in

ქეთი ნიკოლეიშვილი – #პირველისამსახური

უკან, რომ ვიყურები და ჩემ მიერ განვლილ პროფესიულ გზას ვაკვირდები, ალბათ არაფერს შევცვლიდი ამ გზის გავლისას და თავიდან რომ ვიწყებდე, აუცილებლად ისე მოვიქცეოდი, როგორც მაშინ, 21 წლის ასაკში. ჩემი პირველი სამსახური იყო სარეკლამო კომპანია „სარკეში“ ოფისის მენეჯერის პოზიციაზე. მაშინ, ჯერ კიდევ, სტუდენტი ვიყავი და ვსწავლობდი იურიდიულ ფაკულტეტზე, მაგრამ საშინლად მინდოდა მუშაობა, დამოუკიდებლობა, საკუთარი შემოსავალი…

„სარკეში“ ვაკანსიის შესახებ შემთხვევით გავიგე. წარმოდგენა არ მქონდა, შიგნით რა ხდებოდა. ვიფიქრე, სანამ სწავლას დავასრულებ და ჩემი პროფესიით ვიპოვნი სამსახურს, ბედს ვცდი-მეთქი და ასე აღმოვჩნდი სრულიად ჯადოსნურ სამყაროში, სადაც იქმნებოდა მარკეტინგული კამპანიები და სარეკლამო რგოლები, ბაზარზე არსებული წამყვანი კომპანიებისთვის. ეს იყო საოცარი გუნდისგან შემდგარი სამყარო, სადაც დაუღალავად შრომობდნენ, ღამეებს ათენებდნენ, ქმნიდნენ და ქმნიდნენ სრულიად ახალს, მაშინდელი პერიოდისთვის ძალიან ინოვაციურს, მე ვიტყოდი, ამბიციურსაც კი. იქ მომუშავე ადამიანებს რომ ვუყურებდი, ვხვდებოდი, ამაზე მაგარ გამოცდილებას ვერსად მივიღებდი და ასე დარჩა ჩემი იურისტობა დიპლომის ამარა. მე კი, ჩემმა პირველმა სამსახურმა მომიყვანა დღეს აქამდე!

ჩემი ფუნქციები გაოთხმაგებული იყო, იქედან გამომდინარე, რომ კომპანია 4 იურიდიულ პირად იყო დაყოფილი და 4 დირექტორი ჰყავდა. ფუნქციებში იყო კორესპონდენციის მართვა, დირექტორებისთვის შეხვედრების ჩანიშვნა, მძღოლების, დამლაგებლების მართვა, ოფისის გამართული ფუნქციონირების ზედამხედველობა. რომ მახსენდება, როგორ ვისწავლე ქსეროქსის გადაღება, დასკანერება, პრეზენტაციების აკინძვა, მეცინება, იმიტომ, რომ მაშინ ძალიან ვღელავდი ასეთ საკითხებზე.

პირველ სამსახურს, ალბათ, ყოველთვის ახლავს ღელვა, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა არ გაქვს გამოცდილება და პირველ ნაბიჯებს დგამ. მახსოვს, „სარკეში“ მისვლისთანავე გამაფრთხილეს, რომელიმე დირექტორი თუ დარეკავდა ოთახიდან და მისი შიდა ნომერი აინთებოდა ოფის-მენეჯერის სადენიან ტელეფონზე, მაშინ განსაკუთრებით ყურადღებით უნდა ვყოფილიყავი. პირველად რომ აინთო ერთ-ერთი ამ ნომერთაგანი, გული საგულედან ამომივარდა. პირველი სამსახურის მადლიც ალბათ ეს არის – თავიდან ღელავ, შემდეგ კი გიყალიბდება უნარები, სწავლობ, იზრდები და ვითარდები და დიახ, „სარკემ“ მე ეს ყველაფერი ნამდვილად მომცა.

ქეთი ნიკოლეიშვილი – „გასტრონომის“ მარკეტინგის დირექტორი

11 რამ, რაც შესაძლოა, „ზუმერის“ საახალწლო ვიდეოში ვერ შენიშნეთ

კვლევა — ძაღლებს საშუალოდ 89 უნიკალური სიტყვა და ფრაზა ესმით