18
Sep
2019

“სპორტი მხოლოდ კარიერა არ არის, ჩემთვის ეს ცალკე ცხოვრებაა” – ქეთევან ხატიაშვილის ჯანსაღი ცხოვრების გზა

18 Sep 2019

ქეთი ხატიაშვილს ბევრი მიზეზის გამო შეიძლება, იცნობდეთ. პირველ რიგში, იგი საკმაოდ წარმატებული სპორტსმენია, ალბათ, ხშირად, წამყვანის ამპლუაშიც გინახავთ ტელევიზორში, შეიძლება, სულაც მისი ცეკვით აღფრთოვანებულხართ.. მოკლედ, მიზეზი ბევრია.. ქეთევან ხატიაშვილი, შეიძლება ითქვას, რომ სპორტს ბავშვობიდან მისდევს და აქამდე საკმაოდ ბევრი და დიდი დამსახურება აქვს. თუნდაც ის, რომ ქეთი ტანვარჯიშში საქართველოს სამგზის ჩემპიონია, ბევრს ამბობს მასზე.. სწორედ ამ გამოცდილების შედეგად მან ოცნება აისრულა და ტანვარჯიშის აკადემია შექმნა, რომლის მეშვეობითაც დღესდღეობით გოგონებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს.

M: როგორი იყო ქეთევან ხატიაშვილის ბავშვობა?

მეც სხვა 90-იანელებივით სიბნელეში და სიცივეში გავიზარდე. მახსოვს, როგორ დაუსრულებლად მეჩვენებოდა გზა დიდი დიღმიდან ტანვარჯიშის დარბაზამდე. ერთხელაც, სკოლაში ოლიმპიური ჩემპიონი, ბატონი რობერტ შავლაყაძე იყო მოსული და მე საჩვენებელი გამოსვლა გავაკეთე, რომელიც ძალიან მოეწონა. რომ გაიგო საიდან სად დავდიოდი, გადაწყვიტა, ყოველთვიური სტიპენდია დაენიშნა ჩემთვის. 50 ლარი იმ დროს 13 წლის ბავშვისთვის საკმაოდ ბევრი იყო, მეც მეგონა ყველაზე მდიდარი ბავშვი ვიყავი. ისე მიხაროდა, რომ შევძელი დედასთან ერთად პიცერიაში „ქეიფი“ და ჩემი ხელფასით ტანსაცმლის ყიდვა.. უნდა ითქვას, რომ შემოსავლის პირველმა წყარომ და ამ ადამიანმა მართლა დიდი სტიმული მომცა და საკუთარი ძალების კიდევ უფრო მეტად ვიწამე…

M: სპორტისადმი ბავშვობიდანვე იყავით მიდრეკილი?

როგორც მწვრთნელები ამბობდნენ, განსაკუთრებული მონაცემებით არ გამოვირჩეოდი, მაგრამ ასე თუ ისე, რბილმა სახსრებმა და თავდაუზოგავმა შრომამ ხელი შემიწყო ვარჯიშის გაგრძელებაში. და რადგანაც საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, თუ რამდენად რთულია იმის გააზრება, რომ გაქვს სურვილი აკეთო საყვარელი საქმე, მაგრამ არ გაქვს მონაცემი, ჩვენს აკადემიაში მონაცემების მიხედვით არ ვაფასებთ ბავშვებს. აკადემიის გუნდის თითოეული წევრი ყოველთვის ვცდილობთ ხელი შევუწყოთ, პირველ რიგში, ბავშვების ჯანსაღ ცხოვრების წესს.

M: როგორი ოცნებები გქონდათ იმ პერიოდში და როგორ გესახებოდათ თქვენი მომავალი? 

როგორც დედაჩემი ამბობს, ბავშვობაში ძალიან ბევრს ვოცნებობდი… ზოგადად, ვფიქრობ, რომ ოცნებებს დიდი ძალა აქვთ. არ მახსოვს ყველაფერი, თუმცა ერთი დანამდვილებით ვიცი, ყველა ოცნების ახდენა წარმოუდგენლად მიმაჩნდა. სულ მინდოდა, ჩემი თავი ტელევიზიაში გამომეცადა და ასეც მოხდა… ასე მჯერა, რომ ოცნებები ადამიანზე დიდ გავლენას ახდენს და პროცესი უფრო მნიშვნელოვანი ხდება მაშინ, როცა საკუთარი ძალისხმევით ხვდები, რომ „აუხდენელი ოცნებები“ შეგიძლია რეალობად აქციო.

