სულ მალე, „სფოთლაითის“ სცენა კვლავ შემოიკრებს ასეულობით სტუმარს მარკეტინგის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების გარშემო. 14 ივნისს, ღონისძიებას სასტუმრო „ტელეგრაფი“ უმასპინძლებს. 2013 წლიდან, „სფოთლაითი“ აერთიანებს ინდუსტრიის პროფესიონალებს და იქცა სივრცედ, რომელიც თავს უყრის ინდუსტრიის ასობით წარმომადგენელს და ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარების საშუალებას აძლევს. წლევანდელი Spotlight X-ის სპიკერებს შორის გახლავთ ქეთი გაგოშიძე, Date with Versace-ს შემქმნელი, რომელიც ცნობილ იტალიურ ბრენდს „ვერსაჩეს“ ეხება და მისი ერთ-ერთი გამომწერი თავად დონატელა ვერსაჩეა. სანამ „სფოთლაითის“ სცენიდან მოუსმენთ, მოდით უფრო ახლოდან გავიცნოთ ის.
რისი გჯეროდა და აღარ გჯერა დღეს?
ადრე მჯეროდა, რომ საქართველოდან საერთაშორისო მოდის ინდუსტრიაში მოხვედრა შეუძლებელი იყო. დღეს ვიცი, რომ საზღვრები ბევრად უფრო ხშირად ჩვენს თავში არსებობს, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში.
ფრაზა/წინადადება, რომელიც ყველაზე ხშირად გახსენდება?
ყველაზე ხშირად მახსენდება ვირჯილ აბლოს სიტყვები: „ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, ჩემი 17 წლის ვერსიისთვისაა.“ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შედარებით რთული დღეები მაქვს.
რას ეტყოდი საკუთარ თავს 10 წლის წინ?
ვეტყოდი, რომ საკუთარი თავის უფრო მეტად ირწმუნოს. ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც გეტყვიან, რომ შენი მიზნები ზედმეტად დიდია ან შეუძლებელი, მაგრამ საბოლოოდ მნიშვნელობა მხოლოდ იმას აქვს, რამდენად გჯერა საკუთარი გზის.
ყველაზე მეტად მეშინია…
კომფორტის ზონის.
ყველაზე ხშირად ვნანობ…
ყველაზე ხშირად ვნანობ, რომ კარიერის დასაწყისში ზედმეტად დიდხანს ველოდებოდი იდეალურ მომენტს მოქმედებისთვის.
რა რჩევა მიგიღია, რომელიც სრულიად მცდარი აღმოჩნდა?
ყველაზე მცდარი რჩევა იყო: „დაელოდე სწორ დროს“. ჩემმა განვლილმა გზამ დამანახა, რომ სწორი დრო იშვიათად მოდის – უმეტესად მას თავად ვქმნით.
რომელი წიგნი, ფილმი ან ადამიანი შეგხვდა საჭირო დროს?
ადამიანი, რომელმაც პირველმა დაინახა ჩემში პოტენციალი, დამასაქმა მოდის ინდუსტრიაში და ძალიან ბევრი სწორი რჩევა მომცა კარიერის დასაწყისში – ბექა გვიშიანი.
რა არ იციან ადამიანებმა შენს შესახებ?
ადამიანების უმეტესობამ არ იცის, რამდენი უარი და არ გამოსული გეგმა დგას იმ შედეგების უკან, რასაც დღეს ჩემს სოციალურ ქსელებში ხედავენ.
გაიხსენე და მოგვიყევი მომენტი, როცა შენი გზა შეიცვალა (მაგ. როცა სამსახურიდან წამოვედი, როცა შვილი გამიჩნდა, როცა პირველი ბიზნესი გავყიდე და ა.შ)
ჩემი ცხოვრება 2018 წლის 7 მაისს შეიცვალა, როდესაც შევქმენი @datewithversace. ეს ნაბიჯი გახდა ის გარდამტეხი მომენტი, რომელმაც ჩემი პროფესიული გზა სრულიად სხვა მიმართულებით წაიყვანა.
რისი რწმენა დაგეხმარა იმაში, რომ მიგეღწია იმისთვის, ვინც დღეს ხარ?
ყველაზე მეტად იმის გაცნობიერება დამეხმარა, რომ ჩემს ცხოვრებაზე პასუხისმგებელი პირველ რიგში მე ვიყავი. როცა შევწყვიტე იმის ლოდინი, რომ ვინმე მოვიდოდა და ჩემს ნაცვლად რამეს შეცვლიდა ან გააკეთებდა.
Spotlight X-ზე აუდიტორიას გავუზიარებ…
Spotlight X-ზე აუდიტორიას გავუზიარებ, როგორ მიმიყვანა ტექნოლოგიებმა თბილისიდან საერთაშორისო მოდის ინდუსტრიამდე.
ღონისძიების მასპინძელია The Telegraph Hotel
Spotlight X-ის წარმდგენია საქართველოს ბანკი
გენერალური პარტნიორი: Betsson
პლატინის სპონსორები: Visa, Tegeta
ოქროს სპონსორები: Smartsoft, თეთრი კვადრატი
პარტნიორები: Coinmania, Aversi, Upgaming, Self.HR, Jacobs, Silknet, BDO Digital, Redbull, საქართველოს უნივერსიტეტი, Silk Rewards, Signall.ge, National Geographic, Render Group, Ton, biletebi.ge, METI Protein Bar













