14
აგვ
2018

ქეთი ჭითანავა Redix-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტს უხელმძღვანელებს

14 აგვ 2018

უძრავი ქონების განვითარებისა და აქტივების მართვის კერძო ფირმა Redix-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის სამსახურს ქეთი ჭითანავა უხელმძღვანელებს. რატომ გახდა ქეთისთვის საინტერესო მიღებული შეთავაზებებიდან, მისთვის ყველაზე ნაკლებად ნაცნობი – Redix-ის წინადადება – უძრავი ქონებისა და ინვესტიციების მართვის სფერო, თავად მოგვიყვა:

bog qulebi
Bog Xelfasi mob

ქეთი ჭითანავა, „რედიქსის“ გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი: ბოლო სამი წლის განმავლობაში, „ჯეოსელში“, ბიზნესის მიმართულებით მარკეტინგული კომუნიკაციების ექსპერტად ვიმუშავე. განსაკუთრებულად საინტერესო პერიოდი იყო, რადგან „ჯეოსელის“ გამორჩეულ გუნდში ძალიან კარგად მიმიღეს, ერთ ოჯახად ვიქეცით და ერთად ვიმუშავეთ ბევრ საინტერესო და რაც მთავარია, ცვლილებების მომტან პროექტზე: კონცეფციაზე „ჯეოსელი ბიზნესისთვის“, სოციალური საწარმოების კომუნიკაციაზე, „ჯეოსელის“ პარტნიორი ბიზნესებისთვის შევქმენით ლოიალურობის პროგრამა, შევქმენით „ბიზნეს ატელიე“ – სივრცე, სადაც ბიზნესის საჭიროებებზე ერგებოდა ჩვენი პროდუქტები, „ბიზნესდაჯილდოება“ „თიბისისთან“ ერთად და ა.შ.

პროექტების მრავალფეროვნებამ და მიღებულმა შედეგმა დამარწმუნა, რომ ახალი გამოწვევები და თითქოს ერთი შეხედვით, სრულიად უცნობი სფეროები, შეიძლება ახალ შესაძლებლობად და საინტერესო ეტაპად იქცეს. სწორედ ამ აღმოჩენას დაემთხვა ბოლო დროს „ჯეოსელში“ მომხდარი ცვლილებები და გადავწყვიტე, „ჯეოსელში“ შეჩვეული ტემპი არ დამეგდო და ახალ სფეროში მეცადა თავი.

ასე დავთანხმდი მიღებულ შეთავაზებებს შორის ჩემთვის ყველაზე ნაკლებად ნაცნობს; უძრავი ქონებისა და ინვესტიციების მართვის სფეროსთან აქამდე არ მიმუშავია, თუმცა ვფიქრობ, ეს პირიქით უფრო საინტერესოს ხდის „რედიქსში მუშაობას“. „რედიქსში“ გადმოსვლას სამი კონკრეტული მიზეზი აქვს: მრავალფეროვანი სფეროები, რომელზეც ვიმუშავებ (უძრავი ქონება, HoReCa, სოფლის მეურნეობა, wellness), მარკეტინგისა და გაყიდვების კომბინაცია, რაც ასევე, ძალიან საინტერესო მგონია და მესამე, „რედიქსი“ ჯგუფის გუნდი. მიმაჩნია, რომ ამ ადამიანებთან მუშაობა განსაკუთრებული გამოცდილება იქნება და ერთად ბევრს შევძლებთ.

განხილვა