in

“მაინტერესებს, თუ რატომ არის ჩვენი სამყარო ისეთი, როგორიც არის” – ქეთი კაპანაძე


საბჭოთა პერიოდის საქართველოს პირველი ქალი კონცეპტუალური არტისტი – ასე ახასიათებენ დღეს ხელოვან ქეთი კაპანაძეს. ასე მას 1983 წლიდან, მისი სტუდენტობის პერიოდიდან შეიძლება ეწოდოს, რადგან ამ ასაკში უკვე შექმნილი ჰქონდა პირველი კონცეპტუალური ნამუშევრები. მისი დიდი გამოცდილების, ნამუშევრებისა და შთაგონების შესახებ ქეთი კაპანაძეს გავესაუბრეთ:

M: პირველ რიგში, ვინ არის ქეთი კაპანაძე – როგორ გაგვაცნობთ თავს?

ხელოვანი, რომელიც 1983 წლიდან (სტუდენტობიდან) მინიმალისტურ და 1990 წლიდან კონცეპტუალურ ხელოვნებაში მუშაობს. 

M: როგორ მოხვდით ხელოვნებაში? რა წინაპირობები უძღოდა თქვენს გადაწყვეტილებას, ყოფილიყავით ხელოვანი?

როდესაც 4 წლისას მინდოდა ცირკში მემუშავა, ექვსი წლისას მინდოდა მულტფილმების მხატვარობა, რვა წლისას – არქეოლოგობა, ათისას – ასტრონავტობ, და თორმეტისას -მწერლობა. თუმცა, ალბათ ყოველთვის ვიცოდი, რომ რაღაც განსაკუთრებული მინდოდა გამეკეთებინა.

M: ვინ ხართ პროფესიით – გვესაუბრეთ თქვენს განათლებაზე და როგორ გახსენდებათ განათლების მიღების პროცესი?

13 წლის ასაკში დედამ კერძო ხატვის კლასში მიმიყვანა, შემდეგ წელს ნ.ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში ქანდაკების ფაკულტეტზე მოვხვდი. სტუდენტობამ ჩამოაყალიბა ის მნიშვნელოვანი მხარე, რომელიც თვლიდა, რომ უკვე დიდი და დამოუკიდებელი პიროვნებაა. დამთავრების მერე ჩემმა მეგობარმა გია ეძგვერაძის კერძო კლასში მიმიყვანა და იმ წელს სამხატვრო აკადემიაში გრაფიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. სწორედ მაშინ, 1983 წელს ლექციებს შორის დიდ შესვენებაზე სახლში მისულს სურვილი გამიჩნდა, ჩემთვის მემუშავა, და ის გრძნობა მქონდა, ბავშვებს რომ აქვთ, როცა რაღაცას დაფარულად აკეთებენ. ის, რასაც სახლში ვაკეთებდი, აკადემიაში არ ცნობდნენ და საერთოდ აკრძალული იყო ყველა სხვა ფორმა სოციალური რეალიზმის გარდა. 

M: საიდან მოდის ხოლმე ქეთი კაპანაძისთვის შთაგონება?

მაინტერესებს, თუ რატომ არის ჩვენი სამყარო ისეთი, როგორიც არის. 

არის თუ არა ცნობიერება ფუნდამენტური ძალა სამყაროში? მეცნიერები ამბობენ, რომ რეალობა ინფორმაციაა, ხოლო რა არის თვითონ ინფორმაცია? ინფორმაცია ასევე მნიშვნელობაა, ეს არის მნიშვნელობა გადმოცემული სიმბოლოების ენით. და რა არის სიმბოლო, რაღაცა რაც წარმოადგენს თავის თავს, თუ რაღაც, რაც სხვაზე მიანიშნებს? 

M: 1990 წლიდან 1999 წლამდე მუშაობდით საზღვარგარეთ – გვიამბეთ ამ წლების შესახებ, რას აკეთებდით, რა გამოცდილება მიიღეთ ამ წლებში და როგორ გახსენდებათ ეს პერიოდი?

