10
Dec
2018

“მოგონებები გადავაქციე ნამუშევრებად” – ხელოვანი ქეთევან მატაბელი

10 Dec 2018

ფოლიანტები, ქაღალდით, წებოთი, მეტალით, ხითა თუ ქვით გაფორმებული კომპოზიციები და კოლაჟები – ქეთევან მატაბელის ხელწერას საერთაშორისო სახელოვნებო ასპარეზზე ძალიან კარგად იცნობენ. მისი ნამუშევრების მნიშვნელოვანი ნაწილი საზღვარგარეთ იყიდება, არაერთი – საქართველოში, ზოგმაც მუზეუმში დაიდო ბინა. „ვეფხისტყაოსნით“, ბიბლიითა თუ წინაპრებისგან სახსოვარი ნივთებით შთაგონებულ სერიებს ის ნამუშევრებად ქცეულ მოგონებებს უწოდებს. ბებია-პაპისეული ჭადრაკი, ლოტო, დომინო, მოგზაურობისას შეძენილი საჩუქრები თუ სუვენირები მის ნამუშევრებში აგრძელებენ სიცოცხლეს. ქეთევან მატაბელს ყველაფერში კანონზომიერების ძიება უყვარს. მიაჩნია, რომ ყველა ადამიანთან შეხვედრა საჩუქარია, მათ შორის, ჩვენი შეხვედრაც, რომელიც მის სახლში წარიმართა:

„შემთხვევითი ნამდვილად არაფერია. ამის გაცნობიერების შემდეგ, ოცდაათ წელზე მეტი გავიდა. ახლა ვხედავ, რომ ის, რასაც დღეს მე და თამუნა მალაზონია ვაკეთებთ, ყველა ის შეხვედრა თუ ნაბიჯი წარმოუდგენლად კანონზომიერი იყო. ახლაც მაქვს გრძნობა, რომ სწორედ აქ და ახლა უნდა ვყოფილიყავით და გვესაუბრა…“

გარდა შემოქმედებისა, ქეთევან მატაბელი თავიანთი ნიჭის აღმოჩენასა და რეალიზაციაში სტუდენტებსაც ეხმარება. ისინი, ისევე, როგორც ხელოვანი თამუნა მალაზონია, აქტიურად არიან ჩართულები, ქეთევან მატაბელთან ერთად, პროექტში, რომელიც უსინათლოებს ეძღვნება. ქეთევანი თვლის, რომ ეს ჩანაფიქრი მთელი ეპოქის დასაწყისია. საუბარიც სწორედ უსინათლოთათვის განკუთვნილი პროექტით დავიწყეთ…

ქეთევან მატაბელი: „უამრავი კანონზომიერი რამ მოხდა, რამაც ამ ფაქტებს ერთად მოუყარა თავი. იყო არაერთი გადაკვეთის წერტილი. მაგალითად, 2009 წელს, „ვეფხისტყაოსანზე“ რომ ვმუშაობდი, წავედი ლევან თაქთაქიშვილთან და სხვადასხვა ენაზე თარგმნილი პოემის ნაწყვეტებთან ერთად, ბრაილის შრიფტით ნაწერიც დავურთე ნამუშევრებს… მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცნობდი უსინათლოებს და რომ გავიცანი, სულ გავგიჟდი. ძალიან სასიამოვნო იყო ეს ურთიერთობები. ისეთები არიან, არც გაქვს განცდა, რომ რაიმე „ნაკლი“ აქვთ. ისინი არიან სრულფასოვანი ადამიანები. ისეთი სამყარო აქვთ, შეიძლება შეგეხარბოთ კიდეც. თავიანთი სამყარო აქვთ და მათმა აღქმამ გაგვამდიდრა, თუ როგორ შეგვიძლია რაღაც კიდევ სხვანაირად დავინახოთ. ჩვენც ხომ ბევრ რამეს ვერ ვხედავთ, მაგალითად, ჩვენს ეთერულ და ასტრალურ სხეულებს… ისინი კი ბევრ ისეთ რამეს გრძნობენ, რისთვისაც ჩვენ დრო არ გვყოფნის, რომ დავინახოთ და გავაცნობიეროთ. ჩვენ ვავსებთ ერთმანეთს.“

M: რა იყო ამ პროექტის მიზანი?

