12
Dec
2019

წარმოიდგინეთ ქეთო ბარაბაძე და „შეუძლებელია ერთმანეთთან საერთო ვერ ვიპოვოთ“

12 Dec 2019

წარმოიდგინეთ ადამიანი, რომლის ამბავიც ცნობისმოყვარეობით, ალტერნატივების მოსინჯვითა და გამოცდილებისადმი ღიაობით დაიწყო. ეს იმ თვისებების ნაკრებია, რომელთა სწორი გამოყენებითაც საკუთარი თავის, შესაბამისად კი, შესაფერისი საქმის პოვნა, საბოლოო ჯამში კი იდენტობის მიღწევა ხდება. მერე კი ხდება ისე, რომ ასეთი ადამიანები უსვამენ საკუთარ თავს მთავარ და უკვე ბევრჯერ დასმულ კითხვას – „ვინ ვარ?!“ ადამიანი, რომელიც წარმოიდგინეთ ამ კითხვას თავდაჯერებულად პასუხობს – მე ვარ ქეთო ბარაბაძე.

Imagine – ასე ჰქვია მის თემას Spotlight 2019-ზე. ქეთო ბარაბაძე, ამჟამად, „აჭარაბეთის“ ბრენდის ხელმძღვანელია. მანამდე და შემდეგ კი, ალბათ, ის არის 90-იანების ბავშვი, რომელიც სიხარულით ხვდებოდა უშუქობას, რადგან ამ დროს მათემატიკური ამოცანების ამოხსნა, დომინოსა და ჯოკერის თამაში შეეძლო. ქეთო ამბობს, რომ 90-იანებიდან ტრავმები არ გამოჰყოლია. მით უფრო მაშინ, როცა მშობლები მაქსიმალურად მრავალფეროვანი გამოცდილების მიცემას ცდილობდნენ მისთვის. დაყავდათ ურთიერთსაწინააღმდეგო აქტივობებზე – კალათბურთი და ფორტეპიანო, ჩოგბურთი და თეატრის სტუდია, ქართული ცეკვა და ცურვა. „ყველაფერი უნდა გვეცადა, რომ გამეგო, რა მომწონდა“. თუმცა, როგორც ჩანს, უშუქობა ძალიან ხშირი მოვლენა იყო და ქეთოც, ამიტომ, ან სხვა მიზეზით, ხშირად უსწრებდა სკოლის პროგრამას მათემატიკაში. ხოლო ქეთოს ცხოვრებაში გარდამტეხი პერიოდი გერმანიაში წასვლით დაიწყო. „ის პერიოდი, როცა ღირებულეები ყალიბდება, გერმანიაში გავატარე და ვფიქრობ, ამ ქვეყანამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ჩემზე“.

M: რას ეყრდნობოდა შენი პროფესიული არჩევანი, ან რა გამოცდილება მოგცა საზღვარგარეთ სწავლამ?
სახლში არასდროს მაძლევდნენ მიმართულებას, რომ მოდი აბა ექიმი გამოდი. ჩემი მშობლები პროგრამული ინჟინრები არიან და არასდროს უთქვამთ, რომ ეს საქმე უნდა გამეგრძელებინა. კოკა-კოლას რეკლამები მომწონდა და მინდოდა მეც გამეკეთებინა. ასე ავირჩიე მარკეტინგი და რეკლამა. 5 წლის შევედი სკოლაში, 16 წლის ვიყავი პირველ კურსზე და გამიმართლა, რომ 16 წლისამ რაც გადავწყვიტე, დღემდე ამის ერთგული ვარ. მარკეტინგი ბერლინში ვისწავლე, საერთაშორისო ბრენდებზე ვმუშაობდით.

M: საქართველოში როდის და როგორ დაბრუნდი?
საქართველოში 2012 წელს დავბრუნდი, აქ მაინტერესებდა მუშაობა, რამდენიმე კომპანიას გავეცანი. კომპანიების გაცნობაში ვგულისხმობ მათი პროექტების შესწავლას და შესაბამისად, ჩემი თავის დანახვა/არ დანახვას კონკრეტული კომპანიის გუნდსა და მათ კორპორატიულ კულტურაში. ასე ავარჩიე საქართველოს ბანკი, რომელშიც კრეატიულ დეპარტამენტში ვიყავი. გამიმართლა ადამიანებში, ლიდერებსა და გამოწვევებში, რომელსაც ეს კომპანია მთავაზობდა.

M: რა არის ის პროექტები, რომლებიც „რა გამიკეთებიაზე“ ფიქრისას სიამაყით გახსენდება?
ისე გამოვიდა, რომ ლიდერ კომპანიებში ვიმუშავე. ეს კი ნიშნავს რომ რაღაცას პირველი აკეთებ. საქართველოს ბანკში მუშაობის ეტაპიდან „მთელი საქართველოს ბანკი“ – ჩემი საყვარელი პროექტია. გერქვას მთელი საქართველოს ბანკი, ვფიქრობ, ძლიერი მესიჯია.  „სიქრით სანტაც“ საინტერესო გამოცდილება იყო. „აჭარაბეთში“ კი კიდევ უფრო განსხვავებული გამოწვევები და მასშტაბებია. აქ გამოვყოფდი სულ ახალ პროექტს – პირველ ინტერაქტიულ კინო-თამაშს „არენას“, რომელიც უდავოდ, ტექნოლოგიურად გამართული, ინოვაციური და საამაყო გამოცდილებაა.

M: რა შესაძლებლობაა შენთვის კრეატივი და ზოგადად, რას ნიშნავს ის?
როდესაც კრეატიულ ინდუსტრიაში მუშაობ, მგონია, რომ ეს არის შენი ცხოვრების წესიც და სამსახურიც, ანუ არ არის მკაცრად გამიჯნული work & life. ასე ცხოვრობ, ან არ ცხოვრობ. როდესაც Cannes Young Lions-ზე მივიღე მონაწილეობა ჩემს ერთადერთ მეწყვილესთან – ნიკა გუჯეჯიანთან ერთად, მას შემდეგ მივხვდი, რომ ამ სფეროდან ფეხს არ გავადგამდი. ეს ინდუსტრია, ლამაზი ვიდეოს გარდა, გაძლევს საშუალებას ყველაზე მძიმე,  რთული პრობლემები გადაამუშავო და პოზიტიური, იმედისმომცემი სახით წარმოაჩინო. ბოლო დროს,  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სოციალური თემებია წამოწეული. ძალიან ბევრი ძლიერი ბრენდი ამას უკვე იყენებს კარგად.

M: რა არის შენი მთავარი ღირებულება და რამდენად აქტუალურია ის მაშინ, როცა გუნდის მართვა გიწევს?
ჩემი მთავარი ღირებულებაა თავისუფლება. ის, რომ სხვისი თავისუფლება არ უნდა შეზღუდო არასდროს. გუნდშიც და მის გარეთაც. ჩემს სფეროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემოქმედებით ადამიანებს ეს თავისუფლება ჰქონდეთ. მჯერა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სხვა ნებისმიერ ადამიანთან საერთოს პოვნა და ამისთვის, საერთოდ არ არის საჭირო ერთნაირები ვიყოთ. მნიშვნელოვანია ვიყოთ თავისუფლად ისეთები, ინდივიდუალურები, როგორებიც ვართ და არავითარი ასეთი რატომ ხარ ან ისეთი – რატომ არ ხარ.

შეუძლებელია ერთმანეთთან საერთო ვერ ვიპოვოთ. ბოლო დროს ვცდილობ, ყველა ადამიანში დავინახო რაღაც, რაც გვაერთიანებს მე და მას. ამას რომ დავიჭერთ ერთმანეთში, მერე ვიხსნებით და ჩვენს ურთიერთობას შანსს ვაძლევთ გახდეს საინტერესო. ყველანაირ ადამიანთან შემიძლია ურთიერთობა და სულ ვფიქრობ, რომ ამას ამ გზით ვახერხებ.“

M: რამდენად არის შენთვის მარცხი იმის წინაპირობა, რომ მასზე რაღაც უფრო დიდი ააშენო?
მარცხების, ან უფრო სირთულეების მთელი კორიანტელი მახსენდება: ჩავჭრილვარ სკოლის პირველივე სემესტრშიც და გადაწყვეტილებებშიც, ზედმეტი პასუხისმგებლობა ამიღია, როცა მზად არ ვიყავი და არ ვყოფილვარ თანმიმდევრული. თავის დროზე მიდარდია, მერე კი ისე გაგრძელებულა, რომ ის მარცხი რომ არ ყოფილიყო, შემდეგ სასარგებლო გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდი. თითქოს კანონზომიერია და ეს ასე უნდა მომხდარიყო. ყველა სირთულე თავისას გასწავლის. გამოცდილებაა.

M: დრო გყოფნის?
დრო არავის არაფერში გვყოფნის, თუმცა, დროსთან დამოკიდებულება დღეს ჩემთვის ძალიან შეიცვალა. მქონდა ხოლმე, რომ ან წარსულში ვიყავი – „ეს უნდა მექნა“, ან მომავალში – „ეს უნდა ვქნა“ და ვხედავდი, რომ დღევანდელ დროს ვკარგავდი. აი, ახლა აღმოვაჩინე, რომ აივანზე ყავის სმა ძალიან მსიამოვნებს. რა კარგი ყოფილა ეს 10 წუთი აივანზე, როცა არც ვსქროლავ, არც არავის ველაპარაკები. საჭიროა ეგეთი რამეების პოვნა და უკვე ძალიან ვცდილობ, რაც მომწონს ახლა, გავაკეთო ახლა.

M: Imagine – ასე ჰქვია შენს „სფოთლაითის“ თემას…
წელს „სფოთლაითის“ თემა არის ერთიანობა და ყველა სპიკერს გვაქვს საშუალება ჩვენს ამბავს მოვყვეთ – ვის როგორ გვესმის ერთიანობა. ჩემთვის ყველაზე დიდი ერთიანობა, რაც ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ, არის წარმოსახვაში ერთიანობა და ამაზე მინდა ვისაუბრო 15 დეკემბერს.

M: რა ცვლილებების საჭიროებას ხედავ, ან შენ თვითონ, რა გინდა, ან შეგიძლია, რომ შეცვალო? 
მშვიდ, თავისუფალ და არააგრესიულ ქვეყანაში მინდა ვცხოვრობდეთ და არ გავრბოდეთ აქედან, ვაკეთებდეთ ჩვენს საქმეს, ვისაც რა გვიყვარს და ვეცადოთ კარგად გამოგვდიოდეს ეს საქმე. კრეატივში იმხელა პოტენციალი გვაქვს ამ ქვეყანას.. მე ჩემს თავზე მუშაობა მიყვარს, არასდროს ვჩერდები, ახალი  რაღაცეების სწავლა და სწავლება მინდა. უფრო მეტი საამაყო პროექტი მინდა გავაკეთოთ. ვფიქრობ, იღბლიანი ადამიანი ვარ, სულ გამოწვევებით სავსე გარემოში და ადამიანებში ვხვდები ხოლმე და ღია და ბედნიერი ვარ ამ გამოწვევებისთვის.

ავტორი: ხატია თორდუა

განხილვა