კერნელი — ასე ჰქვია მარტივი ინვოისირებისა და ფინანსური ხელსაწყოების პლატფორმას, რომელიც მცირე ბიზნესის მფლობელებს ეხმარება, ყოველდღიური ოპერაციები გააციფრულონ, შეძლონ ბიზნეს პროცესებისა და ბუღალტრებთან ინფორმაციის გაცვლის ავტომატიზაცია.
კომპანია 2019 წლის დეკემბერში დაარსდა და თავისი მრავალფეროვანი განვითარების გზაზე მან არაერთ წარმატებას მიაღწია. უახლეს ამბავს კი ის წარმოადგენს, რომ 500 გლობალის მონაწილე წარმატებული კომპანია უკვე ინდოეთის მასშტაბურ ბაზარზეც შევიდა. 500 გლობალი საქართველოს ბანკისა და GITA-ს დახმარებით საქართველოს ბაზარზე გასულ წელს გამოჩნდა.
M: როგორ გაჩნდა კერნელის შექმნის იდეა, რა საჭიროებებმა განაპირობა ეს?
ბექა დალაქიშვილი, კომპანიის დირექტორი: კერნელის იდეა საკუთარი საჭიროებების მოგვარებიდან გაჩნდა. ერთ-ერთ კომპანიაში ფინანსური მენეჯერის პოზიციას ვიკავებდი და ვხელმძღვანელობდი ჰოლდინგის ბუღალტრულ და ადმინისტრაციულ გუნდებს. საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენდა ყოველთვიურად სწორი ფინანსური ინფორმაციისა და დოკუმენტაციის თავმოყრა, რათა ეფექტურად გაგვეკეთებინა ჩვენი საქმე. ამის გარდა წარსულში რამდენიმე ასეული მცირე ბიზნესისათვის გამიწევია კონსულტაცია ფინანსებისა და ბუღალტრული პროცესების გამართვის კუთხით. შესაბამისად, ვიცოდით, რომ არსებობდა პრობლემა (რომელიც ჩვენც გვეხებოდა), რომლის მოგვარებაც შეგვეძლო.
დაარსებიდან მალევე, 2020 წლის მარტში, “კერნელმა” GITA-s 100 000-ლარიან საგრანტო პროგრამაში გაიმარჯვა და გუნდის წევრებმა უკვე აპრილში დაიწყეს პროდუქტზე მუშაობა. ივლისში კი პროგრამის სატესტო ვერსია ჩაეშვა მოხმარებაში. ოქტომბერში 500 გლობალის აქსელერაციის პროგრამაში მოხვედრის ფარგლებში კომპანიამ საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო.

M: პირველ ნაბიჯებზე ვისაუბროთ — რისი გაკეთება იყო საჭირო საწყის ეტაპზე?
M: როგორ შეარჩიეთ ქვეყნები, რომლებშიც საწყის ეტაპზე დანერგავდით თქვენს პროდუქტს?
თავდაპირველი მოკვლევისას სამიზნე ქვეყნების შესარჩევად გარკვეული კრიტერიუმები გვქონდა — ეს უნდა ყოფილიყო განვითარებადი ქვეყნები, სადაც მცირე ბიზნეს პროცესების გაციფრულების მაღალი საჭიროება და ტემპი არსებობდა. თითოეულ ქვეყანაში საერთაშორისო ენად ინგლისურს მოვიაზრებდით. საბოლოოდ, ტესტირების შედეგად, შევარჩიეთ 4 ქვეყანა (ფილიპინები, ინდოეთი, პაკისტანი და ნიგერია). პირველადმა ექსპერიმენტებმა გვაჩვენა, რომ ყველაზე მარტივი იქნებოდა ფილიპინების ბაზარზე გაფართოება და ასევე, ამ ბაზარზე შეგვეძლო, დაგვეშვა შეცდომები, რომელთა მიხედვითაც ვისწავლიდით და წარმატების შანსს ყოველ შემდეგ ბაზარზე გავზრდიდით.
საგულისხმოა, რომ საქართველოსგან განსხვავებით, ფილიპინებში ინვოისი საგადასახადო დოკუმენტს წარმოადგენს. 2022 წლიდან კი ელექტრონული ინვოისირება ხდება სავალდებულო. შესაბამისად, კერნელისთვის ეს ქვეყანა იდეალური სტარტი იყო. ამიტომაც, დღეისათვის აღნიშნულ ბაზარზე კომპანიას თვეში 30%-იანი ზრდის ტემპი აქვს და უკვე 10 000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს.
M: საინტერესოა, გარდა ამ მზარდი სტატისტიკისა, რა მოგცათ ფილიპინების ბაზარმა?
ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში ფილიპინებში საკმაოდ კარგი კონტაქტები დავამყარეთ… ისეთი კომპანიების პარტნიორები გავხდით, როგორიცაა ადგილობრივ აკრედიტებულ ბუღალტერთა (CPA) ასოციაცია; გადასახადების ელექტრონული დეკლარირების სერვისის მომწოდებელი ორივე კომპანია. ასევე, პარტნიორობის მიღწევა მოვახერხეთ Unicorn სტარტაპ Xendit-თან, რომელიც ფილიპინებსა და ინდონეზიის ბაზარზე ელექტრონული გადახდების ყველაზე დიდი მომწოდებელია. ამრიგად, იანვრიდან ჩვენი მომხმარებლები შეძლებენ, საკუთარი კლიენტებისგან თანხა პირდაპირ ჩვენი პლატფორმის მეშვეობით მიიღონ.
M: ახლა კი უახლესი წარმატება, ინდოეთის ბაზრის ათვისების სახით… გვიამბეთ ამ ამბავთან დაკავშირებული დეტალების შესახებ.
რაც შეეხება ინდოეთს, ადგილობრივი წარმომადგენლის დახმარებით, ბაზრის დეტალური კვლევა ჩავატარეთ წლის დასაწყისში. თუმცა საგადასახადო სისტემა საკმაოდ კომპლექსურია და ტექნიკური თვალსაზრისით, თავდაპირველად არ ვიყავით მზად ბაზარზე შესასვლელად. ამასთან, ინდოეთი საკმაოდ მრავალფეროვანი ბაზარია და გვსურდა, ამ დიდ საქმეს გარკვეული გამოცდილებით შევჭიდებოდით.
რამხელაა ინდოეთის ბაზარი? — 75 000 000 მცირე ბიზნესი. შედარებისთვის, საქართველოში არის დაახლოებით 60 000 რეგისტრირებული მცირე ბიზნესია. თანაც, ინდოეთი ჩვენი პროდუქტისათვის ყველაზე დიდი ბაზარია მსოფლიოში
რატომ არის ბაზარზე კერნელის დიდი საჭიროება? — ალბათ, ინდოეთი ყველაზე მრავალფეროვანი ქვეყანაა დედამიწაზე, კულტურის, ეკონომიკური შესაძლებლობის და მოსახლეობის კეთილდღეობის კუთხით. 2019 წლიდან შემოიღეს ერთიანი საგადასახადო სისტემა (GST), რომელსაც ბიზნესებში არსებული უზარმაზარი განსხვავებები უნდა გაეთვალისწინებინა. შესაბამისად, სისტემა საკმაოდ კომპლექსურია და ამ სისტემის მთავარი ელემენტი არის GST ინვოისი — რისი შეთავაზებაც უკვე შეგვიძლია მომხმარებლებისათვის. ინდოეთში 15 დეკემბერს პროდუქტის გაშვებიდან დღემდე უკვე 850+ რეგისტრირებული მომხმარებელი გვყავს.
M: როგორ მოახერხეთ ბაზრის ასე კარგად შესწავლა?
ადგილზე გვყავს ერთი სრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომელი, რომელიც ძალიან გვეხმარება ბიზნესის განვითარებაში. გამუდმებით გვაქვს კონტაქტი მინიმუმ სამ ბუღალტერთან, ფინანსისტთან და ბიზნესის მფლობელთან. შესაბამისად, კარგად გვესმის მათი ტკივილები. ასევე, ვპარტნიორობთ ინდურ ნექსიას ოფისთან, რომელიც ამჟამად აუდიტს უკეთებს ჩვენს სისტემას და თავისი კომენტარების გათვალისწინებით შესთავაზებს მომხმარებლებს ჩვენს სერვისს.
M: დაბოლოს, რა გახდა თქვენი “წარმატების საიდუმლო”?
ის რასაც, წარმატებას ვუწოდებთ ჯერ კიდევ შორს არის თუმცა ძალიან მიზანმიმართულ ნაბიჯებს ვდგამთ მის მისაღწევად და, რაც მთავარია, მიღწევის პროცესითაც ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებთ. თუმცა რამაც დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა, არის ჩვენი გუნდი, ხედვა და მიდგომები — გვაქვს ძალიან კარგი გამოცდილების და Freshness-ის ბალანსი, გვყავს დიდი გამოცდილების მქონე მენეჯერები, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, რომელიც მუდამ მზადაა უკუკავშირის მისაღებად. გვაქვს ხედვა, რომლისკენაც მივდივართ… ეს კი რთულ მომენტებში გვეხმარება, რომ ძალა მოვიკრიბოთ და არ დავნებდეთ, არ გადავუხვიოთ იმას, რისთვისაც ვაკეთებთ ამ ყველაფერს.
გარდა ამისა, გვაქვს ექსპერიმენტირებისა და მომხმარებლის მოსმენის ძალიან დიდი კულტურა. ეს ერთი მხრივ გვეხმარება, ემპირიულ მონაცემებზე დაყრდნობით, შევაფასოთ ყოველი მომდევნო, პოტენციური ნაბიჯი.
[R]












