7
Jun
2017

ქეთევან ჯავახიშვილი – #პირველისამსახური

7 Jun 2017

მეოთხე კურსის პირველ სემესტრში გადავწყვიტე, რომ დიდი გოგო ვიყავი. ბაკალავრიატს ვამთავრებდი და მაგისტარტურამდე, ჯობდა, პრაქტიკა დამეგროვებინა და „ნამდვილი“ სამსახური მეპოვნა, ისეთი, სადაც დილით მივიდოდი, საღამოს წამოვიდოდი, თვეში ერთხელ ხელფასს ავიღებდი და რამე ახალს ვისწავლიდი. ფსიქოლოგიურზე ვსწავლობდი, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, ზუსტად რა მინდოდა, მინდოდა რაიმე ძალიან პრაქტიკული. კვლევები და სტატისტიკა მომწონდა, ამიტომ კვლევითი კომპანიების საიტებზე გადავწყვიტე შესვლა, 2 ვიცოდი ასეთი, ერთი IPM იყო, მეორე საიტი არ გაიხსნა, IPM-ის საიტზე ვაკანსია დამხვდა, არ ვიცი, ალბათ, ბავშვური თავდაჯერება იყო, რომ ვკითხულობდი მეგონა ჩემზე წერდნენ და მე მეძებდნენ.

 

მოკლედ, გავაგზავნე CV, ცოტა ხანში დამირეკეს. გამესაუბრნენ – 3 ქალი დამხვდა, ძალიან მინდოდა ყველას მოვწონებოდი, ვაკვირდებოდი და ვხვდებოდი, რომ ვერაფრით ვერ მოვიქცეოდი ისე, რომ სამივეს მოვწონებოდი, იმიტომ, რომ სამივე საოცრად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. უნდა მოვქცეულიყავი ჩემებურად,  სხვა გზა არ იყო. თუმცა შევატყვე, ეს ის კომპანია იყო, სადაც ყველა თავისებურად „აფრენდა“ და მაინც ერთად მუშაობდნენ… რატომაც არა?!

არ ვიცი, ვის მოვეწონე და ვის არა (მე სამივე მომეწონა მაშინ), მაგრამ დამირეკეს, შემდეგ გასაუბრებაზე შემომთავაზეს მისვლა, ეს კიდევ უფრო უცნაური გასაუბრება იყო. ვიღაც კაცი, რომელზეც ყველა საოცარი მორიდებით საუბრობდა, აზრს ეკითხებოდა და მის დასტურს ელოდებოდა ჩემნაირი უმნიშვნელო კადრის აყვანაზე, დამხვდა ძალიან უცნაური შეკითხვებით – მოკლედ, ლიდერი, რომელიც ასევე „აფრენდა“… აშკარად კარგი ადგილი ჩანდა.

საბოლოოდ გამოვიდა ასე: CV გავაგზავნე და 2 კვირაში დავიწყე მუშაობა იქ, სადაც ინტიუციურად ვიფიქრე, რომ უნდა მემუშავა, ცოტა ხანი მაინც, იმიტომ, რომ გამოცდილებისთვის იყო კარგი, დასაწყისი იყო საკმაოდ სტრესული, ბევრჯერ ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა გამეძლო ერთი წელი, რომ „გამოცდილება შემეძინა“ და საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ მოვხვდი იქ, სადაც 2017 წლის თებერვალში 10 წელი შესრულდა, რაც ვმუშაობ.

შესაბამისად, ხშირად ვამბობ, რომ ვარ ძალიან გამოუცდელი ადამიანი, იმიტომ, რომ მხოლოდ ერთ გასაუბრებაზე ვარ ნამყოფი, ჩემი სამსახური არის ალბათ ჩემი ყველაზე სტაბილური არჩევანი, არადა, მივედი „ცოტა ხნის გამოცდილებისათვის“. მარკეტინგული, სოციალური და პოლიტიკური კვლევები აღმოჩნდა ჩემთვის ის სფერო, რომელმაც დამარწმუნა, რომ არ არის საჭირო მრავალფეროვნებისთვის იცვალო სამსახური, შეიძლება გქონდეს ერთი და მრავალფეროვანი სამსახური, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ არის იმავე ოფისში, იქნება ყოველთვის ახალი, განსხვავებული, ბევრი გამოწვევით თუ იმედგაცრუებით, მაგრამ ერთი ზუსტად გეცოდინება – თავს არ მოგაბეზრებს.

ქეთევან ჯავახიშვილი – IPM-ის კლიენტებთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელი.

განხილვა