14
Feb
2019

რეცეპტი, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა – KFC-ის შემქმნელის, „პოლკოვნიკი სანდერსის“ ბიზნეს ისტორია

14 Feb 2019

„ვფიქრობ, ოცნება შემოთავაზებაა, იმისთვის, რომ რაიმე ღირებული შევქმნათ“ – ეს იმ ადამიანის სიტყვებია, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე საკუთარი ცხოვრების მოწესრიგებას შეალია. სწორედ იმ ცხოვრების, რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე უამრავ წინააღმდეგობას ახვედრებდა მას. ფარხმალს კი მაინც არასდროს ყრიდა. ალბათ, ამასაც საკუთარი ოცნებების გამო აკეთებდა. საზოგადოებაში პოლკოვნიკ სანდერსად წოდებული, რეალურად კი – ჰარლანდ სანდერსი ამერიკული ბიზნეს-ისტორიების ის პერსონაჟია, რომელმაც სამყაროს ყველასთვის საყვარელი დაბრაწული ქათმების ქსელი – KFC აჩუქა.

ჰარლანდ სანდერსი ფერმერის ოჯახიდან იყო. იგი ქვეყნიერებას 1890 წლის 9 სექტემბერს მოევლინა და სწორედ აქედან დაიწყო მისი საინტერესო და, ამავდროულად, არც თუ ისე მარტივი ცხოვრების ისტორიაც. 6 წლის ასაკში მამა გარდაეცვალა, რამაც სანდერსის დედა იძულებული გახადა, სრულ განაკვეთზე თავდაუზოგავად ემუშავა. ყველაფერ ამის შედეგად კი, ბიჭუნას სხვადასხვა ვალდებულება დაეკისრა – მათ შორის, უმცროს და-ძმაზე ზრუნვა და მათი გამოკვება. ჰარლანდ სანდერსი რომ დღესდღეობით თავისი ქათმებითაა განთქმული, არ არის შემთხვევითი, რადგანაც სწორედ ამ მცირე ასაკში, დედმამიშვილებისთვის საჭმლის მომზადებისას მასში კულინარიულმა უნარებმა გაიღვიძა. ნათესავებმა კი მალევე შეამჩნიეს პატარა ბიჭის „საუცხოო ხელი“.

გაჭირვებული ცხოვრების პირობებმა სანდერსი სულ უფრო დამოუკიდებელი გახადა. 10 წლის ასაკში იგი ფერმაში მუშად დასაქმდა. დედამისის მორიგმა ქორწინებამ და მკაცრმა მამინაცვალმა კი 13 წლის ბიჭს უბიძგა, სახლიდან წასულიყო. მის მრავალფეროვან და დატვირთულ ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშეს მისმა ბიძებმა. ინდიანაში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ბიძამ იგი კონდუქტორად მოაწყო, მეორემ კი – ალაბამაში მატარებლებში ნაცრის მწმენდავად დაასაქმა. აღსანიშნავია, რომ სანდერსმა ბედი 1906 წელს აშშ-ს არმიაშიც სცადა, თანაც, გაყალბებული სახელითა და დაბადების თარიღით. 16-17 წლის ჰარლანდი კი უკვე კარგად გამოცდილი ცეცხლფარეში იყო.

შემდეგი სამსახური იყო ნორფოლკის რკინიგზა, სადაც მან მომავალი მეუღლე – ჯოზეფინი გაიცნო. მისი ცხოვრება, ძირითადად, მატარებლებთან და რკინიგზებთან იყო დაკავშირებული. სამსახურებიც ერთმანეთს ჰგავდა – სადაც კი მიდიოდა, რკინიგზაში, ყველგან ცეცხლფარეშობა ეკისრებოდა. ალბათ, უნდა ვიფიქროთ, რომ სწორედ ამ მუდმივი რუტინის გამო მოუნდა მას სამართლის შესწავლა და უნივერსიტეტში ჩაბარება. სანამ ამას გააკეთებდა, მთელ ღამეებს სამართლის წიგნების კითხვაში ათენებდა, თუმცა, ეს ყველაფერი მისთვის წარმატების მომტანი მაინც არ გამხდარა. მისი იურიდიული კარიერა სასამართლო დარბაზში პირველივე კლიენტთან დასრულდა.