M: ამჟამად რას საქმიანობთ? მოგვიყევით თქვენი აკადემიის შესახებ..

ყოველთვის ვოცნებობდი, რომ პატარა სტუდია მქონოდა, სადაც მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესს შევუწყობდი ხელს. ჩემმა სპორტულმა ხასიათმა და გამოცდილებამ ამ ყველაფერში ძალიან გადამწყვეტი როლი ითამაშა. მთავარი შრომისუნარიანობა და მიზანდასახულობაა, რაც ბავშვობიდან სპორტული ცხოვრებიდან გამომდინარე გამოვიმუშავე. 2 წელია, რაც ტანვარჯიშის აკადემია გავხსენი და ჩემი პატარა ოცნება, დიდ რეალობად იქცა. დღეს უკვე 7 ადამიანი ვმუშაობთ და 3 ფილიალი გვაქვს. იმის გარდა, რომ აკადემიაში ბავშვები ვარჯიშობენ და სპორტულად ცხოვრობენ, ვცდილობთ, უფრო მეტად მივაქციოთ ყურადღება მათ განვითარებასა და განათლებას. შესაბამისად, ერთად დავდივართ ლაშქრობებში, გვაქვს ყოველწლიური შეკრებები, ვიწვევთ ფსიქოლოგებს და წარმატებულ ადამიანებს, რომლებიც გვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას.

ამჟამად, ყველაფერი კარგად მიდის. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შევქმნათ ბავშვებისთვის საყვარელი გარემო. სპორტში 16 წელი გავატარე და ჩემთვის ეს ცალკე ცხოვრებაა, სადაც ყველაფერი ცოცხალია: სახტუნაო ბურთი, ლენტი… თუ გინდა, რომ ნომერი გამოგივიდეს მათთან ურთიერთობა უნდა ისწავლო და ისე მოეპყრო, რომ ყველაფერი გააკეთებინო.

M: რატომ მოგწონთ ის, რასაც აკეთებთ? რას გაძლევთ ეს საქმიანობა?

პირველ რიგში იმიტომ, რომ ბავშვები ძალიან მიყვარს. მათთან ურთიერთობა ჩემთვის ერთი დიდი სიამოვნებაა – ისინი ძალიან გულახდილები და ნამდვილები არიან. მათი გულწრფელობა დიდ ენერგიას მაძლევს და მმუხტავს. რომ ნახოთ, როგორ ცდილობენ დაცემის შემდეგ ადგომას, ერთმანეთის გამხნევებასა და გვერდში დგომას.. 2017 წლიდან დღემდე ძალიან ბევრი რამ ისწავლეს, ისეთი შეცვლილები არიან და იმდენად გაზრდილები. ამას როცა ხედავ და მათ სიყვარულს გრძნობ, შეუძლებელია არ მოგწონდეს ეს საქმე. ეს იმაზე მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი საქმიანობა.

ჩვენი აკადემიის მიზანია, ბავშვებში ჯანსაღი ცხოვრების წესი დავამკვიდროთ, შევამციროთ მათი ტექნოლოგიებზე დამოკიდებულება და პირიქით – ბევრი მოძრაობის საშუალება მივცეთ. ეს კი ერთგვარად გამოგვდის კიდეც…

M: თქვენს ცხოვრებას რომ წამიერად თვალი გადაავლოთ, რას თვლით თქვენს ყველაზე დიდ წარმატებად დღემდე?

პირველი და განსაკუთრებული წარმატება, რომელიც ვფიქრობ, რომ გარდამტეხი იყო ჩემს ცხოვრებაში, საქართველოს ჩემპიონატია. მაშინ, როცა საქართველოს აბსოლუტური ჩემპიონი გავხდი და ოქროს მედალი მივიღე, მივხვდი რომ შესაძლებელია ყველაფერი – მთავარია მონდომება.

შავი ზღვის თამაშები – ასე ჰქვია ოლიმპიურ თამაშებს, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება. სწორედ აქ ავიღე მესამე ადგილი და კვარცხლბეკზე ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონთან ერთად ვიდექი.

ასევე, იაპონიაში ჩატარებული ჩემპიონატის ფინალი, სადაც 8 საუკეთესო გუნდში მოვხვდით საქართველოს ნაკრები, რაც ნამდვილად დიდი წარმატებაა. მითუმეტეს იმ დროისთვის მხატვრული ტანვარჯიში არ იყო საქართველოში განვითარებული.
ცეკვავენ ვარსკვლავებსაც, რასაკვირველია, დიდ წარმატებად ვთვლი. იმ შეგრძნებას, როდესაც ხალხის რჩეული გავხდი, ენით ვერასოდეს აღვწერ. ძალიან დიდი სიყვარული ვიგრძენი და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი პერიოდია.