პროექტის მნიშვნელოვანი ამოცანა იყო, სტუდენტებს მათზე მორგებული ნამუშევრები შეექმნათ. დაევიწყებინათ ყველაფერი და უსინათლოთა თვალებით დაეწყოთ ყურება. როგორ ხედავენ, როგორ შეიგრძნობენ… უსინათლოები ხომ რამდენიმე კატეგორიის არიან: რომლებიც ბავშვობიდან ვერ ხედავენ, რომლებმაც დაკარგეს მხედველობა და რომლებიც ნაწილობრივ ხედავენ, მაგალითად, შავ-თეთრად, ან, პირიქით, მკვეთრ ფერებად. მათ განსხვავებული აზროვნება აქვთ და წარმატებულებიც არიან… გვინდოდა შეგვექმნა რაღაც ისეთი, რაც ქართველ უსინათლოებზე იქნებოდა მორგებული.

უშუალოდ, პროცესში გაცილებით მეტია იმპროვიზაცია დაგვჭირდა. შეიძლება ერთი იდეიდან პროცესში მეორეზე გადახვიდე, შემდეგ ისევ იმ პირველს დაუბრუნდე – ასე იკვრება წრე, იდეიდან რეალიზაციამდე. მაგალითად, ეს სანათი მათთვისაა, ვინც ნაწილობრივ ხედავს. შუქი სილუეტის აღქმის საშუალებას აძლევს. მხედველობადაქვეითებული ბავშვები მეუბნებოდნენ, რა ლამაზიაო, წარმოიდგინეთ, რამდენს ნიშნავს ეს ჩემთვის.

M: რა რეზონანსი მოყვა ამ პროექტს?

შევიკრიბეთ მე, თამუნა მალაზონია და სტუდენტები. ეს უნდა ყოფილიყო შეხებით აღქმადი. ყველა მასალაზე ვეკითხებოდი, რამდენად აღქმადი იყო… ფაქტობრივად, არაფრისგან ვაკეთებდით… საკუთარი რესურსებით. შემდეგ, მერიამ გამოთქვა მხარდაჭერის სურვილი, კულტურის სამინისტრომაც გამოაცხადა კონკურსი… ასე დაიწყო ამ იდეამ განვითარება, სპეციალური პროგრამებითა და კონკურსებით. დროც ჩქარა გადიოდა გამოფენების მზადებაში, დიდი გამოცდილებაც მივიღეთ, რაც არ იყო ადვილი. რაც მთავარია, მე კი არ ვჭირდები იმათ – ისინი მჭირდებიან მე. დიდი სურვილი მაქვს, კვლავაც მივიდე მათთან და მოვუსმინო, რომ მივიღო რაღაც ისეთი, რაც შემოქმედებაში წამადგება და შევძლებ, გადმოვცე ეს ჩემს ნამუშევრებში.

არის ასეთი პატარა ქალაქი გერმანიაში, მამბურგი, სადაც უსინათლოები ყველაზე კომფორტულად ცხოვრობენ – გადაადგილდებიან დაბრკოლების გარეშე, ქალაქი მაქსიმალურად ადაპტირებულია. როდესაც ამ პროექტზე დავიწყეთ მუშაობა, მამბურგელი ექსპერტი მეწვია სახლში, რჩევები მოგვცა და აღნიშნა, რომ ბევრი პროექტი ყოფილა უსინათლოებზე, მაგრამ ეს პროექტი უსინათლოებისთვისაა და რაც კიდევ უფრო კარგია, შემოქმედებით ნაწილს მოიცავს მაშინ, როცა სხვა პროექტები უფრო შემეცნებითი ხასიათისაა…

საბოლოო ჯამში, ერთ-ერთი პროექტი, რომლის იდეის ავტორიც ვიყავი, ფრანკფურტის ბაზრობაზე მუზეუმში მოხვდა. სტუდენტებმა თავიანთი, ინდივიდუალური ნამუშევრებიც შექმნეს, მეც – ჩემი გავაკეთე.

M: საიდან იღებთ ხოლმე შთაგონებას?

პირველ რიგში, წიგნებიდან ვიღებ შთაგონებას, ხან ვსწავლობ, ხან ბუნება შთამაგონებს, შემდეგ ეს თანდათან ლაგდება, ვირჩევ თემატიკას, ზოგჯერ ზუსტად ვიცი, რა მინდა, მაგრამ არა ყოველთვის. ბევრი ნივთი მაქვს საზღვარგარეთიდან, ზოგი ნაჩუქარი, ზოგიც ჩემი ჩამოტანილი. აქედან მომაფიქრდა, ეს ნივთები ერთ ნამუშევარში გამეერთიანებინა და შესაბამისი სერიაც წამოვიწყე.

