12
Sep
2019

KFC, წყვილებს, ქორწილის ორგანიზებაში დაეხმარება

12 Sep 2019

KFC, ავსტრალიაში, მომხმარებელს, საქორწინო სერვისს სთავაზობს. The Drum-ის ინფორმაციით, ეს დროებითი პროექტია და 28 ოქტომბრიდან 31 მაისამდე, სატესტო რეჟიმში იმუშავებს. შემდეგ კი, თუ ინტერესი იქნება, კომპანიის ხელმძღვანელობა არ გამორიცხავს, სიდნეისა თუ მსოფლიოს სხვა ქალაქებში მუდმივი სერვისის სახით დანერგონ.

პროექტის მხარდასაჭერად პრინტ კამპანია, თემატურ ბეჭდურ მედიაში, უკვე „გაეშვა“. სწრაფი კვების რესტორნების ქსელისთვის ერთი შეხედვით უცნაური შეთავაზების იდეა სააგენტო Ogilvy Sydney-ის ეკუთნის. KFC-იმ რომ საქორწინო წვეულება დაუგეგმოს, წყვილი, ამ ეტაპზე, კონკურსში უნდა ჩაერთოს. პროცედურა საკმაოდ მარტივია – ნებისმიერი მსურველი განაცხადს კომპანიის ოფიციალურ გვერდზე ავსებს. გამარჯვებულს, ბრენდი, თემატურად გაუფორმებს ქორწილს. სასაჩუქრე პაკეტში, ასევე, შედის: თაიგული, ფოტოსესია KFC-ის სტილში და ღონისძიების მუსიკალური გაფორმება. Canberra Times-ის შეფასებით, საჩუქრის ღირებულება, დაახლოებით, $35 ათასია.

„გასული წლების მანძილზე, KFC-ის Facebook გვერდზე არაჩვეულებრივ კომენტარებს გვიტოვებდნენ და საოცარ წინადადებებს გვთავაზობდნენ ჩვენი ერთგული მომხმარებლები, არა მხოლოდ ავსტრალიის, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამის გამო, გადავწყვიტეთ, KFC-ის საქორწინო მომსახურება შეგვექმნა. ვფიქრობთ, რომ ეს სერვისი ერთჯერადი არ უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება მეტ ერთგულ მომხარებელს მივცეთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს და გაიმარჯვოს კონკურსში. სწორედ ამიტომ გრძელდება ჩვენი კამპანია 8 თვეს და ყველას, ვინც ავსტრალიაში ცხოვრობს, აქვს შანსი მოიგოს არაჩვეულებრივი საჩუქარი“.

ბრენდის იდეას მიესალმებიან საქართველოს წარმომადგენლობაში.

KFC-იმ, როგორც ყოველთვის, ახლაც ძალიან ინოვაციური კამპანია დაიწყო. ამ ეტაპზე, ადგილობრივ წარმომადგენლობაში არ განიხილება მსგავსი მომსახურების დანერგვა. თუმცა, ზოგადად, მივესალმებით ასეთ ინიციატივებს და მზად ვართ, საერთო გადაწყვეტილების შემთხვევაში, ჩვენც შევთავაზოთ სიახლეები მომხმარებელს“, – ამბობს საქართველოში KFC-ის მარკეტინგის მენეჯერი ნინო მიშელაძე.

განხილვა