„რასაც უნდა ვაკეთებდე ნებისმიერ სფეროში, ყველა დროსა თუ სივრცეში ვფიქრობ, რომ მაინც ყველგან სცენოგრაფი ვარ“, — ასე დაიწყო ქეთი ნადიბაიძესთან საუბარი, თეატრის დეკორაციისა და კოსტიუმების მხატვართან. როგორც ხშირად ხდება, მასაც არ ახსოვს, როდიდან დაადგა შემოქმედების გზას ან როდის დაიწყო ხატვა. თავიდან თითქოს არაფერი ყოფილა განსაკუთრებული, ბავშვურად მიჰყვებოდა „ხატვა-ჯღაპვნის“ ტექნიკას, თუმცა დედამ მაინც დაინახა რაღაც განსაკუთრებული ნიჭი. მას შემდეგ სულ ძიებაშია, დაუსრულებელი პროცესის ნაწილია.
ალბათ, ხელოვანი იმიტომ შეიძლება დაგერქვას, რომ მუდმივად შენი თავის და სამყაროს აღმოჩენაში ხარ
ამ ძიებაში კი მუდმივად ისეთი ადგილის თუ კუნჭულის პოვნად ცდილობს, სადაც ბოლომდე მართალი იქნება საკუთარ თავთან, შემდეგ კი შემოქმედებასთან.
M: ქეთი, რას იყენებ შენი შთაგონების წყაროდ? ან თუ გაქვს საერთოდ რაღაც პირდაპირი წყარო, რასაც შემდეგ ხელოვნების ნიმუშებად გარდაქმნი?
ყოველთვის სხვადასხვა რამ შეიძლება იყოს შთაგონება. ხშირ შემთხვევაში გარემო და ადამიანები. იქნება ეს კონკრეტული ადგილები თუ სიტუაციები, პოლიტიკური თუ სოციალური მოვლენები, ადამიანები და მათი დამოკიდებულება გარემოსთან… ისე კი, ყველაზე მეტად მიყვარს ხალხზე დაკვირვება — უდიდეს ინსპირაციებს ვიღებ, როცა სხვადასხვა ადგილას ჩემთვის, ჩუმად ვუყურებ ადამიანებს. როგორ მოძრაობენ, როგორ აცვიათ, როგორ დადიან, როგორი ჟესტებით ელაპარაკებიან სხვებს. ჩემთვის ეს ერთ-ერთი საინტერესო და მაინსპირებელი მომენტია. და კიდევ, გულწრფელი ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ საკუთარ თავში მოგზაურობაც დიდი შთაგონებაა. მაინტერესებს, თუ მიყვება ჩემი გონება ჩემს სხეულს და როგორ ურთიერთობენ ისინი სამყაროსთან; როგორ აღვიქვამ გონებით გარკვეულ მოვლენებს და რა კვალს ტოვებს ის ჰაერი ჩემს კანზე, რომლითაც ყველა ვსუნთქავთ.
M: სამყაროს ამგვარად აღქმის ფონზე, რამდენად მიმართავ შემოქმედებაში სიმბოლიკას და ძირითადად რა თემატიკის ირგვლივ ქმნი ნამუშევრებს?
არ მეხერხება სპეციალურად კონკრეტული ნიშნების ან სიმბოლოების გამოყენება. შეიძლება ასეც ხდება ხოლმე, მაგრამ ბუნებრივად თუ ჩავები რაღაც პროცესში და ამ პროცესში თუ ვიყენებ სიმბოლოებს ან კონკრეტული თემის გარშემო ვტრიალებ, მუშაობის პროცესში უფრო ვხვდები ამას, ვიდრე წინასწარი დაგეგმვით. ხშირ შემთხვევაში ინტუიციის ან გრძნობების მოსმენით ვიწყებ ნებისმიერ რამეზე მუშაობას. საკუთარ თავში თუ ვერ ვიპოვე პასუხები, მიჭირს წარმოდგენების მატერიალიზება. ერთადერთ რამეს მივხვდი, რომ ყველაფერში მაინტერესებს მუშაობა და ნებისმიერი თემა შეიძლება საინტერესო იყოს. ალბათ, სცენოგრაფია ამიტომაც მგონია ერთ-ერთი ყველაზე ღრმა და საინტერესო პროფესია. უამრავი შინაარსისა და გარემოს შესწავლა გიწევს, შემდეგ კი რაღაც სამყაროს შექმნა.
ყველა ეტაპი და ყველა თემა საინტერესოა, თუ ამაში მოგზაურობა მართლა გიყვარს.
M: თუ გაქვს რაიმე კონკრეტული მიზანი დასახული, რომელსაც აუცილებლად უნდა მიაღწიო, როგორც ხელოვანმა?
