in

Kernel-ის ციფრული ხელსაწყოები, ინვოისისა და ფინანსური კალკულაციებისთვის

„ექსპერიმენტების საფუძველზე ვეძებთ სწორ გადაწყვეტილებას და ჩვენი ანალიტიკის გამო, საინტერესო ვართ მომხმარებლისთვის“

Startauperi
Startauperi
ბექა დალაქიშვილი

„აღმოვაჩინე, რომ მეწარმეებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მოსაბეზრებელი და მტკივნეული საკითხი იყო ბუღალტრული დოკუმენტაციისა და პროცესების მართვა, გადასახადების გამოთვლა, პროგნოზი და საკუთარი ფინანსური მდგომარეობის შეფასება. ამიტომ, გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა მარტივი ინსტრუმენტები, რომლითაც გავამარტივებდით პროცესსა და კოლაბორაციას მცირე მეწარმეებს და მათ ბუღალტრებს შორის. აქედან დაიწყო კერნელის იდეაც. 2019 წლის ბოლოს დავიწყეთ, შევიტანეთ ჯიტაზე, ავიღეთ 100 000 გრანტი და ამ გრანტით მოვედით აქამდე“.

ბექა დალაქიშვილი, დაახლოებით, ათი წელია ფინანსური კონსალტინგის მიმართულებით მუშაობს. მცირე ბიზნესებსა და სტარტაპებს ფინანსური ნაწილის მართვაში ეხმარება და საგანმანათლებლო მიმართულებით მუშაობაც იზიდავს. Kernel-ის დაფუძნებამდე ფინტექ ინდუსტრიაში ბედი რამდენჯერმე ცადა – ჯერ ბლოკჩეინ საგანმანათლებლო პლატფორმა აამუშავა, შემდეგ, Crowdfunding-ის პროექტის ფარგლებში, საქველმოქმედო კრიპტოპლატფორმა შექმნა. შემდეგ, ერთ-ერთ ამერიკულ ბუტიკურ საინვესტიციო კომპანიაში დაიწყო მუშაობა და პარტნიორებთან ერთად, “კერნელის” იდეაზე მუშაობასაც ამ პერიოდში შეუდგა.

ბაზარზე ციფრული ინვოისირების მზარდი მოთხოვნა დავინახეთ. თუმცა, ეს ჩვენი მხოლოდ ერთ-ერთი მიმართულება უნდა გამხდარიყო. ასევე გვაქვს საგადასახადო და ფინანსური კალკულატორები, კოეფიციენტების გამოთვლა იმისთვის, რომ მეწარმეს წარმოდგენა ჰქონდეს, რა მდგომარეობაშია მისი ბიზნესი. 

M: რატომ პოზიციონირდით ინვოისების მიმართულებით?

გეგმა არის ის, რომ შევქმნათ უნვერსალური პლატფორმა, სადაც მეწარმეები და მათი ბუღალტრები იქნებიან ერთ სივრცეში და კოლაბორაცია შეეძლებათ. რეალურად, დიდი პრობლემაა, ჯერ ერთი ინფორმაციის შეგროვება, რაც უნდა გადაეცეს ბუღალტერს ყოველი თვის ბოლოს და ეს ყველასთვის აუცილებელია თუ ბიზნესი აქვთ, მეორე კი, ბუღალტრები რას აკეთებენ, რატომ აკეთებენ, ეს არ ესმით მეწარმეებს. ეს გლობალური პრობლემაა.

ინვოისირების მიმართულება იმიტომ ავიღეთ, რომ შემოსავლის მხარეს დოკუმენტაციის 90% ინვოისებია, მით უმეტეს, B2B ბიზნესში. შესაბამასად, ამის საშუალებით ხდება ბუღალტრებთან ავტომატურად ინფორმაციის გაზიარება. საჭირო დოკუმენტების მნიშვნელოვან ნაწილს 50%  აგვარებს ეს სისტემა. ამ მიმართულებით გვინდა გავიმყაროთ პოზიციები და ზედ დავაშენოთ ის, რაც გეგმებში გვაქვს.

ინვოისირებით პოზიციონერება იმიტომ დავიწყეთ, რომ ეს სიტყვა ასე თუ ისე ყველასთვის ნაცნობია და საჭირო, მაგრამ სამომავლო გეგმაა უნივერსალური კოლაბორაციული პლატორმის გაკეთება ბიზნესმენებისა და ბუღალტრებისთვის.

M: რა გამოწვევების აღმოფხვრას ისახავს მიზნად “კერნელი”?

