისა, ჩვენი გამარჯვება ვალიდაციაა იმისა, რომ ქართულ სტარტაპებს ფინტექ ინდუსტრიაში ძალიან დიდი პოტენციალი აქვთ. უშუალოდ თანხა, რომელიც მოვიზიდეთ რადიკალური ცვლილებების განხორციელებაში ვერ დაგვეხმარება, მოცულობიდან გამომდინარე, მაგრამ ძირითადი ნაწილი აუცილებლად მოხმარდება ინდოეთის ბაზარზე ჩვენი პოზიციების გამყარებას. დაფინანსების გარდა, დიდი ღირებულება შევიძინეთ გამოცდილი ინვესტორის სახით, რომელთან თანამშრომლობაც, გვჯერა რომ დიდი სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს.

ბექა დალაქიშვილი – იდეის ავტორი


„შარქ თენქს“ საქართველოში პირველი არხი, Sony Pictures და სტენლი შოუ წარმოგვიდგენს. ასევე, შოუს გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი ბიზნესი და VISA.

მე ვარ გიორგი შეშაბერიძე, 14 წლის, კომპანია „დორას“ დამფუძნებელი

რა უნდა გავითვალისწინოთ საქმიანი მეილის წერისას?