KFC-ის Believe in Chicken ჩვეულებრივ სარეკლამო პლატფორმას თავიდანვე არ ჰგავდა. ბრენდმა ქათმის სიყვარული თითქმის რიტუალად, ერთგულება კი აბსურდულ მითოლოგიად აქცია. ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს სამყარო სხვადასხვა კამპანიით იზრდებოდა, ახლა კი KFC-მ ერთ-ერთი ყველაზე პირდაპირი ნაბიჯი გადადგა: საკუთარი ფანები რეალურ თამაშის შოუში მიიწვია.
შოუს Don’t Crack ჰქვია. ის YouTube-ზე სრულმეტრაჟიანი პროგრამის ფორმატით გამოვიდა და 30 მონაწილეს აერთიანებს, რომლებიც ოთხ სხვადასხვა გამოცდაში ერთმანეთს ეჯიბრებიან. საბოლოო გამარჯვებული „Ultimate Believer“-ის ტიტულთან ერთად £50,000-ს მიიღებს.
იდეა Mother-მა შექმნა, რეჟისორი კი პაბლო როშატია. პროექტზე ასევე მუშაობდა პროდიუსერი ჯესი სვონსონი, რომელსაც Celebrity Juice-სა და Destination X-ზე მუშაობის გამოცდილება აქვს. სწორედ ამ გუნდმა შეიმუშავა ის დავალებები, რომლებმაც KFC-ის უკვე არსებული აბსურდული სამყარო რეალურ კონკურსად აქცია.
მონაწილეების შერჩევა ჯერ კიდევ მარტში დაიწყო, როცა KFC-მ კამპანიაში საზოგადოებას ჰკითხა: „How much do you believe in chicken?“ მოწოდება ტელევიზიაში, გარე რეკლამასა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა. QR კოდი, რომელსაც ქასთინგის გვერდზე გადაჰყავდა მომხმარებელი, 9.8 მილიონმა ადამიანმა დაასკანერა, განაცხადი კი დაახლოებით 50 000-მა შეავსო.
საბოლოო 30 მონაწილე 22-დან 65 წლამდე ასაკის ადამიანია. მათ შორის არიან პოლიციის სერჟანტი, ლონდონის მეტროს მემანქანე, საბრძოლო ხელოვნების მწვრთნელი და ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ჯადოქრად მოიხსენიებს.
თავად თამაში ოთხ ეტაპად ვითარდება. Blind Faith-ში თვალახვეულმა მონაწილეებმა ათი ოქროს კვერცხი უნდა იპოვონ და გზად სხვადასხვა დაბრკოლებას აარიდონ თავი. Acts of Devotion უკვე პირდაპირ კონკურენციაზეა აგებული: ათი მონაწილე წყვილებად იყოფა და ცდილობს დაამტკიცოს, რომ მოწინააღმდეგეზე მეტად „სჯერა“.
შემდეგ მოდის Eyes on the Prize, სადაც დარჩენილ ხუთ მონაწილეს ლაზერული მოწყობილობები უკეთია და ოქროს კვერცხისთვის თვალის მოუშორებლად უნდა იბრძოლონ. თუ მზერა სხვაგან გადაიტანეს, სისტემა მათ „სჯის“. ფინალურ ეტაპზე, Tears of Joy-ში, ორი მონაწილე უზარმაზარ ბუდეებში ზის და ამოცანა ერთი „სიხარულის ცრემლის“ გამოწვევაა.
ამ ყველაფერში ყველაზე საინტერესო ისაა, რომ Don’t Crack ცალკე, შემთხვევითი აქტივაცია არ არის. ის Believe in Chicken სამყაროს ბოლო თავია, რომელიც KFC-მ 2024 წელს დაიწყო. ამ პერიოდში ბრენდმა სხვადასხვა კამპანიით თანდათან შექმნა საკუთარი ენა, რიტუალები და ხუმრობები. მაგალითად, All Hail Gravy იმავე სამყაროს აგრძელებდა და ქათმის გარშემო შექმნილ თითქმის საკულტო ერთგულებას კიდევ უფრო ამძაფრებდა.
Mother-ის აღმასრულებელი კრეატიული დირექტორების, ტომას კოულმენისა და დერეკ მან ლუის თქმით, სამი წლის განმავლობაში გუნდი სწორედ ამ უცნაურ სამყაროს აშენებდა და Don’t Crack მათთვის ლოგიკური შემდეგი ნაბიჯი გახდა. ამჯერად ბრენდმა ფანებს უბრალოდ კამპანიის ყურება აღარ შესთავაზა. მათ მის ნაწილად ქცევის შესაძლებლობა მისცა.
ეს განსხვავება მნიშვნელოვანია. ბევრი ბრენდული პლატფორმა წლების განმავლობაში მხოლოდ რეკლამების სერიად რჩება, სადაც ერთი და იგივე იდეა სხვადასხვა ფორმით მეორდება. KFC-ის შემთხვევაში კი პლატფორმა თანდათან უფრო ფართო გასართობ სამყაროდ გადაიქცა. ჯერ ბრენდი ქმნიდა მითოლოგიას, შემდეგ კი ამ მითოლოგიაში რეალური ადამიანებიც შეუშვა. ამიტომ, Don’t Crack-ში პროდუქტის პირდაპირი გაყიდვა თითქმის მეორეხარისხოვანია. მთავარი თავად კულტურული სამყარო და მასში მონაწილეობის სურვილია. კონკურსანტებსაც სწორედ ეს პოზიცია აქვთ: ისინი მომხმარებლები კი არა, „მორწმუნეები“ არიან, რომლებიც ბრენდის მიერ შექმნილი სამყაროს წესებით თამაშობენ.
KFC-ისთვის ამ მიდგომამ კომერციულადაც გაამართლა, ამიტომ Don’t Crack განსაკუთრებით საინტერესო ფინალია. ბრენდმა ერთ იდეას სამი წელი მისცა განვითარებისთვის და ბოლოს ის რეკლამიდან დამოუკიდებელ გასართობ ფორმატში გადაიყვანა.
ახლა მთავარი კითხვა ის კი აღარ არის, კიდევ რამდენჯერ შეიძლება Believe in Chicken-ის იგივე ხუმრობის გამეორება. უფრო საინტერესოა, რას გააკეთებს KFC შემდეგ, როცა საკუთარი კამპანიის სამყარო უკვე იმდენად გაიზარდა, რომ მასში სრულფასოვანი თამაშის შოუც კი ეტევა.












