in

როგორ ხდება ხარისხიანი ჩაის შერჩევა?

ჩაის მოყვარულთა სხვადასხვა კატეგორია არსებობს. ზოგიერთები არჩევანის გაკეთებისას ბრენდს უყურებენ, ზოგიერთები ფასის მიხედვით განსაზღვრავენ, თუ რომელი ჩაი შეიძინონ, ზოგი დეტალურად შეისწავლის შემადგენლობას და აკვირდება, აქვს თუ არა პროდუქტს რაიმე სახით დანამატები; ისეთებიც არსებობენ, სულერთი რომ არის და ნებისმიერი ჩაის დალევა სიამოვნებას რომ ანიჭებთ, თუმცა ჩვენ დავინტერესდით, რას ეძახიან სპეციალისტები ხარისხიან პროდუქტს და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება…

დავიწყოთ ფოთლის ვიზუალით…

იმისათვის, რომ გადაწყვიტოთ, როგორ აირჩიოთ ხარისხიანი ჩაი ყიდვამდე, ჯერ უნდა დააკვირდით ფოთლის შესახედაობას. ჩაის ფოთლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი მისი სიახლეა, ანუ ის არ უნდა იყოს ძალიან ძველი.

ახალ ფოთოლს რამდენიმე ფაქტორით გაარჩევთ მოძველებულისაგან:

  1. მას აქვს მკვეთრი, მაგრამ მსუბუქად სასიამოვნო არომატი და არა ძალიან მძიმე. გაითვალისწინეთ, რომ მძიმე არომატების მქონე ჩაი ხელოვნური დანამატების არსებობაზე მიგვანიშნებს;
  2. ფერი – კარგი და ახალი ჩაის ფოთლის ფერი არც ძალიან ჩამქრალია, არც ზედმეტად ნათელი, თუმცა აქვე ისიც გაითვალისწინეთ, რომ ფერით გადამოწმების დროს ჩაის ჯიში უნდა იცოდეთ, რადგან, მაგალითად, ჰეი ჩასა და პუ ერის ჯიშებში მიზანშეწონილი უფრო მუქი ფერებია და სპეციალურად აძველებენ, რომ ასეთი ფერი მიიღოს;
  3. ბუნებრივობა – ხარისხიანი ჩაი, რა თქმა უნდა, არ უნდა შეიცავდეს ხელოვნურ დანამატებს, როგორებიცაა არომატიზატორები და საღებავები. კარგად დააკვირდით აღწერას შეფუთვაზე. როგორც წესი, თუ ასეთი დანამატები არსებობს, პროდუქტის აღწერაში ისინი მითითებულია;
  4. მთლიანი ფოთლები – თუ პროდუქტს ამჩნევთ, რომ მტვრის კონსისტენცია აქვს ან ტოტების ნაწილაკები ყრია, ეს ცუდი ხარისხის ნიშანია;
  5. ერთგვაროვნება – მნიშვნელოვანია, რომ ჩაის ფოთლებს ერთგვაროვანი სტრუქტურა ჰქონდეს. ისინი ერთი და იმავე ზომის, ფერისა და ფორმის თუ არ არის, ღირს დაფიქრება, თუ რამდენად ხარისხიან პროდუქტს ვყიდულობთ;

ფოთლის ზომები – რომელია უკეთესი?

ჩაის ფოთოლი სხვადასხვა ზომის არის: მსხვილფოთლიანი, საშუალო და წვრილი.

მსხვილფოთლიანი ჩაი ყველაზე ძვირფასად ითვლება, რადგან იგი მზადდება ახალგაზრდა ფოთლებისგან და წვეროებისგან. აქვს მკვეთრად გამორჩეული გემო და მის მოხარშვას შედარებით დიდი დრო ესაჭიროება.

საშუალო ფოთლების მქონე ჩაი მსხვილთა შედარებით იაფი ღირს, რადგან იგი მზადდება როგორც დიდ ფოთოლს, ისე ყლორტებს, რომლებიც წარმოებისას შეჰყვა პროდუქტს. ითვლება, რომ ის არ არის ისეთი ხარისხიანი, როგორც მსხვილფოთლოვანი, თუმცა უფრო სწრაფად იხარშება და მაინც გემრიელია.

რაც შეეხება წვრილფოთლიანს, ამ ნედლეულს სამრეწველო პროცესით იღებენ, რაც ხშირად აზიანებს მის სტრუქტურას. იგი მალე მწიფდება, მაგრამ აქვს უფრო მომჟავო გემო და სუსტი ფერი.

როგორია ნამდვილი ჩაის გემო…

ვიზუალურ მხარეს რომ დიდი მნიშვნელობა ჰქონია, ალბათ უკვე ცხადია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ხარისხიანი ჩაი, ვიზუალურთან ერთად გემოთიც გამოირჩევა. ნამდვილ ჩაის, რომელიც მინარევების გარეშეა დამზადებული, იმდენად ძლიერი გემო აქვს, რომ მისი დალევის შემდეგაც ეს არომატი ჭურჭელშიც რჩება და თუ, რა თქმა უნდა, ჩაის მიღების შემდეგ დამატებით არაფერს მივირთმევთ, ხარისხიანი ჩაის გემო ჩვენს რეცეპტორებსაც დიდხანს უნდა გაჰყვეს.

კიდევ ერთი საინტერესო მითითება, რომელიც ხარისხიანი ჩაის გემოს შესახებ შეგვიძლია მოგცეთ ისაა, რომ ერთხელ გამოყენებულ ჩაის ფოთლებს ხშირ შემთხვევაში, მეორედ მოხარშვისას არ უნდა დაეკარგოს თავისი არომატები. ეს განსაკუთრებით მწვანე ჩაის ეხება, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჩაის მომზადების, მოხარშვის ტექნოლოგიაც უნდა დავიცვათ და სწორად დავაყენოთ.

შეფუთვა და ვადები…

თუკი გემრიელი და ხარისხიანი ჩაის შერჩევა გსურთ, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორთან ერთად შეფუთვაც უნდა გაითვალისწინოთ.

ზოგადად, ითვლება, რომ შეფუთვის მერე ჩაი ნელ-ნელა თავის არომატებს კარგავს და იდეალური დრო მის შესანახად 6 თვე არის. პლასტმასის შეფუთვაში ჩაის გემო კიდევ უფრო სწრაფად იკარგება, ამიტომ ყიდვისას ეგეც გაითვალისწინეთ, რომ უმჯობესია, არჩევანი ქაღალდში შეფუთულ ჩაიზე გააკეთოთ. რაც უფრო ახლოსაა ერთმანეთთან შეფუთვისა და შეძენის თარიღები, მით უფრო ხარისხიანი და არომატული იქნება თქვენ მიერ შეძენილი ჩაი.

ეს ის ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტებია, რასაც ყველა ჩაიმოყვარულმა უნდა მიაქციოს ყურადღება. აუცილებლად გაითვალისწინეთ მოცემული ინფორმაცია და თქვენი ჩაის სმის პროცესი კიდევ უფრო სასიამოვნო გახდება.

რუბრიკის წარმდგენია მანნა.

Google 18 წლამდე მომხმარებლებისთვის რეკლამებს დაბლოკავს

Protected: როგორ ჩამოყალიბა LSG Solutions-მა მშენებლობის მენეჯმენტის საერთაშორისო სტანდარტი საქართველოში