8
ნოე
2018

ქეთევან რატიანი: „ჩვენ ვისწავლეთ, როგორ გამოგვეყენებინა ტექნოლოგიები, ახლა კი ისინი სწავლობენ ჩვენგან…“

8 ნოე 2018

„ხელოვნური ინტელექტი გარდაქმნის ინდუსტრიებს, გაგვხდის უფრო პროდუქტიულებს და დაგვეხმარება, გავუმკლავდეთ საზოგადოების უდიდეს გამოწვევებს“, – ამბობს ქეთევან რატიანი, რომელიც, დღეს, კომპანია „მაიკროსოფტ საქართველოს“ წარმომადგენელი და გაყიდვების დირექტორია. იგი ასევე, კომერციული ბიზნესის მენეჯერია ბელარუსსა და უკრაინაში.

ქეთევან რატიანმა „ESM-თბილისი“ დაამთავრა, მენეჯმენტის მიმართულებით. ხელმძღვანელობდა კომპანია „ჯეოსელის“ კორპორატიულ და საბითუმო განყოფილებას. სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე იყო სატელეკომუნიკაციო სფეროს რამდენიმე კომპანიაში. ამბობს, რომ ყოველთვის განსაკუთრებულად უყვარდა მოგზაურობა, დღეს კი, ეს მისი სამსახურის შემადგენელი ნაწილია: „ სამსახური ყველაზე სასიამოვნო მაშინ არის, როდესაც საყვარელ საქმეს აკეთებ. იქედან გამომდინარე, რომ „მაიკროსოფტის“ წარმომადგენლობები მრავლადაა მთელს მსოფლიოში, ხშირად მიწევს სხვადასხვა ქვეყანაში სტუმრობა, რათა მათი გამოცდილების გადმოტანა და ქართულ რეალობაზე მორგება მოვახერხო.“

ქეთევან რატიანი POPXSpotlight-ზე ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობაზე, შესაძლებლობებსა და მის განვითარებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრებს. დღეს კი მას, როგორც „მაიკროსოფტ საქართველოს“ წარმომადგენელს გაგაცნობთ:

M: რა მისიით შეიქმნა, საქართველოში, კორპორაცია „მაიქროსოფტის“ წარმომადგენლობა?

„მაიკროსოფტ საქართველო“, კორპორაცია „მაიკროსოფტის“ ოფიციალური წარმომადგენლობაა, რომელიც 3 ძირითადი მიმართულებით მუშაობს – კომერციული, სამთავრობო და განათლების სექტორი. რაც შეეხება ჩემს ძირითად მოვალეობებს, ესენია: ბაზრის განვითარება და მისი მომზადება ციფრული ტრანსფორმაციისთვის, რომლისკენაც მიისწრაფის სამყარო. „მაიკროსოფტის“ დიდ გუნდთან ერთად, იმისთვის ვმუშაობთ, რომ ხელი შევუწყოთ კერძო პირებსა და ორგანიზაციებს მეტს მიაღწიონ. ეს კომპანიის მთავარი მისიაა. ხელს ვუწყობთ კომპანიებს ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში, ასევე, ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც ხალხსა და ორგანიზაციებს უფრო მეტის მიღწევაში, გლობალური გამოცდილების, ტენდენციების გაცნობასა და გაზიარებაში დაეხმარება. „მაიკროსოფტი“ ყველა ინდუსტრიის მომხმარებლებთან მუშაობს, რომ დაეხმაროს მათ ციფრულ კომპანიებად გარდასახვაში და ამ პროცესის დაჩქარებაში.

M: თქვენი აზრით, დღეს რა როლს ასრულებს ხელოვნური ინტელექტი ჩვენს ცხოვრებაში?  

ვფიქრობ, ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე ტექნოლოგიების  უახლესი მაგალითია. მას აქვს საზოგადოებრივი და სოციალური პროგრესის უდიდესი პოტენციალი. თუმცა, ამ შესაძლებლობების მიუხედავად, დღეს ხელოვნური ინტელექტი, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად გაგებული და გააზრებული  ტექნოლოგიაა. ეს არც არის გასაკვირი –  ვერ ვხედავთ, ვერ ვეხებით და უფრო მეტიც, ხშირად, არც კი ვიცით, რომ მას ვიყენებთ. მაგალითად, როდესაც ვიყენებთ Bing საძიებო პროგრამას, ვმუშაობთ PowerPoint-ის პრეზენტაციაზე, ან  ტელეფონს ვკარნახობთ ტექსტს, ვერც კი ვიაზრებთ, რომ ეს ყველაფერი, ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით იმართება. ტერმინი „ხელოვნური ინტელექტი“ ტექნოლოგიების ფართო სპექტრის მომცველია. მას შეუძლია აღიქვას გამოსახულება და ხმა, ისწავლოს და განვითარდეს, გამოიტანოს დასკვნები დიდი მოცულობის ინფორმაციის მიხედვით, რათა შედეგები განსაზღვროს. ყოველივე ეს, უდიდესი ძვრაა ტექნოლოგიებში – ჩვენ ვისწავლეთ, როგორ გამოგვეყენებინა ტექნოლოგიები, ახლა კი ისინი ჩვენგან სწავლობენ.

M: როგორ ხედავთ თქვენი ორგანიზაციისა და საკუთარ როლს ინოვაციის განვითარებაში?

თუ არსებობს კომპანია, რომლის წარმატება ტექნოლოგიების და ინოვაციების დამსახურებაა, ალბათ, ერთ-ერთი „მაიკროსოფტია“. მისი ყველა ტექნოლოგიური ინოვაცია თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ტექნოლოგია და ინოვაცია კომპანიის განუყოფელი ნაწილია, რომელთა განვითარებაც პირდაპირპროპორციულად ნიშნავს მის წინსვლას და პირიქით.

M: თქვენი აზრით, როგორი იქნება ხელოვნური ინტელექტი მომავალში?

ხელოვნური ინტელექტი ადამიანს უამრავ შესაძლებლობას აძლევს, მაგალითად, გააუმჯობესოს მათი ცხოვრება და სხვადასხვა სოციალური საკითხი გადაჭრას. მისი გამოყენება ქმნის და აფართოებს ახალ შესაძლებლობებს ყოველი ადამიანისა და ორგანიზაციისათვის, ყველა სფეროში მივყავართ მიღწევებისაკენ და პროგრესისკენ. ხელოვნური ინტელექტი გარდაქმნის ინდუსტრიებს, გაგვხდის უფრო პროდუქტიულებს და დაგვეხმარება, გავუმკლავდეთ საზოგადოების უდიდეს გამოწვევებს.  მიგვიყვანს განათლების, ჯანდაცვის, ტრანსპორტის, აგროკულტურის და სხვა სფეროების სრულყოფამდე. იგი ნებისმიერი ბიზნესისთვის, მხოლოდ სასურველი კი არა, აუცილებელი იარაღია, რომ, უახლოეს მომავალში, თავის სფეროში ლიდერი გახდეს. მჯერა, რომ ხელოვნური ინტელექტი კი არ ჩაანაცვლებს ადამიანს, არამედ გააფართოებს და განავითარებს მის უნარებს, ყველა სხვა ტექნოლოგიის მსგავსად, დაგვეხმარება მივაღწიოთ მეტს და მკვეთრად გავაუმჯობესოთ ის, რასაც ყოველდღე ვაკეთებთ. ხელოვნური ინტელექტი მომავალია და ის გვთავაზობს ეკონომიკის და სოციალური პროგრესის საოცარ შესაძლებლობებს.

 

 

 

 

შეგახსენებთ, POPXSpotlight 18 ნოემბერს, „რადისონში“ გაიამართება. ეს არის პირველი „სპოტლაითი“, რომელიც ეძღვნება ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს.

სრული პროგრამის
სანახავად ეწვიეთ ბმულს.
ბილეთებისთვის ეწვიეთ:
TKT – https://bit.ly/2SLrUQV
Biletebi.ge – https://bit.ly/2PBqcmD

განხილვა