in

სად ვიპოვოთ ხარისხიანი ფოტოები? 3 უფასო პლატფორმა კონტენტ-კრეატორებისთვის

ბლოგპოსტისთვის, სოციალური ქსელისთვის ან პრეზენტაციისთვის ფოტოს ლეგალურად პოვნა ხშირად ისეთივე დამღლელი და არასასიამოვნო პროცესია, როგორც საგადასახადო დეკლარაციის შევსება. ყველას გვსურს, ვიპოვოთ მაღალი ხარისხის, რელევანტური და – ყველაზე მთავარი – უფასო მასალა. არსებობს სამი ონლაინ რესურსი, რომლითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ

დავიწყოთ Unsplash-ით, სადაც მაღალი რეზოლუციის ფოტოები იყრის თავს. სულერთია, რას ეძებთ – თვალწარმტაც პეიზაჟებს, პორტრეტებს თუ არტ-ნატურმორტებს – აქ მათ აუცილებლად იპოვით. Unsplash-ს უმაღლესი დონის საძიებო სისტემა და ფოტოების იმდენად დიდი არჩევანი აქვს, რომ თქვენს საჭიროებებზე მორგებული ვიზუალის პოვნა გარანტირებულია. რაც ყველაზე მთავარია, ლიცენზირება ძალიან მარტივია: ფოტოების გამოყენება სრულიად უფასოა როგორც კომერციული, ისე არაკომერციული მიზნებისთვის და არც ავტორის მითითებას ითხოვს.

უფასო ფოტოების სამყაროში კიდევ ერთი გიგანტი Pexels-ია. Unsplash-ის მსგავსად, ისიც გამოირჩევა ხარისხიანი ფოტოების მასიური ბიბლიოთეკით, თუმცა აქვს ერთი დიდი ბონუსიც – საიტი უფასო „სტოკ“ ვიდეოებსაც გვთავაზობს. ინტერფეისი იმდენად სუფთა და ინტუიციურია, რომ მასალის ძებნა და გადმოწერა უმარტივესია. ის, რაც Pexels-ს სხვებისგან გამოარჩევს, თემატური კოლექციებია. გჭირდებათ ფოტოები ტექნოლოგიურ ბლოგისთვის? მათ ამისთვის ცალკე კოლექცია აქვთ. ეძებთ კვების ფოტოგრაფიას? არც ესაა პრობლემა. ეს შესანიშნავი გზაა ახალი და რელევანტური ვიზუალების აღმოსაჩენად ისე, რომ ათასობით ფოტოში ძებნა არ მოგიწიოთ.

ჩვენს სამეულს Pixabay ასრულებს, რომელიც ჭეშმარიტი მულტიფუნქციური პლატფორმაა. საიტი გვთავაზობს ილუსტრაციებს, ვექტორულ გრაფიკას, ვიდეოებს, მუსიკალურ ტრეკებსა და ხმის ეფექტებსაც კი. მრავალფეროვნება მართლაც შთამბეჭდავია, რაც Pixabay-ს შეუცვლელს ხდის მაშინ, როცა სტანდარტულ ფოტოზე მეტი გჭირდებათ. პლატფორმას კონტრიბუტორების უზარმაზარი ბაზა ჰყავს, რაც სტილისა და თემატიკის მრავალფეროვნებას განაპირობებს. აღსანიშნავია ძლიერი ფილტრაციის სისტემაც, რომელიც საშუალებას გაძლევთ, შედეგები დაავიწროოთ ორიენტაციის, ფერის და მედიის ტიპის მიხედვით.

წყარო: Fastcompany

Communal Hotels – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტის ისტორია

East Point-მა ახალი სივრცის გახსნა განსაკუთრებული კოლაბორაციით აღნიშნა