გარდა ამისა, ახლახან პირველი მასშტაბური ტრენინგი ჩავატარე ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ. მართალია, ძალიან ვნერვიულობდი და დიდი პასუხისმგებლობა მქონდა აღებული ჩემს თავზე, თუმცა ძალიან მომეწონა ეს გამოცდილება. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ბავშვებთან კი არა, ყველასთან მსიამოვნებს ის პროცესი, როცა სასარგებლო ინფორმაციას და გამოცდილებას ვუზიარებ სხვა ადამიანებს.

არ შემიძლია, არ აღვნიშნო ტურნირი, რომელიც ჩვენმა აკადემიამ 2-ჯერ უკვე ჩავატარეთ. რთულია, ჩაატარო საერთაშორისო დონეზე, თუმცა ჩვენ ეს შევძელით – ღირსეულად ვუმასპინძლეთ 15-მდე ქვეყანას. სამომავლოდ კიდევ და კიდევ უფრო დავხვეწთ და ვეცდებით, ხელი შევუწყოთ საქართველოში მხატვრული ტანვარჯიშის განვითარებას.

M: დღემდე ყველაზე რთულ და დასამახსოვრებელ გამოცდილებად რა გახსენდებათ? 

ბევრი რთული გადაწყვეტილება ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე. თუმცა, ამ გადმოსახედიდან ყველაზე რთულ გამოცდილებად ერთი შემთხვევა მახსენდება, ალბათ იმიტომ, რომ შედარებით ახალია. ახალი სეზონი ახალ დარბაზში უნდა დაგვეწყო, ჯგუფები შევსებული იყო და ყველაფერი დალაგებული გვეგონა. ფაქტობრივად, რამდენიმე დღე იყო დარჩენილი, როცა გამოგვიცხადეს რომ დარბაზი დაკავებულია და ვერ შეგვიშვებდნენ. მეგონა რომ გული გამისკდებოდა.. ყველაფრის მიუხედავად, იმ ფიქრმა რომ 70 ბავშვი ჰაერში გვრჩებოდა შეუძლებელი შეგვაძლებინა მე და ჩემს გუნდს – ახალი სეზონი ახალ დარბაზში დავიწყეთ.

M: თქვენი უნარები და ინტერესები, გარდა პროფესიულისა.. რისი გაკეთება განიჭებთ სიამოვნებას?

ჩემს შვილთან ყოფნა ყველაზე მეტად მსიამოვნებს. მიუხედავად იმისა, რომ ცუდი რეჟიმი მაქვს, მაინც ვახერხებთ დროის ერთად გატარებას. ისიც აკადემიის გუნდშია და შესაბამისად ამ დროსაც ერთად ვართ, რაც კიდევ უფრო დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
ასევე ძალიან მიყვარს მოგზაურობა. მსიამოვნებს სხვა ქვეყნის კულტურის, ტრადიციებისა და ღირსშესანიშნავობების შეცნობა. ამ დროს სულ ვფიქრობ ხოლმე, რამდენი რამ შეუძლია ადამიანს საკუთარი ხელებით და შრომით შექმნას.

M: რა/ვინ ხდის თქვენს ცხოვრებას განსაკუთრებულს?

ჩემი შვილი – დაფიქრება არც მჭირდება.

M: სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, დაგეგმილად ბევრს არაფერს ვაკეთებ. თუმცა, გვინდა ბათუმშიც გავხსნათ აკადემიის ფილიალი, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ. მჯერა, რომ ნელ-ნელა შრომით და მონდომებით კიდევ უფრო ბევრს შევძლებ ჩემს გუნდთან ერთად.

M: და ბოლოს, როგორია თქვენთვის საოცნებო სამსახური?

მყავს საოცარი გუნდი, თამუნა აბუთიძე, სალომე ბურდილაძე, ალიონა კორბუკოვა, ქეთი გიორგაძე და ლიკა ხატიაშვილი. დიდი მადლობა მათ თავდაუზოგავი შრომისთვის და გვერდში დგომისთვის. გვიყვარს ჩვენი საქმე და ვიცი, რომ ერთად ძალიან ბევრს შევძლებთ. შესაბამისად, ჩემი საოცნებო სამსახური იქ არის, სადაც ახლა ვარ…

განხილვა