პროდუქტის შექმნამდე, ჯერ საგანმანათლებლო ნაწილზე ფიქრი დავიწყეთ. მცირე და მიკრობიზნესებს ვაწვდიდით ინფორმაციას, ფინანსებთან და ბუღალტერიასთან დაკავშირებით. საინტერესო თემები და პრობლემები, რითაც შეიძლება დაინტერესდნენ და უკეთესად მართონ თავისი საქმე. ეს არის არაკომერციული პროდუქტი, ამ ინფორმაციას ეცნობიან, იყენებენ, შემდეგ გადმოდიან პროდუქტებზე, იყენებენ პროგრამას და აქ ხდება მონეტიზაცია. 

ჩვენი პლატფორმა გათვლილია ყველაზე, ვინც უშუალოდ წერს ინვოისებს: მენეჯერი, მოლარე ან გამყიდველი, რომელიც შემდეგ ამ ინფორმაციას ბუღალტერს უგზავნის.

საქართველოში არის ასეთი პრაქტიკა, რომ ინვოისებს წერენ ბუღალტრები, მაგრამ რეალურად ეს არ არის ბუღალტრის საქმე. ვაკვირდებით, რომ ნელ-ნელა ეს არაბუღალტრული საქმე გადმოდის მცირე ბიზნენსისკენ და მათში დასაქმებულ პირებზე. მეწარმეებს კი, არ უყვართ ექსელის ფაილებში მუშაობა, რაღაცების გამოწერა. ამის გამო ვერ ხედავენ, როგორ მიმდინარეობს მათი ბიზნესი, თვეების მიხედვით. ბუღალტრები ამ დროს, ამ დამუშავებულ ინფორმაციას ექსელის ფაილით აწვდიან მეწარმეს, სადაც ყველა უჯრა ერთნაირია და ხშირად ფონტები არ იკითხება. იშვიათი გამონაკლისების გარდა, ანალიზის საშუალება არ აქვთ და მეწარმისთვის რეალური სურათი გაურკვეველი რჩება.

M: როგორია “კერნელის” მუშაობის მექანიზმი?

ჩვენთან ყველა მონაცემი ინახება და მარტივად შეგვიძლია თვეების მიხედვით ვაჩვენოთ ბიზნესის განვითარების დინამიკა: შემოსავალი რამდენი, გასავალი, ნაღდი ფული, რომელია ყველაზე კარგი კლიენტი, რომელს აქვს ვადაგადაცილებული დავალიანება, რამდენია ეს თანხა. ამ ანალიტიკის გამო, საინტერესო ვართ ჩვენი მომხმარებლისთვის.

ჩვენს პლატფორმას ძირითადად პატარა B2B ბიზნესები იყენებენ, ვისაც ონლაინ გაყიდვები ფეისბუქზე. ასევე, ჩვეულებრივი მომხმარებლები და მცირე რაოდენობით, ფრილანსერებიც გვსტუმრობენ.

M: „კერნელი“ რატომ გქვიათ?

კერნელი არის თესლის გული. სულ თავიდან რომ ვიწყებდით საქმიანობას, ვგეგმავდით განვითარებაში სტარტაპებს დავხმარებოდით. მერე აღმოჩნდა, რომ ჩვენი ძირითადი კლიენტი არ იყო სტარტაპი, ამიტომ შეიცვალა ბიზნესიც, მომხმარებელიც და პროდუქტიც. ჩვენ არ შევიცვალეთ სახელი, მაგრამ მაინც კავშირში დავრჩით Seed (თესლი) რაუნდთან.

M: როგორაა განსაზღვრული მონეტიზაცია? 

შემოსავალი, ძირითადად, ინვოისების რაოდენობაზეა მიბმული. ვისაც რამდენიმე ინვოისი სჭირდება, ჩვენს სერვისს უფასოდ იყენებს, 50-მდე ინვოისი თვეში 5 ლარი ღირს. უცხოურ ბაზარზე 5 აშშ დოლარი, თუ ინვოისების ულიმიტო რაოდენობას იყენებენ, მაშინ ფასი 20 ლარი. ამ საფასურში უფრო დეტალური რეპორტები შედის. ახლა ვმუშაობთ, რომ ბანკის ინფორმაცია  ავტომატურად წამოიღოს და ბუღალტრულ პროგრამაში შეიტანოს.

M: გლობალური ექსპანსიის კუთხით, რა ეტაპზე ხართ?

პროდუქტის არქიტექტურა თავიდანვე ისე გავაკეთეთ, რომ მარტივად შეგვძლებოდა მოვრგებოდით სხვადასხვა ქვეყნებსა და იურისდიქციებს. შესაბამისად, მარტივად ვახეხებთ,  კონკრეტული ბაზრისათვის მომხმარებელს შევთავაზოთ მისთვის რელევანტური გადასახედების გაანგარიშება, ინვოისის შაბლონი და ა.შ.