1920 წელს სანდერსმა საბორნე კომპანიაში დაიწყო მუშაობა, რომელიც ნავების გადაადგილებას ოჰაიოდან ჯეფერსონვილიმდე და ლუიზვილიმდე ოპერირებდა. სულ მალე, იგი გახდა კომპანიის აქციების მცირე ნაწილის პატრონი და მდივნადაც დაინიშნა, თუმცა, მალევე, განაცხადა, რომ ეს საქმიანობა მისთვის დიდად შესაფერისი არ იყო. იგი წამოვიდა სამსახურიდან, წამოიღო საკუთარი $22 000 (დღესდღეობით $324 000-ის ექვივალენტი) და დააარსა კომპანია, რომელსაც აცეტილენის ნათურები უნდა დაემზადებინა. თუმცა, მას იურიდიულ საქმიანობის მსგავსად, არც აქ გაუმართლა, რადგან სულ მალე ელექტრო-ნათურები გამოიგონეს. სანდერსის ბიზნეს-გეგმა დავიწყებას მიეცა.

ჰარლანდს უამრავი სამსახურის გამოცვლა და იმედგაცრუების გადატანა მოუწია. განსაკუთრებით კი „დიდი დეპრესიის“ პერიოდში, როდესაც არათუ მომავალ ბიზნესმენს, არამედ გამოცდილ ბიზნესმენებსაც უამრავ წარუმატებლობასთან ბრძოლა უწევდათ.

დიდი ხნის განმავლობაში, სანდერსი თავის ოჯახთან ერთად სასოწარკვეთილებაში იყო ჩავარდნილი. წარუმატებლობების სიმრავლემ, 40 წელს მიტანებული ჰარლანდი დააფიქრა, რომ მისი ცხოვრების დიდი ნაწილი უკვე გავიდა, მას კი ხელში არაფერი ეჭირა. უბრალოდ არ შეეძლო, უზრუნველეყო ოჯახი და ნორმალურად ეცხოვრა, რასაც უდიდეს მარცხად აღიქვამდა.

ყველაფერ ამის ფონზე, მომავალმა ბიზნესმენმა საკუთარ თავს კიდევ ერთი შანსი მისცა – უკანასკნელი დანაზოგით კენტუკის ერთ-ერთ ქალაქში ავტოსახელოსნო შეიძინა, რომელიც ტენესის საზღვართან 25 მილის დაშორებით მდებარეობდა. უნდა ითქვას, რომ ჰარლანდმა იგი სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამოც იყიდა. რადგანაც, სახელოსნო სწორედ იმ მაგისტრალთან მდებარეობდა, რომელიც ჩრდილოურ შტატებს ფლორიდასთან აკავშირებდა. სტრატეგიამ გაამართლა – მომხმარებლების რაოდენობა განუწყვეტლივ იზრდებოდა. თუმცა, ეს ყველაფერი არ იყო. ბავშვობისეულმა მისწრაფებებმა თავი იჩინეს: პოლკოვნიკმა სანდერსმა გადაწყვიტა, სახელოსნოშივე განეთავსებინა საკვები ობიექტი და რადგანაც მას ამისთვის ცალკე ფართი არ ჰქონდა, მან ეს გეგმა საძინებელ ოთახში განახორციელა. მისი სამზარეულოს მენიუ, ძირითადად, წიწილებსა და სტეიკებს მოიცავდა. მალე საკვებ ობიექტს „ჰარლანდ სანდერსის კენტუკის შემწვარი ქათმები“ ეწოდა. სანდერსმა საზოგადოება პროდუქტის ხარისხზე აალაპარაკა. იგი ქათმებს 11 სანელებლით ამზადებდა. ცხოვრებამ ჰარლანდისა და მისი ოჯახისთვის გაუმჯობესება დაიწყო.

