ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური მომენტებიდან უამრავი უკავშირდება ჩვენსავე კეთილდღეობას. თუმცა როცა დღეს მენტალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ვფიქრობთ, ისეთ აქტივობებს ვგულისხმობთ, როგორებიცაა სირბილი, ველოსიპედით სეირნობა, ცურვა და სხვა. აი კვლევის თანახმად კი, კეთილდღეობის მაღალ შეგრძნებას განსხვავებულ ადგილებზე სტუმრობა უკავშირდება ადამიანებში, რომლებიც დეპრესიისა და შფოთვისკენ მიდრეკილნი არიან.
დიახ, University Psychiatric Clinics-ის კვლევამ აჩვენა, რომ რაც უფრო განსხვავებულ ადგილებს სტუმრობენ ადამიანები, მით უკეთ გრძნობენ თავს ემოციური თუ ფსიქოლოგიური კეთილდღეობის კუთხით, მაშინაც კი, თუ თავიანთი მენტალური ჯანმრთელობის სიმპტომები არსად ქრება…
კვლევა 2022 წელს პანდემიამდე ჩატარდა და 106 მონაწილეს მოიცავდა, რომელთა შორისაც იყვნენ აფექტური, განწყობის, პიროვნული, ობსესიური, შფოთვითი აშლილობებისა და სხვა მდგომარეობების მქონე ადამიანები. ზოგი მათგანი კლინიკაში გადიოდა მკურნალობას, ზოგიც კი ჩვეულებრივ სახლში ცხოვრობდა და სამედიცინო დაწესებულებებს რეგულარულად მიმართავდა.
მართალია, ფსიქიკური აშლილობების სიმპტომები უმეტესწილად ყველა მონაწილეში იგივე დარჩა, მაგრამ სივრცესა და დროში მოძრაობამ კეთილდღეობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი შემოგვთავაზა. როგორც მკვლევრები მოელოდნენ, GPS-ის გამოყენებამ დაადასტურა, რომ პაციენტები, რომლებსაც უსაფრთხო ადგილების დატოვების ფობიები თუ შფოთვები ჰქონდათ, მოძრაობის დაბალი მაჩვენებლებითა და გაცილებით ცოტა აქტივობებით გამოირჩეოდნენ.
„ჩვენი კვლევის თანახმად მხოლოდ აქტივობა არ არის საკმარისი მენტალური დარღვევების სიმპტომების შესამცირებლად, მაგრამ მას სულ მცირე შეუძლია, გააუმჯობესოს სუბიექტის კეთილდღეობა. შედეგები მიგვითითებს, რომ მოძრაობის სახეები, მანძილი, დანიშნულების ადგილის რაოდენობა თუ მრავალფეროვნება, შეგვიძლია კეთილდღეობის საზომად გამოვიყენოთ“, — განმარტავენ მკვლევრები.