ერიკ კესელსი – ეს სახელი ბევრისთვის ამსტერდამის ლეგენდარულ ინსტალაციას I AMsterdam უკავშირდება. I AMsterdam ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდინგია, რომელიც სხვა არაერთი ქალაქის შთაგონების წყაროდ იქცა. წარმოშობით ჰოლანდიელი არტისტი, დიზაინერი და კრეატორი ერიკ კესელსი თანამედროვე შემოქმედებითი ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელია. უკვე 23 წელია, იოჰან კრამერთან ერთად, უძღვება სააგენტოს KesselsKramer, რომლის სათაო ოფისი ამსტერდამში, ეკლესიის შენობაში მდებარეობს. ერიკ კესელსის საერთაშორისო დამკვეთებს შორის არიან Nike, Diesel, J&B Whisky, Oxfam, Ben, Vitra…
შეუძლებელია ვერ შენიშნოთ ამბის თხრობის, კესელსისეული, უბრალო და გენიალური სტილი. განსხვავებულ გზას ეძებს ყველგან და ყველაფერში და ამბობს, რომ მუშაობისას არასოდეს წასულა კომპრომისზე. მის გამორჩეულ პროექტებს შორისაა “24 საათი Flickr-ზე”, რომლის ფარგლებშიც, სან-ფრანცისკოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 350,000 ნაბეჭდი ფოტო განათავსა. ამ ინსტალაციით ხელოვანმა აჩვენა, როგორი იქნებოდა ერთი დღე Flickr-ზე, ყველა ფოტო რომ ნაბეჭდი იყოს…
ერიკ კესელსი თბილისს კანის ახალგაზრდული კონკურსის დაჯილდოებასთან დაკავშირებით ესტუმრება. ის Young Lions Georgia-ს დიზაინის კატეგორიის ჟიურის წევრი და მოწვეული სპიკერია. 20 აპრილს, მულტიფუნქციურ სივრცეში “რესპუბლიკა”, დაჯილდოების ღონისძიებაზე, კანის ახალგაზრდული კონკურსის მონაწილეებს მისი გაცნობისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა მიეცემათ. თუმცა, მანამდე, ერიკ კესელსი მარკეტერის კითხვებს პასუხობს…
M: ჯერ მხოლოდ მეხუთე წელია, რაც საქართველოში კანის ახალგაზრდული კონკურსი ტარდება. ამის მიუხედავად, ჩვენ უკვე გვაქვს მოპოვებული ერთი ოქრო, ახალგაზრდა მარკეტერების კატეგორიაში. ჩვენს ანგარიშზეა 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს ლომი. თქვენი აზრით, რა შეიძლება მოიმოქმედოს ჩვენნაირმა პატარა ქვეყანამ გლობალურ მასშტაბებზე თავის დასამკვიდრებლად?
ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი, სააგენტოებისთვის, საკუთარი იდენტობის გარკვევაა. რა ხდის მათ განსაკუთრებულს? რა ახლოს შეთავაზება შეუძლიათ ინდუსტრიისთვის? ეპოქაში, სადაც ახალგაზრდა პროფესიონალებს მსოფლიო დონოს დიზაინერებთან შეუძლიათ მუშაობა, ხშირად ერთმანეთს ემსგავსებიან, რაც დამღუპველია. კრეატივი ყოველთვის უნდა იყოს ახალი, განსხვავებული და რაც მთავარია, პერსონალური.
M: კანის ახალგაზრდული კონკურსის ბრიფები სოციალურ თემატიკას ეხება. თქვენი აზრით, რომელ გლობალურ სოციალურ პრობლემებს უნდა გამოეხმაუროს კრეატიული ინდუსტრია ყველაზე მეტად?
კარგი აზრია, მისცე ახალგაზრდა კრეატორებს სოციალურ თემატიკაზე მუშაობის საშუალება. ამ მიმართულებაში კრეატიული ნამუშევრების უკმარისობაა. დიზაინისა და რეკლამის ინდუსტრია შესაძლებლობებითაა სავსე, სადაც ყველაზე მთავარი მიზანი ფულისა და ჯილდოების მოგებაა. სოციალური თემატიკები კი ნაკლებად აწუხებთ. ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს და კარგია, რომ ქართველი კრეატორები ამ მიმართულებით უკვე მუშაობენ.
M: ერთხელ თქვით, რომ არასდროს წასულხართ კომპრომისზე და ამის შესანიშნავი მაგალითი, ჰანს ბრინკერის ბიუჯეტური სასტუმროს კამპანიაა. თუმცა, თქვენ ამბობთ, რომ ეს შემოქმედებით ინდუსტრიაში საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. როგორ შეიძლება სააგენტომ (ან ცალკეულმა კრეატორმა) მიაღწიოს წარმატებას და ამავდროულად, არასდროს წავიდეს კომპრომისზე?