შემოსავლის გაზრდის მიზნით, სანდერსმა სპეციალური ქვაბი იყიდა, რომელსაც იმ პერიოდში მხოლოდ რამდენიმე შეფ-მზარეული თუ იყენებდა. ჰარლანდი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ამ ქვაბის სასარგებლო თვისებები საკუთარ ბიზნესზე გამოსცადა. კერძოდ, მას ქათმების უფრო სწრაფად შებრაწვა შეეძლო. ხოლო, თუკი მომხმარებლებს აქამდე ნახევარი საათი ლოდინი უწევდათ, ახლა ეს დრო 9 წუთამდე შემცირდა.

საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პოლკოვნიკისთვის 1935 წელი. იგი ამ წელს კენტუკის გუბერნატორისგან დაჯილდოვდა, როგორც კენტუკიში საუკეთესო სერვისის მქონე პოლკოვნიკი. და ეს არც იყო გაზვიადება, რადგანაც ქვეყნის მთელი მოსახლეობა სანდერსის ქათმებზე საუბრობდა და თანაც, მას „ნაციონალურ კერძად“ მოიხსენიებდა.

სანდერსს წარმატებებისგან თავბრუ არ დახვევია. მან მალევე  გააცნობიერა, რომ ბიზნესს გაფართოება სჭირდებოდა და 1937 წელს გახსნა მოტელი „Sanders Court & Cafe“, რომელიც ასევე იყო დამოუკიდებელი სწრაფი კვების ობიექტი. თუმცა, მისი მაკდონალდსთან შედარება მაინც არ შეიძლებოდა, რადგანაც თითოეული შეკვეთის დასამზადებლად მინიმუმ 15 წთ იყო საჭირო. სწორედ ამიტომ, იგი არ იყო სრულყოფილი სწრაფი კვების ობიექტი.

პოლკოვნიკმა სანდერსმა ბიზნესის განვითარებასთან ერთად, საკუთარი სტილის განვითარებაც დაიწყო. იგი საზოგადოებაში ხშირად ჩნდებოდა თეთრი შარვალ-კოსტუმითა და შავი ხალსტუხით, რაც ავტომატურად ასოცირდებოდა მისსავე ბიზნესთან.

სანდერსის „აღმავალ“ ბიზნესს საფრთხე მაშინ დაემუქრა, როდესაც მოტელი დაიწვა. თუმცა, იგი რამდენიმე თვეში აღადგინეს. რეალურად, ეს არ იყო მთავარი წარუმატებლობა იმ პერიოდში. ყველაზე დიდი პრობლემა გამოიწვია ცენტრალური მაგისტრალის ფუნქციის დაკარგვამ, რადგანაც მოშორებით ახალი მაგისტრალი აშენდა. სანდერსის კვების ობიექტმა სტრატეგიული მნიშვნელობა დაკარგა. ბიზნესს მალევე დაეტყო დაღმასვლა. მომხმარებლები სულ უფრო კლებულობდნენ რესტორანში.

წარმატებული ბიზნესმენობის ერა თითქმის წარსულს იყო ჩაბარებული. იგი იძულებული გახდა, გაეყიდა საკუთარი ქონება, რათა $75 000 ოდენობის ვალი დაეფარა. ერთადერთი შემოსავალი, რომელსაც იგი იღებდა, იყო ყოველთვიური სოციალური დახმარება – $105. სწორედ ამ ყველაფრის შემდეგ, სანდერსმა გადაწყვიტა, კენტუკის სხვა ნაწილში, კერძოდ, შელბივილში, გადასულიყო საცხოვრებლად.

