24
Jan
2018

„კესანე“ – ტექსტილისა და საბავშვო თეთრეულის მწარმოებელი კომპანია ქართულ ბაზარზე

24 Jan 2018

Startauperi
Startauperi



კესანე“ საბავშვო თეთრეულისა და ტექსტილის მწარმოებელი კომპანიაა, რომლის გარშემოც, 3 მეგობარი: ნათია ჭელიძე, მაიკო ნაჭყებია და აია შავლაშვილი, კერვის სიყვარულით გაერთიანდა. თეთრეულის ადგილობრივად წარმოების რა საჭიროება დაინახეს სტარტაპის ავტორებმა, მოხმარებლებთან საკომუნიკაციოდ რატომ შეარჩიეს სახელი „კესანე“, რა პროდუქციას ამზადებენ და ვის მიიჩნევენ მიზნობრივ აუდიტორიად, ამ და სხვა საკითხებზე, მარკეტერი ნათია ჭელიძეს ესაუბრა:

M: როგორ შეიქმნა „კესანე“? თეთრეულის წარმოების რა საჭიროება დაინახეთ ბაზარზე?
ერთმანეთი გავიცანით ერთ სამკერვალო სასწავლებელში. ერთ დღესაც, მიუხედავად უკვე არსებული შემდგარი და წარმატებული კარიერისა, გადავწყვიტეთ, ჰობი ძირითად საქმედ გვექცია. თავდაპირველად, გავაკეთეთ მცირე გათვლა: რა გვეწარმოებინა და ვინ იქნებოდა ჩვენი მომხმარებელი. საკუთარი მცირე კვლევის შედეგად, აღმოვაჩინეთ, რომ სასტუმროების ბიზნესი უფრო მზარდია. მათ სჭირდებათ თეთრეული, ბალიშები, საბნები, გადასაფარებლები, სუფრები, ფარდები და ა.შ. ბაზარი კი გაჯერებულია უცხოური პროდუქციით. ადგილზე თითქმის არ იწარმოება, ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენი მომავალი საქმიანობა ტექსტილის წარმოებისთვის დაგვეკავშირებინა.M: მომხმარებლებთან საკომუნიკაციოდ, სახელი „კესანე“ რატომ შეარჩიეთ?
„კესანე“ იმიტომ, რომ ქართული სახელია, ჩვენი მთავარი ლოგო ულამაზესი პატარა ყვავილია, რომელსაც თითქმის ყველა ენაზე, გარდა საქართველოსი „არ დამივიწყო“ ჰქვია. ჩვენი პროდუქციაც დაუვიწყარია. „კესანე, შენთვის სიყვარულს ვკემსავ მე!“

M: ვინ არის „კესანეს“ მიზნობრივი სეგმენტი და რა მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს?
საწყის ეტაპზე გადავწყვიტეთ საბავშვო ხაზი შეგვექმნა, რადგან საქართველოში ბავშვებისთვის შექმნილი თეთრეული, ძირითადად, საზღვარგარეთიდან შემოდის და საკმაოდ ძვირიც ღირს. ვიფიქრეთ, შეგვექმნა ჩვენი პატარებისთვის უმაღლესი ხარისხის საბავშვო ხაზი და მომხმარებლებისთვის ადგილობრივი პროდუქცია შეგვეთავაზებინა უკეთეს ფასად.

საქართველოს მასშტაბით, ვემსახურებით როგორც სასტუმროებს, ასევე რესტორნებს, საავადმყოფოებს, საბავშვო ბაღებს. ჩვენს შეკერილ პროდუქციას, ფაქტობრივად, ყველა რეგიონში ვაწვდით სასტუმროებს. ვთანამშრომლობთ როგორც მცირე, ასევე დიდ სასტუმროებთან. რაც შეეხება მომსახურებას, ვკერავთ და ვაწვდით უნიფორმებს, სუფრებს, თეთრეულს, ფარდებს, გადასაფარებლებს, ასევე ბალიშებს, საბნებსა და ყველაფერს, რაც ტექსტილს ეხება.

M: რა არის „კესანეს“ უპირატესობა ბაზარზე?
ამ სფეროში მოღვაწე თითოეულ კომპანიას აქვს ცალკე განხრა, ზოგი მხოლოდ ბალიშებს კერავს, ზოგი თეთრეულს და ა.შ. ჩვენ კი გვაქვს ყველაფერი – თავად ვკერავთ, შემოგვაქვს მზა პროდუქციაც. ჩვენთან ხარისხი ბევრად უკეთესია. ამასთან, ადგილზე მივდივართ და ვნახულობთ, თუ რა სჭირდება თითოეულ დაწესებულებას. შესაბამისად, ჩვენი შეკერილი პროდუქციის ხარისხი და ფასი კონკრეტულ დაწესებულებაზეა მორგებული.M: როგორია „კესანეს“ განვითარებასთან დაკავშირებული თქვენი ხედვა?
ტექსტილის განხრით გვინდა, ბაზრის დიდი ნაწილი მოვიცვათ, საინტერესო ვიყოთ როგორც 5 ვარსკვლავიანი, დიდი, ქსელური სასტუმროებისთვის, ასევე ფიზიკური პირებისთვისაც. ამასთან, საკუთარი კვლევის საფუძველზე, შერჩეული გვაქვს რამდენიმე ქვეყანა, რომელთაც ტექსტილის სფეროში საკუთარი წარმოება არ აქვთ და ჩინეთიდან და თურქეთიდან მარაგდებიან. შესაბამისად, საკმაოდ რეალური და შესაძლებელია ჩვენი ამ ქვეყნების ბაზარზე გასვლაც.

განხილვა