in

ქართველი ილუსტრატორის, ხატია ჩიტორელიძის ნამუშევრები Bologna Children’s Book Fair 2021-ის ფინალშია

ქართველი ილუსტრატორის, ხატია ჩიტორელიძის ნამუშევრები, Bologna Children’s Book Fair 2021-ზე, ფინალისტთა შორის მოხვდა. გამოფენის გამარჯვებულებს ივნისში დაასახელებენ. „ბოლონიის წიგნის ბაზრობას“ 55-წლიანი ისტორია აქვს. ღონისძიებაზე, ყოველ წელს, თავს იყრიან ამ სფეროში მომუშავე პროფესიონალები, მსოფლიოს 80 ქვეყნიდან – გამომცემლობები, ილუსტრატორები, აგენტები, დიზაინერები, მთარგმნელები და სხვა.

„ცხოველების მუზეუმი – Bologna Children’s Book Fair 2021-ის ფინალისტი, ხატია ჩიტორელიძის ილუსტრაცია

„კონკურსის თემა და ნამუშევრების ტექნიკა ყოველთვის თავისუფალია, მთავარია, იყოს ერთი სერია. კონკურსში მონაწილეობისთვის, სავალდებულოა 5 ილუსტრაციის გაგზავნა. მე ის ნამუშევრები შევარჩიე, რომელზეც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობდი. გამოფენის ფინალში, უკვე შემდგარი, ძალიან წარმატებული ილუსტრატორების ნამუშევრებია, მსოფლიოს 68 ქვეყნიდან. საქართველოდან, ჯერჯერობით, პირველი ვარ, ვინც ამ გამოფენაზე მოხვდა და ჩემთვის, როგორც არტისტისთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს“, – ამბობს ხატია ჩიტორელიძე.

„ცხოველების მუზეუმი – Bologna Children’s Book Fair 2021-ის ფინალისტი, ხატია ჩიტორელიძის ილუსტრაცია

თუმცა, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ნამუშევრები Bologna Children’s Book Fair-ზე გააგზავნა. გამოფენის „შორტ ლისტში“, პირველად, 2016 წელს მოხვდა. ამბობს, რომ ეს მისთვის, როგორც დამწყები ილუსტრატორისთვის უზომოდ დიდი წარმატება იყო.

ხატია ჩიტორელიძე

„კონკურსში მისაღებად, ილუსტრატორებსა და მათ ნამუშევრებს, საერთაშორისო, მოწვეული ჟიური არჩევს. საბოლოოდ კი, 3000-ზე მეტი კონკურსანტიდან, 77 გამარჯვებულს ასახელებს. გამოფენის „შორტ ლისტში“, პირველად 2016 წელს მოვხვდი, რაც ჩემთვის, მაშინ როგორც დამწყები ილუსტრატორისთვის უზომოდ დიდი წარმატება იყო. შერჩეული ნამუშევრები ღონისძიების ფარგლებში გამოსულ კატალოგში შევიდა, ბაზრობის დასრულების შემდეგ კი ისეთ საგამოფენო სივრცეებში გამოიფინა, როგორებიცაა: COLUMBIA COLLEGE CHICAGO’S AVERILL AND BERNARD LEVITON GALLERY (USA); ITABASHI ART MUSEUM, (TOKYO); NISHIMOMIYA CITY OTANI MEMORIAL ART MUSEUM (HYOGO;) BEIJING’S TODAY ART MUSEUM (CHINA). წელს, კონკურსი განსხვავებული ფორმატით ჩატარდა კონკურსი, 77 გამარჯვებული ილუსტრატორისა და მათი ნამუშევრების გარდა, ჟიურიმ შეარჩია, კიდევ დამატებით, 226 ფინალისტი ილუსტრატორი, სწორედ მათ შორის მოვხდი მე და ჩემი ნამუშევრები“.

„ცხოველების მუზეუმი – Bologna Children’s Book Fair 2021-ის ფინალისტი, ხატია ჩიტორელიძის ილუსტრაცია
„ცხოველების მუზეუმი – Bologna Children’s Book Fair 2021-ის ფინალისტი, ხატია ჩიტორელიძის ილუსტრაცია

ხატია ჩიტორელიძე პროფესიით ილუსტრატორია, სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ, ილუსტრატორთა ჯგუფთან ერთად, ერთ სახელოსნო სივრცეში მუშაობდა.

„ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი გამოცდილება და ჩემი, როგორც ილუსტრატორის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. უზომოდ საინტერესოა, უყურო, როგორ მუშაობენ სხვები, გაუზიარო და გაცვალო აზრები მათთან და თან, ისწავლო ძალიან ბევრი რამ, მიიღო ჯანსაღი კრიტიკა და განვითარდე“.

ავტორი – ხატია ჩიტორელიძე

თქვენს ნამუშევრებზე რომ გვიამბოთ? 

ხატია ჩიტორელიძე: უფრო საბავშვო ილუსტრაციებს ვქმნი, მიყვარს ზღაპრებზე მუშაობა. ვფიქრობ, ეს საქმე განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა, ვინაიდან ბავშვობაში ნანახი ხშირად მთელი ცხოვრება მიგვყვება ხოლმე და ერთგვარ გავლენასაც ახდებს ჩვენს წარმოდგენებზე. პერიოდულად, ვთანამშრომლობ ჟურნალებთან.

თქვენს სტილზე რა შეგიძლიათ გვითხრათ? 

ჩემს ნამუშევრებს უფრო ვინტაჟური ელფერი აქვს, მე ასე ვხედავ. უმეტესად, ცხოველებს ვხატავ, გაადამიანურებულ ცხოველებს. ის მომენტი, როცა ხატვას ვიწყებ და ნელ-ნელა ცოცხლდება ჩემი ჩანაფიქრი, არაფერი შეედრება. ამ დროს ყველაზე მეტად ვგრძნობ, რომ მე მე ვარ და არა ვინმე სხვა, ვგრძნობ რაღაცა ძალას, რომელიც ჩემია.

ილუსტრაციების გარდა, წიგნის დიზაინზეც მუშაობთ. 

პარალელურად, რამდენიმე წელია, ვთანამშრომლობ გამომცემლობებთან. საერთოდ, ძალიან მიყვარს წიგნის ყდაზე და მის დიზაინზე მუშაობა.

„Feel This, Not That“ – დიზაინერი ხატია ჩიტორელიძე
„თანამედროვე კლასიკოსები“, გამომცემლობა „სიესტა“ – დიზაინერი ხატია ჩიტორელიძე

მუდმივად ვცდილობ, მონაწილეობა მივიღო სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებში. ასე მოხვდა ჩემი ორი საბავშვო წიგნის ილუსტრაციები „ნამის“ კონკურსის „შორტ ლისტში“, სამხრეთ კორეაში. ასევე გავხდი ერთ-ერთი გამარჯვებული „საბავშვო წიგნის იდეის“ კონკურსში.

თქვენი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო ფრანკფურტის ბაზრობაზეც . . .

ვარ ორგანიზაცია „კონტაქტის“ თანადამფუძნებელი. სახელოსნო „ილუსტრატორთან“ ერთად, 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, „საქართველო საპატიო სტუმრის“ პროგრამის ფარგლებში, წარვადგინეთ პროექტი „წიქარა – მუზეუმი მუზეუმში“. ნამუშევრები ფრანკფურტში, „შტრუველპეტრის მუზეუმში“ იყო გამოფენილი.

„წიქარა – მუზეუმი მუზეუმში“, ავტორი – ხატია ჩიტორელიძე
„წიქარა – მუზეუმი მუზეუმში“, ავტორი – ხატია ჩიტორელიძე
„წიქარა – მუზეუმი მუზეუმში“, ავტორი – ხატია ჩიტორელიძე

სამომავლო გეგმებზე რა შეგიძლიათ, გვითხრათ?

წელს ჩავაბარე მაგისტრატურაზე იტალიის უნივერსიტეტში IED Istituto Europeo di Design, ფლორენციაში, გრაფიკული დიზაინის მიმართულებით და ვცდილობ, დაფინანსება მივიღო. გარდა ამისა, ვთანამშრომლობ გამომცემლობა „არტანუჯთან“ ქართული ხალხური ზღაპრების ანთოლოგიის ილუსტრაციებზე.

20%-დან 80%-მდე თანხის დაზოგვა? ვის არ უნდა!

Will.i.am-ის მიერ შექმნილი ნიღბის შეძენა 299 დოლარად შეგეძლებათ!