in

„ხალისი” – ხელნაკეთი დეკორაციული საკიდების სახელოსნო, ბავშვობის მეგობრების სტარტაპი

Startauperi
Startauperi

ორმა ბავშვობის მეგობარმა „ხალისი” თვენახევრის წინ შექმნა. ერთ-ერთი მათგანის ავტოფარეხში მოწყობილ სახელოსნოში, ჯერჯერობით, დეკორაციული საკიდები იქმნება, სამომავლოდ კი, „ხალისის” შემქმნელები – ელენე სხირტლაძე და კოტე თოხაძე, პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავენ. ნაწარმი მზადდება ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან. სახალისო, მეგობრული სტარტაპის თავისებურებებზე მარკეტერი მის ერთ-ერთ შემქმნელს – ელენე სხირტლაძეს ესაუბრა: 

M: როგორ შექმენით „ხალისი” და როგორია მისი კონცეფცია?
ხალისი ჩვენი ბავშვობის უკვე ნაწილობრივ ახდენილი ოცნებაა. ბავშვობიდან ვქმნიდით ხელნაკეთ ნივთებს, ასევე, ვხატავდით და სიამოვნებას გვანიჭებდა ამა თუ იმ ნივთის დამზადების პროცესი. გადავწყვიტეთ სიამოვნება გვექცია ბიზნესად. სახელი „ხალისი” გამოხატავს ჩვენს მდგომარეობას ჩვენი პროდუქციის შექმნისას, გვჯერა, რომ ის განწყობა, რომელიც ჩვენ მუშაობისას გვქონდა, მომხმარებელზეც გადავა.

M: რა სირთულეები შეგხვდათ იდეის განხორციელებისას?
ერთადერთი სირთულე უკავშირდებოდა კონკრეტული პროდუქტების შექმნის პროცესს, ბევრს ვმუშაობდით, რომ დაგვეხვეწა ჩვენი ნაწარმი, რადგან არ გვქონდა გაყიდვადი პროდუქციის წარმოების გამოცდილება.

M: როგორია პროდუქტზე მუშაობის პროცესი? ერთად ქმნით დიზაინს და მუშაობთ კონკრეტული ნაწარმის შექმნაზე თუ ცალ-ცალკე?
ორივენაირი შემთხვევა გვქონია. ყოველთვის ერთად ვერ ვმუშაობთ, ხან ისეა, რომ ერთ პროდუქტზე მხოლოდ ერთი მუშაობს, ხან კი ერთზე რამდენიმე.

M: რა გამოგარჩევთ ხელნაკეთი ნივთების სხვა სახელოსნოებისგან?
ჩვენ ვიყენებთ დეკუპაჟის ტექნიკას, რაც არ არის გავრცელებული, ჯერჯერობით. ეს არის ხეზე და სხვადასხვა ზედაპირებზე ნახატების ისე დატანა, რომ ერთი მთლიანობა იყოს და ქმნიდეს ერთიან ეფექტს. ამას ვასრულებთ ხელით, ეს არის ჩვენი ბრენდისთვის დამახასიათებელი ნიშანი.

M: სამომავლოდ, რა სახის პროდუქციის შეთავაზებას გეგმავთ მომხმარებლისთვის და რა ღირს „ხალისი”?
ახლო მომავალში ვგეგმავთ პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას და გვექნება სანათები, ჩარჩოები და სხვადასხვა ნივთები. ჩვენი საკიდების ფასი იწყება 10 ლარიდან და მერყეობს 25 ლარამდე.

პრინტ კამპანია გარემოს დაბინძურების მძიმე შედეგებთან დაკავშირებით

შრიფტების კონკურსი „ქართული ა“ – ახალი ფონტები და ინიციატივის შედეგების შეფასება