მიზნები ალბათ ბევრი მაქვს. ბოლო დროს გამიჩნდა სურვილი, რაც არ მომწონს ამ სფეროში და რაზეც სულ ვწუწუნებდი, თავადაც მივიღო მონაწილეობა ამ ყველაფრის შეცვლაში. მივხვდი, რომ თუ თავად არ გადავდგი ნაბიჯები ცვლილებებისკენ და ხმამაღლა არ ვილაპარაკე პრობლემებზე, მხოლოდ წუწუნი და სხვების მიმართ პრეტენზია, რატომ არ არის თანამედროვე ქართულ თეატრში სცენოგრაფიის ისეთი მოთხოვნილება, როგორც ევროპულ თეატრებშია, არ არის სწორი. ამიტომ, მე და ჩემი მეგობრები, ვინც თანამოაზრეები ვართ ხელოვნებაში, ვმსჯელობთ ბევრს და ვცდილობთ, ნაბიჯ-ნაბიჯ შეიცვალოს ბევრი აქამდე მოტანილი არასწორი და უსამართლო მიდგომები თუ შეხედულებები სცენოგრაფიისა და სცენოგრაფების მიმართ. გვინდა, უფრო მოთხოვნადი და საინტერესო გახდეს ამ დარგში მუშაობა, კარგად გააზრებული იყოს დღევანდელი ქართული თეატრის რა ნაწილია სცენოგრაფია.
M: შენი აზრით, რა სჭირდება ადამიანს იმისთვის, რომ ხელოვანად „ჩაითვალოს“? ერთია ტექნიკა და ნიჭი… კიდევ, რა არის ის აუცილებელი კომპონენტი?
დღეს ყველას შეუძლია, ხელოვანი იყოს და მე ეს ძალიან მომწონს. ტექნიკა და ნიჭი ძალიან სადავო საკითხია ჩემთვის — რაც საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვილაპარაკო, თუ რამეს რამე მაკეთებინებს, ეს არის შრომის და სიყვარულის ბრალი. ბევრი მუშაობა და დაუოკებელი სურვილი შენი შინაგანის „ჰაერზე გამოსატანად“, ალბათ, უკვე ხელოვნებაა.
ზოგადად, ხელოვნების ნებისმიერი დარგი ძალიან ეგოისტური და ძალმომრეობითია. ვაიძულებთ სხვებს ჩვენი პირადი ემოციები და ტკივილები მათთვისაც საინტერესო და ახლობელი იყოს. თუმცა ეს თავისთავად მშვენიერი… თუმცა თუ ისევ სცენოგრაფიას მივუბრუნდებით, ეს არის დარგი, სადაც, სამწუხაროდ, მარტო ვერაფერს გახდები. უამრავი ნიჭიერი ადამიანი არსებობს დედამიწაზე, მაგრამ შენი იდეების შესასრულებლად დამატებით ბევრი რესურსია საჭირო. სცენოგრაფი არის მხატვარი, რომელიც დრამატურგიისა და მოვლენების ვიზუალიზაციას გიმძაფრებს და ამისთვის იმ ყველაფრის მერე, რაც აქამდე ვილაპარაკეთ, გჭირდება თეატრისა და ადამიანების თანადგომა, რათა არ დარჩე მხოლოდ მხატვარ-შემსრულებლად; განვითარდე დრამატურგიულ მხატვრად. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია სცენოგრაფიაში.
M: თუ გაქვს მიმდინარე პროექტი, რომლის შესახებაც უნდა ვიცოდეთ? ან სამომავლოდ თუ გეგმავ რაიმეს?
ამჟამად ვმუშაობ ორ ძალიან საინტერესო და განსხვავებულ პროექტზე.
დავით დოიაშვილთან ერთად — შილერის „ვერაგობა და სიყვარული“, ბუდაპეშტის ნაციონალურ თეატრში. დოისთან პირველად მაქვს პროფესიული გადაკვეთა და უზომოდ საინტერესოა ჩემთვის ასეთ განსხვავებულად მოაზროვნე რეჟისორთან მუშაობა. ჩემთვის აღმოჩენა არის დავით დოიაშვილი.
ასევე, ჩემს საყვარელ სამეფო უბნის თეატრში დათა თავაძესთან, მისსავე დაწერილ პიესაზე ვმუშაობ. უკვე რამდენიმე წელია, საქართველოში ერთად არ გაგვიკეთებია სპექტაკლი და ახლა, ამდენი ცვლილების ფონზე საკუთარ თავში თუ გარემოში, კიდევ უფრო ახლობელი და სხვანაირად საინტერესო აღმოჩნდა ამ პროცესში ყოფნა. თითქოს, ახალი ეტაპი დაიწყო და სხვანაირ ვალდებულებას ვგრძნობთ ამ პროფესიის თუ ერთმანეთის მიმართ. ვალდებულებას ცუდ კონტექსტში არ ვგულისხმობ— უფრო სიყვარული, რომელიც თეატრის მიმართ ორივეს გვაქვს. ამასობაში, ალბათ ჩვენც გავიზარდეთ.
ავტორი: ქეთია ბელქანია