in

[მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება] „მიუხედავად ვალდებულებებისა გადავწყვიტე ამ თანხით აუქციონზე 2 ავტობუსი შემეძინა“ – ქეთო წილოსანი

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ჩვენი ცხოვრების ის ნაწილია, რომლებსაც საფუძვლიანი ცვლილებები მოყვება ხოლმე ჩვენს გზაზე. ზოგჯერ, გაუცნობიერებლად ვირჩევთ კონკრეტულ მიმართულებას. ხანდახან ახსნაც კი გვიჭირს, რატომ გვირჩევნია სწორედ ამ გეზით წასვლა და მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს გზაჯვარედინი დიდი ხნის გავლილია და მთლიანი სურათის აღქმის საშუალება გვეძლევა, ვამბობთ, რომ ეს მართლაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ჩვენს ცხოვრებაში. ამჯერად, საკუთარ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე სოციალური კაფეს „ქეთოსთან“ დამფუძნებელი ქეთო წილოსანი გვიყვება.

ალბათ, თხრობა იქიდან სჯობს დავიწყო, რომ 15 წლიდან ქორწინებაში ვიყავი. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, როდესაც დავასრულე ნაადრევი ქორწინება, შვილებით თბილისიდან ლანჩხუთში დავბრუნდი და გადავწყვიტე ქორწინების გამო შეწყვეტილი განათლება ახლა მაინც მიმეღო. რიგი პრობლემების გარდა, ძალიან გამიჭირდა ჩაკეტილი დიასახლისობიდან საზოგადოებაში ადაპტირება და საკუთარი თავის პოვნა, რადგან მარტოხელა დედობის პასუხისმგებლობა ავიღე. ვეძებდი სამსახურს. გამოცდილების გარეშე და „უდიპლომოდ“ მხოლოდ მიმტანად მუშაობის დაწყება შევძელი.

გამიმართლა და 2018 წელს, ლანჩხუთში შემოვიდა ორგანიზაციები UN women და Taso Foundation პროექტით ,,ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში”, სადაც ამიყვანეს როგორც სათემო მუშაკი ლანჩხუთში. ყოველთვის მეუბნებოდნენ, დიპლომი თუ არ გექნება, ვერაფერს მიაღწევო. ეს აზრი სულ ტრიალებდა ჩემს გარემოცვაში. ერთ დღესაც ლანჩხუთში, „ფონდ ტასოსთან“ შეხვედრაზე ზუსტად ამ მიზნით წავედი. მითხრეს, ფონდი ქალებს ეხმარება და იქნებ სწავლა დაგიფინანსონო. მალე სათემო მუშაკი გავხდი და აღმოვაჩინე, რომ დიპლომის გარეშეც უამრავი შესაძლებლობა არსებობს. ამ პროექტის ფარგლებში, ვეხმარებოდით სოფლად მცხოვრებ ქალებს მცირე გრანტებით, როგორც ეკონომიკურ გაძლიერებაში, ასევე სხვადასხვა მიმართულებით უნარების განვითარებაში.

სწორედ აქედან დაიწყო ჩემი პიროვნული თუ პროფესიული განვითარების გზა, ჩავაბარე პროფესიულ სასწავლებელში ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, დიპლომიც მაქვს. გავიარე არაერთი 3/6 თვიანი ტრენინგკურსი და დღეს ვარ სერტიფიცირებული ახალგაზრდული მუშაკი, ა(ა)იპ „ლანჩხუთის ახალგაზრდული მოძრაობა“ დამფუძნებელი, სოციალური კაფე „ქეთოსთან” დამფუძნებელი, ლანჩხუთის მუინიციპალიტეტის გენდერული საბჭოს წევრი, ტრენერი მეწარმეობის და ქალთა უფლებების მიმართულებით. თუმცა დღესაც მუდმივად გავდივარ გადამზადებებს.

2020 წელს, ამ პროექტის ფარგლებში, ლანჩხუთში გავხსენით კაფე „ქეთოსთან“. ჩემი იდეა იყო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შემექმნა სივრცე, რომელიც იქნებოდა ახალგაზრდების თავშეყრის ადგილი, სადაც ჩატარდებოდა სხვადასხვა ღონისძიება, აქტივობა, ტრენინგი, ამასთანავე იქნებოდა შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემო. გამოგვივიდა კიდეც,
კაფე იყო სოციალური ხასიათის და შშმ პირებისთვის სრულიად ადაპტირებული. სადაც ათამდე ადამიანი იყო დასაქმებული, მათ შორის, ორი შშმ პირი.

ამასთან, კაფეში იმართებოდა პოეზიის საღამოები, წიგნის პრეზენტაციები, გამოფენები, ტრენინგები, ფილმის ჩვენებები,მუსიკალური საღამოები, მათ შორის ელექტრონული მუსიკის საღამოებიც. აქამდე ლანჩხუთში არაფორმალური შეხვედრებისთვის მსგავსი სივრცე არ არსებობდა. 5 წლის განმავლობაში, „ქეთოსთან“ არაერთ ახალგაზრდას მიეცა შესაძლებლობა, მიეღო გამოცდილება მომსახურების სფეროში და განევითარებინა სხვადასხვა უნარები,

  • 40-მდე მოზარდას ვასწავლეთ მომსახურების სფერო და აიღეს პირველი ხელფასი
  • 100-ზე მეტ შეხვედრა/ტრენინგს ვუმასპინძლეთ
  • პირველი ადაპტირებული სივრცე ვიყავით ლანჩხუთში
  • ვუმასპინძლეთ ათეულობით სადღესასწაულო საღამოს
  • ჩვენთან უამრავ ახალგაზრდულ იდეას ჩაეყარა საფუძველი და აქ მიღებული ცოდნით არაერთმა ადგილობრივმა აიღო სამეწარმეო გრანტი
  • პროდუქტს ადგილობროვი მეწარმეებისგან ვყიდულობდით და ვუწევდით პოპულარიზაციას ადგილობრივ პროდუქციას.

„ქეთოსთან“ შექმნით, ვრეალიზდი მე, როგორც მეწარმე ქალი და თანამოაზრეებთან ერთად შევძელი, სხვა ახალგაზრდებისთვის მეჩვენებინა განათლების შესაძლებლობა მაშინაც კი, როცა ფინანსური შესაძლებლობები 0-ის ტოლია.

მიუხედავად ამხელა მნიშვნელობისა, 2023 წლის ზაფხულის შემდეგ კაფე „ქეთოსთან“ აღარ არის, რადგან ფართის მფლობელმა ხელშეკრულება აღარ გაგვიგრძელა. ამან გამოიწვია, ის, რომ ახალგაზრდებს აღარ აქვთ ლანჩხუთში სივრცე, რომელშიც იმ აქტიობებს განახორციელებენ, რაც ამ ხნის მანძილზე ასე უხაროდათ. ასევე ცოტა ორგანიზაცია ინტერესდება ლანჩხუთში ღონისძებების ჩატარებაზე, რაც იწვევს ახალგაზრდების შიდა მიგრაციას მეზობელ ქალაქებში, რადგან აქ არაფორმალური განათლების, სტაჟირების და დასაქმების შანსი თითქმის არ არის.

იმ დროს, როდესაც აღარც კი ვიცოდი, როგორ შევძლებდი ფეხზე დადგომას და ბიზნესისთვის ხელის მოკიდებას, ჩემმა მეგობარმა, ლილი ფულარიანმა ჩემ ნაცვლად წამოიწყო ქრაუდფანდინგის (სახალხო დაფინანსების) კამპანია. ერთ დღეს, Facebook მეგობრებს სთხოვა მისი 2 ჭიქა ყავაზე დაპატიჟება და 10 ლარის ჩემს ანგარიშზე ჩარიცხვა. ამ ამბავმა იმდენი ადამიანი გააერთიანა, რომ რამდენიმე დღეში ხელში 7,000 ლარი მქონდა. აქაც დავდექი იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე, როგორ გამომეყენებინა ეს შანსი, მიუხედავად ვალდებულებებისა გადავწყვიტე ამ თანხით აუქციონზე 2 ავტობუსი შემეძინა. რადგან უფრო ღირებული ყოფილიყო ეს გადაწყვეტილება და სამომავლოდ მეტი სარგებლის მომტანი.

ჩემი იდეა არის შეძენელი ორი ავტობუსის გადაკეთება. პირველ ავტობუსში მოეწყობა კაფე და ღია ბარი, სადაც იქნება სწრაფი კვების მენიუ, მეორე ავტობუსში იქნება მულტიფუნქციური სივრცე ლანჩხუთელი ახალგაზრდებისთვის: გასაშლელი მაგიდები, სკამები, პროექტორი, ეკრანი, აუდიო სისტემა, ინტერნეტი, მცირე თანამედროვე ბიბლიოთეკა. ავტობუსებს სჭირდებათ სარემონტო სამუშაოები, სრული განახლება, სურსათის უვნებლობის სტანდარტებით სამზარეულოს მოწყობა, ინვენტარით აღჭურვა და გარე ფასადის მოხატვა. ამ ინვენტარისთვის თანხა ჯერ არ მაქვს, თუმცა ვფიქრობ, რომ ავტობუსების მოწყობას საგრანტო პროექტების და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესების დახმარებით შევძლებ, რის მოლაპარაკებებსაც აქტიურად ვაწარმოებ… და ვფიქრობ რომ კიდევ მოვყვები 0-დან დაწყების და წარმატების ისტორიას ქეთოსთან…

რუბრიკას „მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება” წარმოგიდგენთ Wissol.

ისტორია, რომელიც ავტოფარეხში არ დაწყებულა – Intel

BTU-ში AI HACKATHON-ის ფინალი გაიმართა – გამარჯვებული გუნდები ცნობილია