KFC-ის ლოგოს ევოლუცია

ბიზნესმენი გამოსავალს მხოლოდ ერთ რამეში ხედავდა – საკუთარი რეცეპტი სხვა რესტორნებისთვის მიეყიდა. სწორედ ამ მიზნით, 1946 წელს მან მთელი ამერიკის რესტორნები მოიარა. იგი თვლიდა, რომ ამით არაფერს კარგავდა. ფრენჩაიზინგის იდეით შეპყრობილ სანდერსს რესტორნების დათანხმება საკმაოდ ურთულდებოდა. პირველი კლიენტიც დიდი გაჭირვების შედეგად მოძებნა, რომელთანაც შეთანხმება დადო, რომ თითოეულ გაყიდულ ქათამზე 5 ცენტს მიიღებდა. ეს კი არც თუ ისე ცუდი იყო იმის ფონზე, რომ შეკვეთები სტაბილურად იზრდებოდა. საბოლოოდ კი, 60-იანი წლების დასაწყისში სანდერსის რეცეპტით დამზადებულ ქათმებს რამდენიმე ასეული რესტორანი ყიდდა. 1964 წელს მან გადაწყვიტა, კერძო ინვესტორებისთვის მიეყიდა კორპორაცია, რაშიც 2 მილიონი მიიღო. თუმცა, პოლკოვნიკი კენტუკის შემწვარი ქათმების (KFC) ოფიციალურ სახედ დარჩა, რაშიც მას წლიურად 250 ათას დოლარს უხდიდნენ. მას მხოლოდ მედიასთან, მფლობელებთან და მომხმარებლებთან შეხვედრები ევალებოდა.

ჰარლანდ სანდერსი და გელა ჩარკვიანი

1980 წელს, 90 წლის ასაკში, ჰარლანდ სანდერსი ლეიკემიით გარდაიცვალა. უამრავი რეკლამით, ინტერვიუებითა და შეხვედრებით გადაღლილი ბიზნესმენი ბოლო წლებს მოგზაურობას უთმობდა. ამავე პერიოდში, ხანში შესული ჰარლანდი თავის მეორე ცოლთან, კლაუდიასთან ერთად მცირე რესტორანსაც უძღვებოდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო ხანებში სანდერსი გულდაწყვეტილი იყო იმის შესახებ, თუ როგორ აფუჭებდნენ რესტორნები ქათმების ხარისხს იმის გამო, რომ რაც შეიძლებოდა, მცირე ფასად და მცირე დროში გაეყიდათ პროდუქტი. ფაქტობრივად, უხარისხო ნაწარმი ხარისხიან სახელს იყო ამოფარებული. სანდერსს მართლაც ჰქონდა განაწყენების საბაბი. მიუხედავად ყველაფრისა იგი ამბობდა: „ჩემთვის ჩემი რეცეპტი შეუფასებელია“

ჰარლანდ სანდერსი ცოლთან, კლაუდია სანდერსთან ერთად

KFC-ის ისტორია სანდერსის გარდაცვალებით არ დასრულებულა. დღესდღეობით, რესტორნების ქსელის მფლობელი კომპანია Yum! Brands-ია, რომელიც ასევე ფლობს Pizza Hat-ისა და Taco Bell-ის ბრენდებს. KFC-ის 20 000-ზე მეტი რესტორანი კი 123 ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს. იგი გაყიდვების რაოდენობით მსოფლიოში არსებული სწრაფი კვების ობიექტებს შორის მეორე ადგილზეა, პირველ ადგილს კი, ტრადიციულად, მაკდონალდსი იკავებს.

„ადამიანებმა უნდა დაიმახსოვრონ, რომ თითოეული მარცხი მორიგი ნაბიჯია უკეთესობისკენ“ – ამბობდა ჰარლანდ სანდერსი, რომელმაც ყოველივე ეს საკუთარ თავზე გამოსცადა. მისი ცხოვრების მაგალითზე დაყრდნობით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ წარმატებისთვის ბრძოლაა საჭირო, ბრძოლისთვის კი – მონდომება.

„ცხოვრებაში ორი წესით ვხელმძღვანელობ: აკეთე ყველაფერი, რაც შეგიძლია და აკეთე ყველაფერი საუკეთესოდ. მხოლოდ ასე თუ გაგიჩნდება შეგრძნება, რომ რაღაცას მიაღწიე.“

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

განხილვა