in

ქეთო ბარაბაძე Berlin School of Creative Leadership-ის პროგრამაზე ისწავლის!

„ვიცი, ღირსეულად წარმოვაჩენ საქართველოს. ეს სკოლა თავის დროზე ჩემი და ნიკას ჩანაფიქრი იყო. ახლა კი იქ, ორივეს მაგივრად, მე მივდივარ… იმ დიდ კედელზე ჩვენი ხელმოწერებიც რომ გაჩნდეს!“

ქეთო ბარაბაძე Berlin School of Creative Leadership-ის პროგრამის მონაწილეა. აქ მოხვედრა და შემდეგ სწავლა მარტივი ნამდვილად არ არის. ამიტომაც, გადაწყვიტეთ, მისთვის საშალება, თქვენთვის კი – შესაძლებლობა მოგვეცა, ქეთოს ის გზა და გამოცდილება გაეზიარებინა, რომელმაც ამ სკოლაში სწავლის გადაწყვეტილებამდე მიიყვანა, საბოლოოდ, რომ აღასრულა კიდევაც:

ქეთო ბარაბაძე: კრეატიულ ინდუსტრიაში რამდენიმე წელია, ვარ. კანის ლომებით დავიწყე და შემდეგ ორ დიდ კომპანიაში, შიდა კრეატიული დეპარტამენტებით გავაგრძელე. კარგი გამოცდილების მიღების პარალელურად, სურვილი მქონდა, განვითარების შემდეგი გზა მეპოვა. არ მინდოდა, ძალიან ზოგადი MBA, რადგან ვიცოდი, რომ კრეატივიდან ფეხს არ გავადგამდი და ამიტომაც, ამ ინდუსტრიისთვის შესაბამისი „ხელობა“ უნდა მესწავლა.

არ ვიცი, როგორია ფინანსური, იურიდიული, ან სხვა სახის ლიდერშიფი, მაგრამ მჯერა, კრეატიული ლიდერშიფი მათგან განსხვავდება.

კრეატივი მხოლოდ ლამაზი სარეკლამო რგოლის შექმნა აღარაა. დღეს ეს სრულად ბიზნესის წარმატების საზომი ინდიკატორებით ყურებას ნიშნავს და ამასთანავე, ასეთ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებსაც სულ სხვანაირი მიდგომა სჭირდებათ, – ქეთო ბარაბაძე.

სკოლა მარტივად შევარჩიე იმ მიზეზით, რომ ის, უბრალოდ, საუკეთესოა. 

აქ თავიანთ სტუდენტებს ინდუსტრიის „გეიმჩეინჯერებს“ უწოდებენ, ანუ ადამიანებს, ვინც კრეატიულ სფეროში თამაშის წესებს ცვლიან. ეს სკოლა სტანდარტულ ლექციებს არ გთავაზობს, ეს არის სხვადასხვა სემესტრი სხვადასხვა ქალაქში ინდუსტრიის „ღმერთებთან“ ერთად –  ბერლინში, ტოკიოში, ნიუ-იორკში, შერწყმული ონლაინ სწავლებასთან. სტუდენტების ასაკი ჩემსაზე გაცილებით მაღალია. მათ თავიანთ ქვეყნებში თავიანთივე წარმატებული სააგენტოები აქვთ, ასეთივე პროექტები და ჯილდოები – კანის ლომები.

მათსავით მე ჩემი საკუთარი დიდი სააგენტო არ მაქვს, მაგრამ მე მაქვს დიდი ძლიერი ზურგი „აჭარაბეთის“, ჩემი დამსაქმებელი კომპანიის სახით, რომელიც გვენდო, როცა კომპანიის შიგნით საკმაოდ დიდი შიდა კრეატიული გუნდის მშენებლობა დავიწყეთ, მაშინაც, შემოქმედებითად მოაზროვნე საუკეთესო ადამიანები რომ შემოვიერთეთ და მერე Cannes Young Lions-ზე ყველაზე მეტი გუნდი დავარეგისტრირეთ. დღეს რომ Berlin School ოჯახის წევრი ვარ, ესეც ზუსტად ამ ნდობის გაგრძელებაა, რადგან „აჭარაბეთის“ მხარდაჭერის გარეშე, ეს რთულად გამომივიდოდა.

აპლიკაციის პროცესი თავიდან სტანდარტული იყო, შემდეგ დავალება მომცეს – ესეი უნდა დამეწერა თემაზე: „არაეთიკური ლიდერობის გამოწვევები ჩვენს ინდუსტრიაში“ და მე საქართველოზე დავწერე. შემდეგ საფრანგეთში პირისპირ ინტერვიუ მქონდა და მალევე, ჩარიცხვის შესახებ წერილიც მივიღე.მე რატომ შემარჩიეს? – ვფიქრობ, იმიტომ, რომ მთელი გულით მინდოდა და ეს საგრძნობი იყო. 4 წელი კანის ფესტივალზე მათს ვორქშოპებს ვესწრებოდი ხოლმე, თვალს ვადევნებდი სოც.ქსელებშიც. ამის გარდა, მათთვის, ვფიქრობ, საინტერესო აღმოჩნდა ისიც, რომ საქართველოდან ვარ. პატარა ბაზრის მიუხედავად, ჩვენთან დიდი პოტენციალია – საბჭოთა მემკვიდრეობიდან, შიშზე დაფუძნებული მმართველობის ტიპებიდან როგორ წამოვდექით ფეხზე. მათ იციან აკო (აკო ახალაია, Cannes Lions-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში), იციან – ლეფსვერა (ლევან ლეფსვერიძე, Cannes Lions-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში), იციან „მტრობის“ ნაცვლად დამეგობრებული კონკურენტი სააგენტოები, რომლებიც ამ სფეროს ნაბიჯ-ნაბიჯ აშენებენ.

სანამ ჩაბარებას გადავწყვეტდი, რამდენიმე წლის წინ, ბერლინში, მოკლე კურსზე ნიკა გუჯეჯიანთან ერთად, მათ საოცარ კამპუსში ვიყავი. შიდა სამზარეულო გვაინტერესებდა და გვინდოდა, მათაც გავეცანით, რადგან სამომავლოდ, მათ რიგებში ყოფნას ვფიქრობდით. ჰოლში დიდი კედელი აქვთ, სადაც კურსდამთავრებულების ხელმოწერებია და ძალიან გაგვიხარდა, მათ შორის, საშა კაცმანისა და ვატო ქავთარაძის ხელმოწერებიც რომ ვნახეთ.

ვიცი, ღირსეულად წარმოვაჩენ საქართველოს. ეს სკოლა თავის დროზე ჩემი და ნიკას ჩანაფიქრი იყო. ახლა კი იქ, ორივეს მაგივრად, მე მივდივარ… იმ დიდ კედელზე ჩვენი ხელმოწერებიც რომ გაჩნდეს! – ქეთო ბარაბაძე.

ნიკა გუჯეჯიანი Berlin School of Creative Leadership-ის კამპუსში. ფოტოს ავტორი – ქეთო ბარაბაძე.

მეცნიერებმა “ელექტრონული კანი” შექმნეს!

ნახეთ: მსოფლიოში პირველი 3D პრინტერით შექმნილი პარკურის მოედანი