in

ქეთევან მეფარიძე – #პირველისამსახური

ჩემი პირველი სამსახური სარეკლამო კომპანია “ვესტა” იყო. 17 წლის ვიყავი, იქ რომ მოვხვდი. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ახალმა უფროსმა სამსახურის პირველი დღე მომილოცა და რუდუნებით მომაწოდა პოტენციური კლიენტების სია, ვისთვისაც სავიზიტო ბარათების, ბლოკნოტების და სხვადასხვა სარეკლამო მასალის დამზადება უნდა შემათავაზებინა. შუადღე იყო, ცხელოდა. როგორც ჰოლივუდის ფილმებში გაყიდვების აგენტებს აცვიათ ხოლმე, ისე გამოვიყურებოდი: თეთრი მაისურით, მაღალწელიანი კლასიკური კაბითა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით დავადექი ხრეშიან გზას.

კარგად მახსოვს, ძლივს მივაღწიე პირველ ლოკაციამდე. კომპანიის პირველივე თანამშრომელს მივადექი და მომღიმარი სახით ვკითხე, პოლიგრაფიული მომსახურება ხომ არ აინტერესებდა. ხელში სარეკლამო კომპანია „ვესტას“ პორტფოლიო ამაყად მეჭირა. თანამშრომელმა გაოგნებულმა შემომხედა. რა თქმა უნდა, ვერ დავაინტერესე. მგონი, ბუღალტერი იყო და სავიზიტო ბარათების დამზადება საერთოდაც არ ეხებოდა.

შენობიდან სევდიანი გამოვედი. ვფიქრობდი, რომ ვერასდროს შევძლებდი რომელიმე მომსახურების გაყიდვას. მეორე დღეს სამსახურში წასვლაზეც კი ფეხს ვითრევდი, მაინც არაფერი გამომივა-მეთქი. მაგრამ მაინც წავედი. მესამე დღესაც. მეოთხე დღესაც. მაინც უშედეგოდ.

ბოლოს, თბილისის ერთ-ერთი უბნის პატარა მაღაზიას მივადექი, სადაც კომპიუტერების ნაწილები და აქსესუარები იყიდებოდა იაფად. დარწმუნებული ვიყავი, რომ მორიგ უარს მივიღებდი, ვინმე უცნობი ადამიანი დამიწყებდა მტკიცებას, რომ კარგ პროდუქტს რეკლამა არ სჭირდება. მე კი, კიდევ ერთხელ მომიწევდა „კოკა-კოლას“ მაგალითზე იმის ახსნა, რომ ცნობადობის მიუხედავად, ბრენდი ყოველწლიურად რეკლამაში მილიონებს ხარჯავს, მაგრამ უბნის პატარა მაღაზიის მფლობელს ბევრი არ ულაპარაკია, სავიზიტო ბარათების დამზადება მთხოვა. ასე ავიღე პირველი ჰონორარი.

ამის შემდეგაც იყო უამრავი თავგადასავალი: „GDS“-ის ტელევიზიის კონტენტის შესყიდვები, სატელევიზიო ბადის (პროგრამების) მომზადება, „საქართველოს ბანკის“ სოციალური მედიის მართვა, კრეატიული სააგენტო „ლივინგსტონის“ პროექტების მენეჯმენტი, ქოფირაითინგი. იყო ბევრი სირთულეებით სავსე საქმე, შესაძლებლობების გამოცდა, საკუთარი სურვილებისა და ინტერესების ძიება.

თუმცა, დღესაც, დარწმუნებული ვარ, რომ 17 წლის „მე“ მართალი იყო: მნიშვნელობა არ აქვს ბრენდს, პროდუქტს, ლოკაციასა თუ ამინდს – კომუნიკაცია სამყაროს შემეცნების გზაა.

ქეთევან მეფარიძე – „ტერაბანკის“ მარკეტინგის მენეჯერი.

„ავტობასი“ იმ კომპანიებს მოემსახურება, რომლებიც სრულად დისტანციურ მუშაობაზე ვერ გადადიან

ქუთაისის უნივერსიტეტი სკოლის პედაგოგებს დისტანციური სწავლებისთვის საჭირო რესურსებს შეასწავლის