in

„რენო საქართველოს“ მარკეტინგს ქეთევან მეფარიძე უხელმძღვანელებს

„რენო საქართველოს“ მარკეტინგის მიმართულებას ქეთევან მეფარიძე ჩაუდგა სათავეში. ავტოინდუსტრიის მიმართულებით გადასვლამდე, ქეთევანი თიბისის გუნდის წევრი იყო,  უფრო ადრე – „ტერაბანკის„ მარკეტინგის მენეჯერი. გამოცდილება სააგენტოს მხარესაც დააგროვა – Leavingstone-ში პროექტებს ხელმძღვანელობდა, მანამდე კი საქართველოს ბანკის სოციალურ მედიას მართავდა. ამჯერად, ავტომობილების სფეროში აღმოაჩინა საკუთარი თავი და სამომავლო გეგმებზეც გვესაუბრა.

M: რით აღმოჩნდა ავტოინდუსტრია შენთვის საინტერესო?

ადამიანებს ძალიან უყვართ მანქანებზე საუბარი. ბევრისთვის ავტომობილი ოჯახის წევრივითაა, რაც ჩემთვის, როგორც მარკეტერისთვის, საოცარი რამაა. შეიძლება პარასკევ საღამოს, რომელიმე ხალხმრავალ ბარში რამდენიმე მეგობრის გაცხარებულ კამათს შეესწრო მანქანების მოდელებსა და ნაწილებზე. 

ეს ინდუსტრია ძალიან დინამიკური და ცოცხალია, რაც მარკეტერისთვის დიდი ფუფუნებაა. ყოველთვის ვუღრმავდები ადამიანების დამოკიდებულებებს სხვადასხვა მოვლენის მიმართ და მომწონს მათი ქცევის ცვლილებაზე დაკვირვება. სწორედ ამიტომ აღმოჩნდა ეს სფერო ჩემთვის მომხიბვლელი. გარდა დინამიკურობისა, ამ გარემოს კონკურენტულობაც ახასიათებს, რაც ჩემ ყოველდღიურ საქმიანობას მეტად საინტერესოს ხდის.

M: როგორ შედგა თანამშრომლობა?

ბრენდი ეძებდა გუნდის ახალ წევრს, რომელიც მზად იქნებოდა თამამი და საინტერესო ინიციატივების წამოწყებისთვის. მიხარია, რომ ჩემი და „რენოს“, როგორც  სახასიათო ბრენდის, ღირებულებები და ხედვები დაემთხვა ერთმანეთს. მთელი გულით მჯერა, რომ მარკეტერის ყოველდღიური საქმიანობა მუდმივ განვითარებასა და შემოქმედებით ძიებას უკავშირდება, რის შესაძლებლობასაც ეს ბრენდი და გუნდი მაძლევს.

საკმაოდ დატვირთულ, მრავალფეროვან და გამოწვევებით სავსე პერიოდში მიწევს ადაპტაცია, რაშიც სხვადასხვა სფეროში რამდენიმეწლიანი სამუშაო გამოცდილება მეხმარება.

M: რას მოიცავს შენი ამჟამინდელი როლი?

ჩემი როლი აერთიანებს ბრენდის მომხმარებლებთან, თანამშრომლებთან და მედიასთან კომუნიკაციის, დიზაინისა და კონტენტის მიმართულებებს. მარტივად რომ ვთქვათ, ჩემი საქმიანობა მოიცავს ადამიანებისთვის ამ საოცარი ბრენდის კიდევ მეტად გაცნობას და მომხმარებლებთან შეხების ყველა წერტილში იმ ღირებულების გადაცემას, რაც აქვს რენოს. ზოგადად მჯერა, რომ სწორი პოზიციონირების გარდა, უმნიშვნელოვანესია მომხმარებელთან გადაკვეთის ყველა წერტილში ერთიანი გამოცდილების შექმნა, რის გამოც ვენდობით და გვიყვარდება ესა თუ ის ბრენდი.

M: როგორია შენი მოლოდინები და გეგმები? 

„რენოს“ ჰყავს საოცრად მოტივირებული და ცნობისმოყვარე გუნდი, რაც ჩემთვის ძალიან შთამაგონებელია. მომდევნო 5 წლის განმავლობაში, დიდი გეგმები გვაქვს, რასაც ეტაპობრივად გაგიზიარებთ.

რაც შეეხება სად ვართ დღეს, საქართველოში მაღალია კორპორაციული გაყიდვების მიმართულებით „რენოს“ ავტომობილების ცნობადობა. წლების განმავლობაში, „რენომ“, როგორც საერთაშორისო ბრენდმა, გარშემო შემოიკრიბა ლოიალური მომხმარებლები, რომლებიც ენდობიან ავტომანქანის ხარისხს და აფასებენ მის პრაქტიკულობას.

ამ ეტაპზე, ბრენდის მთავარი ფოკუსი ხდება საცალო მიმართულება, რაც ბევრ საინტერესო კამპანიას, სტრატეგიულ ნაბიჯებსა და მომხმარებელთან დასამახსოვრებელ კომუნიკაციას გულისხმობს.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

ყალბი ლეონარდო და მონა ლიზა — AI დეზინფორმაციის „მხატვრული მაგალითი“

„დირიჟორი“ – ახალი სპექტაკლი თეატრ სახელოსნო 42-ში – სეზონის პარტნიორია SOLO