უკომპრომისობა უფრო სურვილია და სამუშაოსადმი დამოკიდებულება. ძალიან მნიშვნელოვანია, იყოთ მუდმივ დიალოგში თქვენს დამკვეთთან. არ აქვს აზრი იურთიერთოთ იმ კლიენტთან, რომელთან ურთიერთობის ბოლოსაც ორივე უბედურად გრძნობთ თავს. ამას გარდა, როგორც კრეატორი, ვთვლი, რომ იმედგაცრუება ყველაზე უარესია მათ შორის, რაც შეიძლება მოხდეს. ცინიზმი და იმედგაცრუება ძალიან ცუდია კრეატიულობისთვის.
M: შემოქმედებითი ადამიანები, ხშირად, მტკივნეულად იღებენ მარცხს. ნაცნობია თქვენთვის ეს გრძნობა? თქვენი გამოცდილებით, როგორ შეიძლება მარცხი ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ და წარმატებად ვაქციოთ?
ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც კრეატიული ინსტრუმენტები სრულყოფილებამდეა მიყვანილი. ჩვენი კომპიუტერები, სმარტფონები, აპლიკაციები და სანავიგაციო სისტემა იდეალურად მუშაობს. სრულყოფილება არ არის კარგი დასაწყისი ახალი იდეებისთვის. ზოგჯერ, შეცდომის განზრახ დაშვება იქიდან ახალი მიმართულების პოვნაა საინტერესო გამოსავალი. სოციუმი გვასწავლის, რომ ავირიდოთ მარცხი, აი, შემოქმედებითი და ნოვატორი ადამიანებისთვის კი, შეცდომები აუცილებელებელიც კია.
M: კანის ახალგაზრდულ კონკურსზე, წელს, 173 გუნდი მონაწილეობს. მათგან მხოლოდ 5 გუნდი წარადგენს საქართველოს კანის საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალზე. როგორ გაამხნევებდით დანარჩენ 168 გუნდს, რათა შემდეგ ჯერზე უკეთესი შედეგი ჰქონდეთ?
არ იფიქროთ პრიზებსა და ჯილდოებზე. დიზაინისა და რეკლამის ინდუსტრია მეორე ადგილზეა იმ ინდუსტრიებს შორის, სადაც ყველაზე მეტი ჯილდო რიგდება. პირველ ადგილზე “პარიკმახერების” ინდუსტრიაა. საუკეთესო ნამუშევარი ისაა, რომელსაც კლიენტთან ერთად ქმნი და პროექტს ორივე მხარე ერთნაირი მღელვარებით ეკიდებით. კრეატივს სწორედ ასეთ პირობებში ეძლევა გასაქანი, რადგან შეიძლება იყო ბრწყინვალე კრეატორი, თუმცა თუკი კლიენტს შენი არ ესმის, არაფერი გამოგივა. იყავი ის, ვინც ხარ, იყავი გულახდილი და აჩვენე, რომ ხარ მოწყვლადი.
M: ზოგი თვლის, რომ კრეატიულ ინდუსტრიაში მნიშვნელოვანია ბევრი შრომა და ცნობისმოყვარეობა. რას გვირჩევთ შემოქმედებითობის განსავითარებლად?
საკუთარ ინდუსტრიაში ასეთ რამეს იშვიათად იპოვნით. ეძებეთ შთაგონება თქვენი ინდუსტრიის გარეთ და თქვენს სფეროში გადმოიტანეთ. ძალიანაც ნუ ეცდებით, იყოთ კარგი – ეს არ მოხდება. კრეატიულობისთვის უნდა მოდუნდეთ, იგრძნოთ ბედნიერება და იყოთ ფორმაში. არავინ გელოდებათ, რომ ბრწყინვალე კრეატივი აჩვენოთ. თუმცა, როცა იდეა გაჩნდება, ადამიანები ამას აღნიშნავენ და ვერ გაიგებენ, როგორ გამოგივიდათ.
M: გაგვიმხილეთ, რაზე ისაუბრებთ, თბილისში, კანის ახალგაზრდა ლომების დაჯილდოების საღამოზე?
ჩემი საუბრის თემა იქნება, თუ რამდენად აზრიანი შეიძლება გამოდგეს კრეატივისთვის სრული ნონსენსი. გაჩვენებთ ტექნიკებს, როგორ შეიძლება კრეატივისკენ გვიბიძგოს მარცხმა, შეცდომებმა და სრულმა სისულელემ. ასევე, როგორ შეიძლება ამ გზით ბრენდმა შეძლოს წარმატების მიღწევა.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი