მკითხველისათვის ფონდი „კეტარის” შესახებ წარსულშიც მოგვიყოლია. კრეატიული ინდუსტრიების მხარდამჭერმა ფონდმა უკვე არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივის და პროექტი წარადგინა. დღეს კი კეტარის კიდევ ერთ საინტერესო მიმართულებაზე უნდა მოგიყვეთ.
დაახლოებით ორი წლის წინ კეტარიმ კრეატიული ინდუსტრიების მხარდასაჭერად მედიაპლატფორმა შექმნა, რომლის ფარგლებშიც თანამედროვე მედიასტანდარტებზე მორგებული ფორმატის პროექტი – Kettari News წარადგინა. ეს არის ვიდეოების სერია, რომელიც საქართველოს მასშტაბით კულტურულ თუ შემეცნებით ღონისძიებებს აშუქებს. ამგვარად, Kettari News-მა ღონისძიებების ერთგვარი ვიდეოკალენდარი და გზამკვლევი შექმნა, რითაც უკვე დიდი ცნობადობა მოიპოვა.
პიზა სექანია, Kettari News-ის წამყვანი:
„Kettari News-ის ფარგლებში ვცდილობთ, სხვადასხვა ღონისძიების შესახებ ჩვენს მაყურებელს ვიზუალურად და შინაარსობრივად საინტერესო ფორმით მოვუყვეთ. ხშირად სატელევიზიო მედიასივრცის მიღმა რჩება თანამედროვე ექსპერიმენტული სახელოვნებო ღონისძიებები, ახალგაზრდა არტისტების ინიციატივები. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ახალგაზრდა შემოქმედების მხარდაჭერაა. გვინდა, მაყურებელს ვაჩვენოთ, რა ხდება თანამედროვე კრეატიულ ინდუსტრიებში და ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ამ ინდუსტრიების დღევანდელ დღეს და მომავალს ქმნიან.
გადაღებისას ჩემთვის მნიშვნელოვანია, ჩვენმა რესპონდენტებმა თავი კომფორტულად იგრძნონ. ინტერვიუს დროს დაინახონ, რომ რეალურად გვაინტერესებს მათი საქმიანობა; რომ მათი ინიციატივები, შემოქმედება და პროექტები ჩვენთვის მნიშვნელოვანია. გვიხარია, რომ დროსთან ერთად, უფრო მეტი სახელოვნებო თუ შემოქმედებითი სივრცე გვიკავშირდება და, როგორც მედიაპარტნიორს, ღონისძიებების გასაშუქებლად გვიწვევენ. ეს ჩვენთვის იმის მანიშნებელია, რომ აუდიტორიას მოსწონს ის, რასაც ვაკეთებთ”.
ნინო იმერლიშვილი, Kettari News-ის პროდიუსერი:
„Kettari News არაკომერციული პროექტია, შესაბამისად, ჩვენი მთავარი მიზანი აუდიტორიისათვის საინტერესო ინიციატივების, საინტერესო ადამიანების გაცნობაა. ვფიქრობთ, დროსთან ერთად ეს შევძელით და ამაზე აუდიტორიის ჩართულობაც მიუთითებს. განსაკუთრებით ვცდილობთ, ჩვენი პროექტის ფარგლებში, მხარი დავუჭიროთ ახალი თაობის ხელოვანებს, ანტრეპრენერებს, მეცნიერებისა თუ ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით მომუშავე ახალგაზრდებს, რათა მათი ინიციატივების შესახებ მეტმა ადამიანმა გაიგოს. ვცდილობთ, Kettari News-ის ყოველი ვიდეო საინტერესო და ორიგინალური იყოს არა მხოლოდ შინაარსით, არამედ ვიზუალი თხრობის მხრივ. თანამედროვე მედიაში ვიზუალს დიდი მნიშვნელობა აქვს. მას ინტერვიუებისა და ნარატორის გარეშეც კი უნდა შეეძლოს, სრულყოფილად გადასცეს მაყურებელს ამბავი. სწორედ ამიტომ ჩვენი ვიდეოგრაფები, პატო მერკვილაძე და სანდრო ხატიაშვილი მუშაობისას ყოველთვის ცდილობენ ადგილზე არსებული გარემო და ამბის დინამიკა ვიზუალურად შთამბეჭდავი ფორმით ასახონ”.
[პარტნიორის კონტენტი]