სანამ 2000 წელს 2 წლიანი სამუშაო სტიპენდიით გერმანიაში წავედი, ასეთივე სამუშაო სტიპენდიებით, რომლის მისაღებად შვეიცარიაში კონკურსზე გავაგზავნე ჩემი ნამუშევრების ფოტოები. მაგალითად, 1995-96 წლებში ორჯერ ვიყავი ბაზელში, ასევე 1992 წელს – შეფფილდში და 1999 წელს – გლაზგოში. ამ პერიოში იქ ადგილზე, ახალ ფოტოსერიებზე ვმუშაობდი. მოგზაურობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, როგორც თავად პროცესი. ასევე ფინანსურადაც, რადგან საქართველოში, საზღვარგარეთისაგან განსხვავებით, სახელმწიფოებრივი ინსტიტუციებისა თუ კოლექციონერების სახით არ არსებობდა ის საშუალებები, რაც დღეს არსებობს.

M: რომელ მედიუმებში გიმუშავიათ თქვენი კარიერის განმავლობაში და დღეს რომელ მედიუმებს ანიჭებთ უპირატესობას?

მუშაობა მინიმალისტური გრაფიკებით დავიწყე და ტილოზეც მიმუშავია, მხოლოდ კლასიკურ ფერწერას ვერ დავარქმევდი. ეს უფრო ერთი პროექტი იყო, რომელიც 2008-დან 2013 წლამდე გაგრძელდა. აქტიურად კონცეპტუალურ ფოტოგრაფიაში ვმუშაობ, ფოტოგრაფიას ვიყენებ მაშინ, როდესაც კონკრეტულ თემაზე მსურს ვისაუბრო და ის ერთგვარ დოკუმენტად ვაქციო.

აქცია და პერფორმანსი, ასევე ვიდეო და ობიექტები – ნიკელის და რკინს ტექსტ-ობიექტებს მივანიჭებდი ამ უპირატესობას. 

M: მოგვიყევით/გაგვაცანით რომელიმე თქვენი ნამუშევარი და მისი კონცეფცია. 

Ready Made-ს 1990-იანი წლებიდან ვიყენებ. ეს ბოლო სამი წელია, 1960-იან წლებში შექმნილ ეგრეთწოდებული ყვავილების მაგიდებს ვშლი და მათგან კედლის ინსტალაციებს ვაკეთებ. ინსტალაციის ნაწილი ხშირად დაშლილი მაგიდები და ნიკელის ტექსტებია ერთად. ეს ინსტალაციები მოლეკულების შეერთებებს გავს და ასევე ადამიანების სახეებს. მაგიდები ამ მომენტში ახალ მნიშვნელობას იძენენ, რადგან მათ შევუცვალე ადგილი და როლი.

M: სულ ახლახან გაიხსნა თქვენი გამოფენა – „ცნობიერი აგენტების პორტალი“ – მოგვიყევით მასზეც, რას ეხება, რა აზრი დევს ამ გამოფენაში?

გამოფენაზე ორი ინსტალაციაა ნაჩვენები, ერთ ოთახშია 15 მეტრიანი სიგრძის ალუმინისაგან გამოჭრილი ტექსტი „თავისუფალ ნებას აქვს ბიოლოგიური შეზღუდვა, რაც უფრო მეტს ვიყენებთ მას, მით უფრო რთულდება მისი ხელახლა გამოყენება“. სიტყვები ჩემთვის არიან, ფაქტობრივად, ready made-ები, ინგლისურ ტექსტს კი იმიტომ ვიყენებ, რომ ის ჩემთვის ერთგვარი ნეიტრალური ენაა, არაა დატვირთული კლიშეებით.

გამოფენაზე ნაჩვენები ორივე ინსტალაცია სხვამს კითხვას ფიზიკური სამყაროს სინამდვილეზე  და იმაზე, აქვს თუ არა ჩვენს ტვინს იმის საშუალება რომ ობიექტური რეალობა აღვიქვათ.

M: რა ეტაპია ახლა თქვენს ცხოვრებაში, რას საქმიანობთ გერმანიაში და როგორი სამომავლო გეგმები გაქვთ?

განხორციელებულ გამოფენას ყოველთვის შემდეგი ნამუშევრისკენ მიჰყავხარ. ამჟამად ცნობიერების თემაზე მინდა ვიმუშაო, ძველი ჩანაწერებიც აღმოვაჩინე, სადაც სწორედ ამ საკითხებზე ვსაუბრობ. დაახლოებით იდეის ვიზუალ ნაწილსაც ვხედავ და გალერეა Gisela Clement-ში, რომელიც ბონნშია, დაგეგმილი გამოფენისთვის ვემზადები.


Body Shop-ის საერთაშორისო ფორუმზე, “Best Activist”-ის ჯილდო ირინა ადეიშვილმა მიიღო

პანდემიის დასრულების შემდეგ უარყავით კომპანიაში არსებული ძველი რუტინა