„ხატია კომუნიკაცია“ პიარსააგენტოა, რომელიც 2016 წლის მაისში დაარსდა და რომლის მისიაა, დაეხმაროს კომპანიებს, იყვნენ გამორჩეულები ბაზარზე. სააგენტოს დამფუძნებელი ხატია ოძელაშვილია, რომელმაც განათლება და გამოცდილებები საზოგადოებასთან ურთიერთობაში, ოტავაში, “Algonquincollege-ში“ მიიღო. მარკეტერი ესაუბრა ხატია ოძელაშვილს სააგენტოს ბრენდინგსა და მომსახურებაზე.

M: ხატია, ბრენდინგზე ვინ იმუშავა და როგორ მიხვედით საბოლოო ვერსიამდე?
რა თქმა უნდა, ჩემი კომპანიის ბრენდინგზე, კომპანიის დიზაინერთან ერთად, თავად ვიზრუნე. სახელი, პირადად, ჩემთან დავაკავშირე, რადგან ადამიანების ამბები იწვევს ცალკე ინტერესს. კომპანიის მწვანე შევარჩიეთ იმის გამო, რომ ის ზრდასთან, ახალი იდეების განვითარებასთან, ჰარმონიასთან, თანამედროვეობასთან, სანდოობასა და სიძლიერესთანაა დაკავშირებული. რაც შეეხება ლოტუსს, ის რთულ პირობებში ყვავილდება და გარემოს ალამაზებს. თეთრი ლოტუსი დაკავშირებულია დახვეწილობასთან, წარმატებასთან, შემოქმედებითობასა და პროგრესთან. ჩვენს ლოტუსს თორმეტი ფურცელი აქვს, ესეც სიმბოლურია. თორმეტი მიუთითებს სრულყოფილობაზე.

M: რა გამოარჩევს „ხატია კომუნიკაციას“ საქართველოში არსებული სხვა პიარსააგენტოებისგან?
თუ წარმატებული სარეკლამო სააგენტოების უმეტესობა, ძირითადად, რეკლამების, კერძოდ, კი სატელევიზიო რეკლამების დამზადებაზე მუშაობს, რაც საკმაოდ დიდ თანხებზე ადის, ჩვენ ფოკუსს თავად პიარზე ვაკეთებთ. კომუნიკაციის სფეროში ხანგრძლივმა გამოცდილებამ მაჩვენა, რომ სარეკლამო ბიუჯეტი აღემატება პიარკამპანიის ბიუჯეტს, თუმცა შედეგების თვალსაზრისით, ცნობილია, რომ რეკლამაზე მეტად სწორად განხორციელებულ პიარს აქვს ეფექტი.
M: რომელ კომპანიებთან გითანამშრომლიათ?
„ხატია კომუნიკაცია“ თანამშრომლობს როგორც სტარტაპებთან, ასევე დიდი ისტორიის მქონე კომპანიებთან თბილისსა და რეგიონებში. მაგალითად, რესტორანი „დადიანის“ ბრენდინგზე ჩვენ ვიმუშავეთ. ჩვენი მისია იყო, ხალხს ბრენდის ელეგანტურობა, ტრადიციულობა და დახვეწილობა, ქართულობა და ევროპულობა ერთი თვალის შევლებით შეეგრძნო.















