როგორც უკვე იცით, Spotlight მემკვიდრეობამ 23-24 დეკემბერს დიდი წარმატებით ჩაიარა და მასში 40-ამდე სპიკერი მონაწილეობდა როგორც პერსონალური გამოსვლების, ისე მასტერკლასების მიმართულებით. ერთ-ერთი ასეთი სამუშაო შეხვედრა ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიატმა, Miami Ad School-ის კურსდამთავრებულმა, ხატია არველაძემ ჩაატარა, რომელიც პროფესიით არტ დირექტორია და გერმანიაში, სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, სწორედ ამ სპეციალობით გადიოდა სწავლებას. მოგვიანებით კი ხატია იქაურ სარეკლამო სააგენტოში, Think-შიც მუშაობდა.
Spotlight-ზე ხატიას სასაუბრო თემა იყო „დაიწყე (შენი) თავიდან”. ეს სათაური შეიძლება ბევრნაირად გავიგოთ, თუმცა ხატიას მიზანი იყო, დამსწრე აუდიტორიისთვის ეჩვენებინა, როგორ უნდა შექმნა საკუთარი თავისგან ბრენდი, როგორ უნდა შექმნა ისეთი პორტფოლიო, რომელიც შენ შესახებ მრავლისმთქმელი იქნება და როგორ უნდა ისწავლო ფიქრი საკუთარი თავის, როგორც დამკვეთებისთვის მიმზიდველი პროფესიონალის შესახებ.
მასტერკლასს არაერთი ადამიანი ესწრებოდა სხვადასხვა სფეროდან. ისინი სიამოვნებით ჩაერთნენ ხატიას ინტერაქციულ სამუშაო პროცესში, ბლოკნოტებში საკუთარი თავის აღწერა დაიწყეს და შემდეგ ხატიას გაუზიარეს შედეგი.
ხატია არველაძე, Spotlight-ის სპიკერი, ნიკა გუჯეჯიანის სტიპენდიატი:

„თემა – „დაიწყე (შენი) თავიდან” ავირჩიე იმიტომ, რომ ის ეხებოდა პორტფოლიოს შექმნასა და საკუთარი თავის კონცეპტის მნიშვნელობას ამ პროცესში. თავის დროზე მე თვითონ ბევრი დრო და რესურსი დამჭირდა იმისთვის, რომ სწორი გზა მეპოვა და ვფიქრობ, გარკვეული გამოცდილება დავაგროვე, რაც შეიძლებოდა საინტერესო ყოფილიყო აუდიტორიისთვისაც და ვეცადე, ეს გამოცდილება გამეზიარებინა”.
M: თქვენ როგორ იპოვეთ საკუთარი იდენტობა, რომელიც შემდეგ ბრენდად გარდაქმენით?
მეც ბევრი ცდით, შედეგით უკმაყოფილებით და შემდეგ ისევ ბევრი ცდით მივაგენი იმ იდენტობას, რომელიც საბოლოოდ „სწორი” აღმოჩნდა ჩემი პორტფოლიოს შექმნისთვის. ამ გზაზე რაღაც ეტაპზე მივხვდი, რომ სუბიექტური არ უნდა ვყოფილიყავი და საკუთარ თავს დამკვეთივით მივუდექი. როგორც კარგი იდეის მოფიქრებას სჭირდება ბევრი კვლევა, ფიქრი და ტვინის გავარჯიშება, ასევეა პერსონალურ ბრენდინგიც – ბევრი ინსაითი უნდა ვეძებოთ ჩვენ შესახებ და ცოტა შორიდან დავაკვირდეთ თავს.
M: რა საჭიროა საკუთარ ბრენდინგზე მუშაობა და შეიძლება თუ არა ცუდმა პორტფოლიომ ხელი შეუშალოს ადამიანს დასაქმებაში?
კონკრეტულ გარემოებებსა და მოცემულობებზე ბევრია დამოკიდებული, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მგონია, რომ ხელისშემშლელია ცუდი პორტფოლიო, რადგან პირველი შეფასება მაინც ნამუშევრებით ხდება. თან, რაც უფრო იზრდება კონკურენცია, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება ინდივიდუალიზმი, რადგან კარგი ნამუშევრების შექმნა უკვე ძალიან ბევრ ადამიანს შეუძლია. ამიტომ უნდა ვეძებოთ ჩვენში ის განსაკუთრებულობა, რასაც განსაკუთრებულად ვთარგმნით ჩვენს ნამუშევრებში. სწორედ ამისთვისაა საჭირო საკუთარ თავზე, როგორც ბრენდზე მუშაობა. ეს უფრო გვაახლოებს როგორც ჩვენს თავებთან, ასევე პროფესიასთან. მე პირადად ამ პროცესში უფრო მეტად მივხვდი, რა მომწონს, რისი კეთება უფრო მინდა – სამომავლოდ როგორ გავაგრძელებდი ჩემს საქმიანობას და ა.შ.
M: და ბოლოს Spotlight-ის მთავარ თემაზე, მემკვიდრეობაზე გკითხავთ – თქვენი აზრით, რა მემკვიდრეობას ტოვებენ კრეატიულ სფეროში მოღვაწე ადამიანები?
ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე გვიწევს სარეკლამო სფეროში მოღვაწეობა – განვითარებისა და ბევრი ცოდნა/გამოცდილების დაგროვების. იმედი მაქვს, რომ მემკვიდრეობად ვტოვებთ ძალიან კარგ საფუძველს, რომელიც სამომავლოდ კიდევ უფრო ბევრ წარმატებას განაპირობებს.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი