25
Jun
2019

ქეთევან მაღალაშვილი “ალდაგის” PR განყოფილებას უხელმძღვანელებს

25 Jun 2019

PR სპეციალისტი ქეთევან მაღალაშვილი, სადაზღვევო კომპანია “ალდაგის” საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას ჩაუდგა სათავეში. სადაზღვევო სფერომდე, ქეთევანი ევროპის ფონდში კომუნიკაციის მენეჯერი, იქამდე კი თიბისი ბანკის კორპორაციული კომუნიკაციების განყოფილების ხელმძღვანელი იყო. პირველი პროფესიით ჟურნალისტია, GIPA-ს კურსდამთავრებულს სამუშაო გამოცდილება არაერთ მედია მაუწყებლობაში აქვს მიღებული:

“წინა ცხოვრებაში ჟურნალისტი ვიყავი და თან, ყველანაირ მედიაში მოვასწარი მუშაობა: ტელევიზიაში, რადიოში, გაზეთებშიც კი მიწერია. პროგრამებში მიმუშავია, ნიუსზე, რადიოში – წამყვანად. მერე მოვხვდი საჯარო სფეროში – ნიკა რურუას დროს კულტურის სამინისტროში, სადაც. მგონია, რომ ძალიან საინტერესო გამოცდილება მივიღეთ ყველამ, ვინც იქ ვიყავით. მერე მოვხვდი თიბისიში, სადაც 7 წელი ვიმუშავე და იმდენ სიახლეს, გარდატეხას და გამოწვევას შევხვდი, რომ ალბათ ამან გამზარდა პროფესიულად. ევროპის ფონდს რაც შეეხება, ჩემი პატივისცემა ამ ორგანიზაციას – მათ მხარეს ყოველთვის ვიქნები, რადგან ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ განვითარებისთვის.”

ქეთევან მაღალაშვილმა გვიამბო, თუ რამ დააინტერესა სადაზღვევო სფეროში, როგორი მოლოდინები აქვს რა გამოწვევების წინაშეა ახალ პოზიციაზე:

“რაც შეეხება ალდაგს, ალდაგი ჩემი სტუდენტობის დროს იყო dreamjob, ამიტომ შორიდან სულ მომწონდა. არც ბანკში და არც კონკრეტულად სადაზღვევოში მუშაობა არ დამიგეგმავს. ახალ გამოწვევებს რომ ვიღებ, ასე ხდება ხოლმე.

ალდაგში, პირველ რიგში, ადამიანები მომწონს, ეს ადამიანები განსაზღვრავენ კორპორატიულ კულტურასაც, რომელიც ჩემთვის ძალიან ორგანული ჩანს.

გეგმები დიდი მაქვს, პასუხისმგებლობის განცდაც – მაღალი. ვეცდები, ადამიანებს შევაყვარო ეს ბრენდი და მეორე, გავაგებინო ადამიანებს, რომ დაზღვევა – ეს არ არის პრემიუმ პროდუქტი, არამედ სავსებით პირიქით. თან საქართველოში, სადაც არაპროგნოზირებადი გარემოა, და არასტაბილურობის განცდა – ყოველდღიური. თვითონ სადაზღვევო სფერო იძლევა მოტივაციას. ვფიქრობ, რომ სადაც მაღალია კონკურენცია, ბიზნესი უფრო იზრდება, უფრო მეტ სიმაღლეებზე ადის და ასეთ გარემოში ადამიანებიც უფრო ვითარდებიან.”

განხილვა