უცხოურ ბაზრებზე გამოცდის რეჟიმში ვართ, ავარჩიეთ ინგლისურენოვანი ქვეყნები, სადაც მილიონზე მეტი მცირე ბიზნესია იმიტომ, რომ ჩვენი პოტენციური კლიენტი მცირე ბიზნესი და განვითარებადი ქვეყნებია. არ შევარჩიეთ დიდი განვითარებული ქვეყნები როგორიცაა ამერიკა, ავსტრალია, ინგლისი. იქ უფრო მეტი ინსტრუმენტებია და გადასახადები უფრო გართულებულად ითვლება. ამჟამად, საქართველოს გარდა, მომხმარებლები ფილიპინებში, ინდოეთში, პაკისტანში, ნიგერიაში და სამხრეთ აფრიკაში გვყავს. 

M: როგორია პლატფორმის საგანმანათლებლო დატვირთვა?

საგანმანათლებლო კუთხით ვცდილობთ, გვქონდეს მაღალი ხარისხის კონტენტი, რომელიც მომხმარებელს გამოადგება. ამ კონტენტს ყველას შეუზღუდავად ვაძლევთ. კონტენტს რომ კითხულობენ, ხედავენ, რა ფასეულობასაც ვაძლევთ და ვისაც აქვს ამის საჭიროება, ადვილად გადმოდის ჩვენს პროდუქტზე.

ქართველი მომხმარებლის ნაწილი დარეგისტრირებულია ჩვენთან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პროდუქტის საჭიროება არა აქვთ. მათ იმდენად მოსწონთ ქონთენთი, რომ ელიან ხოლმე სიახლეებს და მეტი ინფორმაციის მიღება სურთ. დარეგისტრირება საჭიროა იმისთვის, რომ გქონდეს წვდომა მასალებზე, საგანმანათლებლო კუთხით. იმ შემთხვევაში, თუ იწყებ ბიზნესს ეს კონტენტი დაგეხმაება, რომ უფრო კარგად ააწყო შენი საქმე, თუ დაგჭირდება კალკულატორები და რაღაც თულები ამასაც ვთავაზობთ. ანუ საჭიროებიდან გამომდინარე ვაწვდით პროდუქტსაც კონტენტი კომუნიკაციის საკითხს გვიადვილებს.

M: როგორია ზრდა, 500 Georgia-ში მონაწილეობის შედეგად?

როცა გაზაფხულზე გამოცხადდა 500 Georgia, მაშინ არ გვქონდა პროდუქტი, საერთოდ არაფერი არ გვქონდა და ამიტომ პირველ ნაკადზე ვერ მოვხვდით. მეორე ნაკადისთვის უკვე მიზანმიმართულად მოვემზადეთ, შევეცადეთ იმ რიცხვებზე და მიმართულებებზე გავსულიყავით, რაც მათ აინტერესებდათ. ჩვენი ძლიერი მხარე იყო. საკმაოდ რთული აღმოჩნდა. შეიძლება ითქვას, ვერ განვსაზღვრეთ, რამხელა სამუშაო იქნებოდა გასაკეთებელი. გუნდის გაზრდა ცოტა დაგვიგვიანდა, რამაც შეგვაფერხა. თუნდაც ეს ორი ადამიანი დასაწყისშივე რომ აგვეყვანა, გაცილებით უკეთეს შედეგებს დავდებდით. 

ძალიან დიდი დრო მიჰქონდა ლექციებს – ამ ყველაფრის სწავლას და თან პარალელურად საქმის კეთებას. ძალიან მოკლე პერიოდში ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ. მნიშვნელოვანია შემართება, მაგრამ რეალურად ძალიან მნიშვნელოვანია იცოდე, რას აკვირდებიან ისინი, რა კრიტერიუმებით გაფასებენ, როგორ აკეთებენ შერჩევას. მნიშვნელოვანია აჩვენო რიცხვები იმ კონკრეტულ საკითხებში, რაც მათ აინტერესებთ.

გამოცდილება გვაჩვენებს, რომ მომხმარებლისთვის სწორი პროდუქტის შექმნა მხოლოდ მათთან აქტიური საუბრით, დაკვირვებით და მუდმივი უკუკავშირის მეშვეობით არის შესაძლებელი. ამიტომ, მუდმივად ვატარებთ ექსპერიმენტებს პროდუქტზე, ვუყურებთ, როგორ რეაგირებს ცვლილებებზე მომხმარებელი და სწორედ ამის მიხედვით, ნაბიჯ-ნაბიჯ ვაშენებთ პროდუქტს.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

იუვენტუსის უნიკალური სათამაშო ფორმა – დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ

Krispy Kreme ვაქცინირებულებს უფასო დონატებს სთავაზობს!