in

“ხანის აკადემიის” კომპიუტერული პროგრამირების გაკვეთილების ქართულად თარგმნა იწყება

მობილური ოპერატორი „ვიონი საქართველო“ (ბრენდი „ბილაინი“), საგანმანათლებლო ფონდ Educare Georgia-ს პროექტის, “ხანის აკადემიის” (Khan Academy) კომპიუტერული პროგრამირების უფასო კურსის ქართულად თარგმნის მხარდამჭერი გახდა. ხსენებული პროექტის შედეგად, ქართულ ენაზე ითარგმნება და ადგილობრივ მოთხოვნებს მოერგება საერთაშორისოდ აღიარებული საგანმანათლებლო რესურსის,  კომპიუტერული პროგრამირების საფუძვლების გაკვეთილები და უფასოდ ხელმისაწვდომი იქნება საქართველოში ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც პროგრამირების შესწავლა სურს.

BOG
BOG

„ხანის აკადემია“ მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი უფასო საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელშიც წარმოდგენილია ათასობით ვიდეოგაკვეთილი და პრაქტიკული სავარჯიშო მათემატიკაში, ბიოლოგიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, კომპიუტერულ პროგრამირებაში, ეკონომიკაში, ხელოვნებასა და სხვა საგნებში. ამ პროექტთან დაკავშირებით, Marketer.ge “Educare Georgia-ს” დამფუძნებელს, გიორგი ჯიბლაძესა და “ვიონი საქართველოს” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, სოფო ბალავაძეს ესაუბრა:

M: რა მნიშვნელობისაა “ხანის აკადემია” ქართველი ახალგაზრდებისთვის?

გიორგი ჯიბლაძე: “ხანის აკადემიის” უპირატესობა არის ის, რომ არის ყველასთვის უფასო, მთლიანი პლატფორმის გამოყენება შეუძლია ყველას, ვისაც ინტერნეტი აქვს. “ვიონის” მხარდაჭერით ხდება კომპიუტერული პროგრამირების გაქართულება. იგი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა დღესდღეობით და მისი მოთხოვნა უფრო მეტია, ვიდრე ბაზარზე მიწოდება. შესაბამისად, ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება, დამოუკიდებლად ისწავლონ პროგრამირება.

M: რა სეგმენტზეა გათვლილი ეს აკადემია?

გ.ჯ: ზოგადად, ინგლისური “ხანის აკადემია” დიდ სეგმენტზეა გათვლილი, იგი მოიცავს როგორც სკოლის მოსწავლეებს, ისე სტუდენტებსაც. თუმცა, მას ბევრი ზრდასრული ადამიანიც იყენებს საკუთარი პროფესიისთვის. ჯერჯერობით რასაც ვაკეთებთ ქართულ ვარიანტში, გათვლილია სკოლის მოსწავლეებისთვის. თუმცა, რასაკვირველია, სტუდენტებსაც გამოადგებათ გადასამეორებლად და ცოდნის განსამტკიცებლად.

M: ბილაინის მხარდაჭერას ამ პროექტში რა როლი აქვს?

გ.ჯ: ფაქტობრივად, ეს არის დაფინანსება, რომელიც გვაძლევს საშუალებას, გვყავდეს ვიდეოკონტენტის შემქმნელები, იქნებიან ესენი მემონტაჟეები, ხარისხის შემმოწმებლები, ისინი, ვინც ქმნიან ტექსტუალურ მასალას, რაც გულისხმობს საგანმანათლებლო ტექსტებსა და ტესტებს. გვყავს ასევე ხარისხის მართვის გუნდი, რომელიც ამოწმებს მასალას როგორც მეცნიერულად, ისე ინგლისურად, მერე კი ხდება ამ ყველაფრის ატვირთვა და პოპულარიზაცია მოსწავლეებში. სწორედ ამ ყველაფერში დაგვიჭირა მხარი “ვიონმა” და დააფინანსა აღნიშნული სამუშაოები.

„ბილაინის მიზანია, რაც შეიძლება მეტ მომხმარებელს მიეცეს წვდომა ხარისხიან და ხელმისაწვდომ მობილურ ინტერნეტზე. გქონდეს ინტერნეტი, ნიშნავს წვდომას ინფორმაციაზე, საგანმანათლებლო რესურსებსა და ახალ შესაძლებლობებზე. ფაქტობრივად, დღეს განათლება ინტერნეტის გარეშე წარმოუდგენელია. მსოფლიოში აღიარებული უფასო საგანმანათლებლო რესურსი „ხანის აკადემია“ ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, როგორ შეიძლება ადამიანმა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, უფასოდ მიიღოს განათლება ინტერნეტით. ზოგადი განათლების, მათ შორის ე.წ. digital literacy -ს გავრცელება ხომ უკეთესი, პერსპექტიული მომავლის და წარმატებული კარიერის, თუ საქმიანობის საფუძველია. მაშინვე დავთანხმდით Educare Georgia-თან თანამშრომლობას, როგორც კი მოგვმართეს ინიციატივით. გადამწყვეტი იყო, რომ Educare Georgia-ს მიზანი ინტერნეტისა და  თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, მსოფლიო დონის განათლება საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისათვის ხელმისაწვდომი გახადოს, პირდაპირ ეხმიანება ჩვენი კომპანიის მისწრაფებას. დარწმუნებული ვართ, ბევრ ადამიანს, დიდსა და პატარას გამოადგება კომპიუტერული პროგრამირების უფასო გაკვეთილები და ეს ძალიან გვახარებს“ – სოფო ბალავაძე, „ვიონი საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი.

„ხანის აკადემიის“ ქართულენოვანი პლატფორმის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ასევე YouTube-ის არხს.

[R]

სათამაშოების მაღაზიათა ქსელმა „პეპელამ“ საახალწლო კამპანია დაიწყო 

მსოფლიო მედია საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