ძალიან პატარა ვიყავი, ბებიამ რომ ევროპაში იმოგზაურა და ჩამომიტანა თოჯინა, რომელსაც ბარბის ბებიას ვეძახი. როცა ავად ვიყავი, მაშინ ვთამაშობდი ხოლმე ამ თოჯინასთან. სხვა რაღაცებიც მაქვს მისი ნაქონი – ჭადრაკი, ლოტო…

სწორედ ეს მოგონებები გადავაქციე ნამუშევრებად… დიდი ხნის წინ, კოლაჟების კეთება რომ დავიწყე, არ იყო კომპიუტერული მხარდაჭერა. ხელით ვაკეთებდი რელიგიური, მუსიკალური თემატიკის, საოჯახო ალბომებს. დღეს, ამის გაკეთება კომპიუტერით შეიძლება, მაგრამ დღესაც კი, ხელით შექმნილს სხვა ფასი აქვს და ენერგეტიკაც უფრო მეტია.

M: როდის გადაწყვიტეთ, რომ მხატვრობა პროფესიად გექციათ?

მახსოვს, თოთხმეტის რომ გავხდი, ჩემს დაბადების დღეზე, წყნეთში, ჩვენს სახლში,  ჩემმა ორმა თაყვანისმცემელმა იჩხუბა. ატყდა ერთი ამბავი. გარეთ გასვლა ამიკრძალეს. მეც, ავედი სხვენში, საღებავებიანად და დავიწყე ხატვა. ისე კარგად მახსოვს, რომ დავხატავდი, კიბეზე გადმოვაფრიალებდი ხოლმე. ხატვით რაკი დავინტერესდი, მიმიყვანეს ხიტა ქუთათელაძესთან. ხიტამ თქვა, ფერს კარგად გრძნობსო და დამიტოვა სასწავლებლად. ასე დავიწყე ხატვა, სტრესში. მასწავლიდა კოკი მახარაძე, შემდეგ უჩა ჯაფარიძე და სერგო ქობულაძე. მე იმ რამდენიმე მოსწავლეთაგანი ვარ, რომლებიც სერგოსთან სახლში ვსწავლობდით. სანამ გარდაიცვლებოდა, მითხრა, რუსთაველი არ მიატოვო, ეს ძალიან ბევრ რამეს მოგცემსო. ისიც მითხრა, მთავარია გქონდეს სინდისიო, ცდუნებას რომ გაუძლოო…

M: როგორ ეკიდებოდნენ ოჯახის წევრები თქვენს პროფესიულ არჩევანს?

ჩემს ოჯახში ხელოვნებას პატივს სცემდნენ. კარგი ურთიერთობა ჰქონდათ იმ თაობის ხელოვანებთან. მამა ძალიან პოეტური კაცი იყო. ჩვენს სახლში სულ იკრიბებოდნენ პოეტები, ლექსებს კითხულობდნენ… მიშა ქვლივიძე იყო მამაჩემის კარგი მეგობარი.  ბებიაჩემი ხატავდა და ქარგავდა, პაპაჩემმა თქვა, მეც ვხატავდიო. თუმცა, ის ინდიდენტი რომ არ მომხდარიყო, ალბათ, ფერწერას არ გადავწყვეტდი.

M: დღესდღეობით, ქვეყნის საზღვრებს გარეთ ხელოვანის გასვლა არ იზღუდება, თუმცა თქვენ საბჭოთა კავშირის დროს გქონდათ პირველი გამოფენა საზღვარგარეთ…

დიახ, პირველი გამოფენა პალერმოში მქონდა, 1988 წელს. მე, ბუღაძე და ფარჯიანი ვიყავით.  მთვარის შუქზე ვხატავდით… საბჭოთა კავშირიდან პირველი გასვლა იყო… საღებავები არ გვქონდა და სხვა მხატვრებს მოჰქონდათ… ღამით ვხატავდით, კაპიკებში ვყიდდით და სუვენირებს ვყიდულობდით. კოკა-კოლასთან ერთად ვიღებდით ფოტოებს… ახლა უფრო ადვილია, საზღვარგარეთ წასვლა და სწავლა, გამოფენაში მონაწილეობა შესაძლებელია. ბევრი მიდის, მუშაობს, გახსნილია გზები, დიდი ინფორმაციის მიმოცვლაა. ეს თანდათან მოვიდა, ვიღაცამ ჩვენ გაგვიკაფა გზა, ჩვენ ახალ თაობას გავუკაფეთ და ა.შ.

