ალბათ, ბავშვობის მოგონებებიდან ყველას განსაკუთრებული სიყვარულით გვახსენდება ე. წ. „ციგებს“ რომ შემოვახტებოდით და ყოველგვარი შიშისგან დაცლილები მივექანებოდით დაღმართზე. გულწრფელად გითხრათ, არ ვიცი, საიდან გვქონდა ამხელა გამბედაობა — არც ამოყირავება გვაშინებდა, არც სიჩქარე და არც ერთმანეთთან შეჯახება. უბრალოდ ვიცოდით, რომ თუ დაღმართზე დავეშვებოდით, ისევ ფეხით უნდა აგვევლო იმავე გზა და ასე უსასრულოდ, ვიდრე ან არ დავიღლებოდით, ან სახლში ასვლის დრო არ დადგებოდა…
სწორედ ამ ბავშვური ნოსტალგიითაა შთაგონებული იმერული ტურიზმის კლუბის მიერ ორგანიზებული „ხანის დრიფტი“, რომელიც 28-29 ოქტომბერს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანში ჩატარდება. ეს არის ორდღიანი სათავგადასავლო ფესტივალი-შეჯიბრი, სადაც თვითმავალ „საგრიალოებს“ იყენებენ — ხის ბორბლებიან მოწყობილობებს, საკმაოდ მინიმალისტური, უბრალოდ და ძველებური დიზაინით შთაგონებულს.
„რა თქმა უნდა, იდეა ბავშვობის პერიოდს უკავშირდება, რომელიც ამ ზაფხულს ერთიანად შეგვახსენეს პატარებმა — სოფელ ხანში ვიყავით ერთ-ერთი პროექტის ორგანიზებისას, საღამოს კი ბავშვებმა თავიანთი „საგრიალოები“ გამოიტანეს და თამაში დაიწყეს… ამაღლებული ადგილებიდან ეშვებოდნენ. ეს სცენა იმდენად მშვენიერად მოგვეჩვენა, რომ იქვე გაგვიჩნდა იდეა, ზრდასრულებისთვის მიგვეცა ამგვარ შეჯიბრში მონაწილეობის საშუალება“, — ამბობს ალექსანდრე პაიკაძე, იმერული ტურიზმის კლუბის დამფუძნებელი.
პატარაობის პერიოდზე ბევრს კი ვსაუბრობთ, მაგრამ ამ ეტაპზე ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ ფესტივალი-შეჯიბრი მხოლოდ ზრდასრულებისთვის ჩაატარონ — შესაბამისად, ასაკობრივი შეზღუდვა მოქმედებს და მხოლოდ 18 წლის ზემოთ პირებს შეეძლებათ მონაწილეობის მიღება. „ვინაიდან პირველად ვატარებთ მსგავსი ტიპის ფესტივალს, უსაფრთხოების მიზნით, მაინც ზრდასრულებზე ვაკეთებთ ძირითად აქცენტს. სამომავლოდ კი სხვა ასაკობრივი ჯგუფიც დაემატება“.
აქვე აღსანიშნავია, რომ სპეციალურად ფესტივალისთვის ახალი, მაღალი ხარისხის საგრიალოები დაამზადეს, რათა სხვადასხვა წონის ადამიანებს სრულად გაუძლოს და გამართულად იმუშაოს. ვიზუალი ძველებური, ბავშვური აქვს, მაგრამ გამძლეობა გაცილებით დიდი. „ჩვენც დავეშვით, როგორც კი ეს ახალი მოდელები დაგვიმზადეს და იცით, როგორი განცდა იყო? თითქოს წლებით უკან დავბრუნდით, პატარები ვიყავით და არაფერი გვადარდებდა, უბრალოდ დაღმართზე ვეშვებოდით სრულიად თავისუფლები, გულწრფელი სიხარულით სავსენი“, — აღნიშნავს ალექსანდრე.
ფესტივალი ორი დღისგან შედგება:
- დღე პირველი: გაიმართება საკვალიფიკაციო დაშვებები — ნაჩვენები შედეგების მიხედვით, მონაწილეები გადანაწილდებიან ნახევარფინალურ ჯგუფებში. ნახევარფინალში გადავლენ მხოლოდ ის მონაწილეები, რომლებიც საკვალიფიკაციო დროში დაეშვებიან.
- დღე მეორე: გაიმართება ნახევარფინალები და ფინალური დაშვება. ფესტივალს სამი გამარჯვებული ეყოლება. პრიზები კი ასე გადანაწილდა: პირველი ადგილი — მოტობლოკი კომპანია ბაუმასგან; მეორე ადგილი — 500 ლარი; მესამე ადგილი — 300 ლარი.
გაითვალისწინეთ, ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.