23
Jan
2018

ქეთევან პაპიაშვილი – #პირველისამსახური

23 Jan 2018

პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი (ძალიან ცუდი პერიოდი იყო საქართველოში, რეფორმების) როდესაც გავაჟღერე რომ სამსახურის დაწყება მინდოდა. გარშემომყოფების რეაქციები, რა,თქმა უნდა, ცინიკურ/ირონიული იყო – „შენ კი არა, პროფესიონალები ვერ საქმდებიანო“. რამდენიმე დღე დამჭირდა იმისთვის, რომ მივხვედრილიყავი, თუ რაში ვიყავი ძლიერი და სად შემეძლო დასაქმება. საკუთარი თავის ანალიზის შემდეგ, ერთადერთი „ძლიერი“  მხარე, რაც ჩემში დავინახე, მუსიკის სიყვარული იყო და სწორედ ჩემი ჰობის დამსახურებით მივედი რადიო/ტელევიზია „ჩეთბოქსში“. მორბენალ სტრიქონში ვაკანსია ვნახე მუსიკალური წამყვანის პოზიციაზე. მითითებული ჰქონდათ გასაუბრების დრო და ადგილი. წინამძღვრიშვილზე მდებარეობდა ოფისი, ეზოში რომ შევედი უამრავი ადამიანი იყო და გავიფიქრე მე რატო უნდა ამიყვანონთქო. წამოსვლას ვაპირებდი, როდესაც ერთ-ერთი თანამშრომელი გამოვიდა და ხელით მანიშნა, შენ შემოდიო. დაახლოებით 30 წუთიანი გასაუბრება იყო, ერთი კითხვა მახსოვს, რაც დამისვეს, რატომ გინდა ეს სამსახურიო. ძალიან გულწრფელად ვუპასუხე, რომ ფული მჭირდებოდა და უფრო მნიშვნელოვანი კი მუსიკის სიყვარულია-თქო, ძალიან ვრცლად ვისაუბრე, მოვყევი ჩემს საყვარელ მუსიკალურ ჯგუფებსა და ჟანრებზე. იმ დღესვე დამტოვეს სამსახურში.

ჩეთბოქსის შემდეგ ბევრი ვიმოგზაურე, საკუთარი ძალები გარე გაყიდვებშიც კი ვცადე, ელიავაზე განვადებებს „ვყიდდი“. ჩემს ჩამოყალიბებაში „სტუდენტურმა“სამუშაოებმა ძალიან დიდი როლი ითამაშა, ვისწავლე ყველაზე მნიშვნელოვანი – შრომის ფასი.

მე-4 კურსიდან HR-ად ვმუშაობ, 10 წელზე მეტია გასაუბრებებს ვატარებ და სწორედ ამ თვისებებს ვეძებ გასაუბრებაზე მოსულ კანდიდატებში – არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანს გამოცდილება აქვს თუ არა, მნიშვნელოვანია საკუთარი ინტერესის/ჰობის/საქმის სიყვარული და განვითარების სურვილი.

ბოლო რამდენიმე წელია საერთაშორისო კომპანიებში ვმუშაობ „ფულ თაიმ“ HR ბიზნეს პარტნიორად და დამატებით „ფრილანსერ ჰედ ჰანთერად“. ჩემს კარიერაში გამოვყოფდი ჯეოსელს, 4 წელი ვიმოგზაურე  თელია სონერას ჯგუფში და კი – ეს ის კომპანიაა, სადაც ყველაზე დიდი ღირებულება – თითოეული თანამშრომელია.

დღეს ვმუშაობ შვედურ კომპანია „ევოლუშენ გეიმინგში“. თავდაპირველი პერიოდი ლატვიის ოფისში გავატარე, სადაც ვაკვირდებოდი ახალგაზრდებს (გასაუბრებაზე მოსულებს და დასაქმებულებს), ძალიან მრავალფეროვანი ინტერესები აქვთ და შრომისმოყვარეები არიან, ღამე მუშაობენ და დღე სწავლობენ, შესვენებების დროს ყველა წიგნს კითხულობს. ახალგაზრდებს ის „დრაივი“ აქვთ, რომლის ნახვაც ყველაზე მეტად გამიხარდება საქართველოში.

ქეთევან პაპიაშვილი – “ევოლუშენ გეიმინგის” ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი.

განხილვა