ახლა ისეთი დროა, როცა ბევრი შესაძლებლობაა, ბევრის გაკეთება შეიძლება, იდეა თუ არის კარგი. ახლა რა გამოფენაზეც ვიყავი, ძალიან ბევრი ფრანგი ხელოვანი იღებდა მონაწილეობას. დავინახე ეპოქის სული, მრავალმხრივი, შესაძლებლობებით სავსე. მრავალფეროვანია მასალა, რითაც მუშაობენ, დამატებულია ჩრდილები, მოძრაობა… თუმცა, გამიკვირდა, რომ ზოგან გამეორებული ნამუშევრები ვნახე და დამრჩა შეგრძნება, რომ არ ერიდებათ ვინმეს ნამუშევრის გამეორება. რაღაცნაირად ისე ხდება, რომ მხატვრები ერთ დროს “ამოდიან”, შეიძლება სხვადასხვა მიმდინარეობას მიყვებოდნენ, მაგრამ ერთმანეთს “კვებავენ”. შეიძლება ერთმანეთის გავლენა ჰქონდეთ, მაგრამ მაინც თავისებურად გადმოსცენ სათქმელი.

M: დღეს რისი ცოდნა სჭირდება ხელოვანს, რომ საერთაშორისო მასშტაბზე გავიდეს?

ჩვენ ის თაობა ვართ, რომელსაც საკუთარი ნამუშევრის გაყიდვა ერთულება, ერიდება, რაც ხელსაც გვიშლის ხოლმე, რომ ჩვენი ნამუშევრები უფრო ძვირად დავაფასოთ. იშვიათია მხატვარი, რომელსაც ორივე შეუძლია – შექმნაც და გაყიდვაც. დღეს, საზღვარგარეთ უკვე ასწავლიან, როგორ გაყიდო საკუთარი ნამუშევარი. საქართველოშიც შემოდის ეს თანდათან.

M: ხშირად საუბრობენ წარმატებაზე, ხელოვნების კონტექსტში. თქვენი აზრით, როგორ განისაზღვრება, ხელოვანი წარმატებული არის თუ არა?

ვფიქრობ, წარმატებულობისკენ სწრაფვა უფრო სხვა რამაა. წარმატება თავისით მოდის, თუ შრომობ და მართალი ხარ საკუთარ საქმესთან. 24 წლიდან ვასწავლი და არ შემხვედრია უნიჭო ბავშვი, ყველას აქვს ნიჭი, ზოგს დამალული, ზოგს გაცხადებული, რომელიც შეიძლება განვითარდეს… ქართველები გამორჩეულად ნიჭიერი ხალხი ვართ, მაგრამ შრომისმოყვარეობა გვაკლია. პროფესიონალი ნამდვილად მიხვდება, ნამუშევარი რამდენად ფასეულია. შემოქმედებითი ადამიანების გამოზრდა ბალახის ზრდას ჰგავს, საიდანაც შემდეგ რამდენიმე გამორჩეული ყვავილი წამოყოფს თავს, თუმცა, ეს ყვავილები არ იქნებოდა, ბალახი რომ არ ყოფილიყო… შეიძლება ერთ მასწავლებლის ყველა მოსწავლეს სხვადასხვა სტილი ჰქონდეს… შეიძლება ხელოვანი ხაზით აზროვნებდეს, ფერით თუ ფორმით – უნდა გაუღვივო ის, რაც მისია.

M: თქვენი დაკვირვებით, საჭიროებენ დღევანდელი ხელოვანები ხელშეწყობას?

ძალიან კარგია ხელშეწყობა და ვიბრძვით კიდეც, რომ უფრო მეტი ხელშეწყობა ჰქონდეთ ხელოვანებს, მაგრამ თითქმის ყველა ღირებული ნაწარმოები იმ დროს დაიბადა, როდესაც არანაირი საამისო პირობა არ არსებობდა.

მახსოვს, რამხელა დანაკლისი იყო ჩემთვის მამის გარდაცვალება. დიდი ტკივილი, რომელიც შემდეგ ფოლიანტების კეთებაში გარდავსახე დადებით ენერგიად. იმ ძალიან ცუდ მდგომარეობაში დავიწყე ფოლიანტების კეთება.

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

განხილვა